რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს

რისი რცხვენია ინგა გრიგოლიას და რა მისწერა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტს

"ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს. ოცნებების სამყაროში ცხოვრობს. მუდმივად პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის მერყეობს. მისთვის იუმორი, ერთ-ერთი ფარული საბრძოლო იარაღია; ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი. ძალზე მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება იოლია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ზოდიაქოს ნიშანია. ინგა ამბობს, რომ ერთი პერიოდი ასტროლოგიით იყო დაინტერესებული და პირადი ჰოროსკოპიც აქვს შედგენილი.

ჟურნალისტის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება: 3-წლიანი განშორების შემდეგ ის მაყურებელს ახალი გადაცემით უბრუნდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარტის ბოლოდან გავა.

- გადაცემას 3 სავარაუდო სახელი აქვს, არჩევანი კი ჯერ არ გამიკეთებია. კონტრაქტს ხელი დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 15 თებერვალს. - ავტ.) მოვაწერე. მაყურებელთან მონატრებული შეხვედრა მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში მოხდება. ეთერს მიღმა გატარებული 3 წლის მანძილზე დავრწმუნდი, არ არსებობს თანამდებობა, სამსახური, რომელიც ჩემთვის ტელევიზიაზე ძვირფასია. შარშან ვერ დავისვენე, ამიტომ ხვალ მეგობრებთან ერთად 5 დღით, დუბაიში მივფრინავ, იქიდან დაბრუნებული კი - საქმეზე გადავერთვები.

- ვინ არის დღეს ინგა გრიგოლიასთვის ყველაზე საინტერესო რესპონდენტი?

- ასეთი ძალიან ბევრია. ბიძინა ივანიშვილს არასდროს შევხვედრივარ, მხოლოდ ეკრანზე მყავს ნანახი. მასთან ინტერვიუ საინტერესო იქნება. სიამოვნებით ჩავწერდი საქართველოს პრეზიდენტს, რომელთანაც 9-წლიან მმართველობაზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებდი.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, ასტროლოგთა დახასიათებიდან რა ემთხვევა შენს ხასიათს და რა - არა. თევზები ოცნებების სამყაროში ცხოვრობენო, - ეს მართალია?

- ჩვენ ცნობილი მეოცნებეები ვართ. სხვათა შორის, ყოველთვის ამსრულებია ის, რაზეც ყველაზე მეტად ვოცნებობდი.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ჩემს ცხოვრებაში პესიმიზმიც იყო, მაგრამ პროფესიამ გამომაწრთო, ოპტიმისტი გამხადა. მომზადებული გადაცემების კვალდაკვალ ვისწავლე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, შუალედური განცდები არ მახასიათებს. საოცარია, მაგრამ ჩემდამი ადამიანების დამოკიდებულებაც არ არის შუალედური: ან დადებითია, ან მკვეთრად უარყოფითი.

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს..."

- ეს მართალია, - კუდიანივით ვარ, მოსალოდნელ ამბავს ვგრძნობ. ზოგჯერ, კარგ ხასიათზე მყოფი, უეცრად ცუდად ვხდები, ქვეცნობიერი ბორგვა მეწყება. მეგობრებისთვისაც არაერთხელ მითქვამს, გული რაღაცას მიგრძნობს-მეთქი და ის "რაღაც" აუცილებლად ხდება. გამორიცხულია, წინათგრძნობამ მიმტყუნოს.

- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება იოლია".

- ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელი ვარ, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ ეს კარგი თვისებაა. ჩემი ცხოვრება მუდამ აფიშირებულია. მოითხოვენ, ყველას ანგარიში ჩავაბარო, ეს კი ხშირად მაღიზიანებს.

- "უანგარო სიყვარული შეუძლია. სიყვარულის მწვავე მოთხოვნილების გამო, შესაძლოა, გარყვნილებას მიეცეს".

- ანგარებიანი სიყვარული მართლა არასდროს მქონია. სიყვარულში თავგზააბნეული ქალი ვარ. არასდროს ვფიქრობ, ურთიერთობა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს. უფრო მეტიც - არ მესმის, როცა სიყვარული იწყება, შედეგზე რატომ უნდა იფიქრო. ემოციებს ვყვები. არ ვთვლი, რომ გარყვნილი ადამიანი ვარ. სიყვარულის დეფიციტი არასდროს მქონია.

- ახლა შეყვარებული ხარ?

- ახლაც შეყვარებული ვარ. საერთოდ, გასული წლებიდან არ მახსენდება პერიოდი, სიყვარულის გარეშე რომ მეცხოვროს. ოდესმე ასეთი ეტაპი თუ დამიდგება, ვიტყვი, რომ დავბერდი (იცინის).

- საზოგადოებისთვის შენი რჩეულების ვინაობა ნაკლებადაა ცნობილი. ამის დაფარვას როგორ ახერხებ?

- ადამიანთან ჩემი ურთიერთობა საჯარო რომ გავხადო, ის მთელი ქვეყნის განსჯის საგნად იქცევა. ბევრი რომანი არც მქონია, სულ სამჯერ ვიყავი შეყვარებული. ერთი შემთხვევის გარდა, რომანი პოპულარულ კაცთან არც მქონია. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს და მათთან ერთად ხშირად "ვმოძრაობ", ხშირად ვარ შეყვარებულთან ერთადაც, მაგრამ ამის აფიშირებას არ ვახდენთ. არ მინდა, მისი ფოტო ჟურნალების გარეკანზე დაიბეჭდოს, მისი წარსული გაიჩხრიკოს. მოკლედ, ამ ურთიერთობას ძალიან ვუფრთხილდები... საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბის ჩემი შვილი - მარიამიც; როცა ურეკავენ და ამა თუ იმ გადაცემაში მონაწილეობას სთავაზობენ, უარს ამბობს.

- "მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია. ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- მტირალა ვარ. ვერ ვისწავლე, რომ ყველაფერზე ტირილი არ შეიძლება! კრიტიკულ სიტუაციაში იუმორით ჩემთვის არასასურველი მდგომარეობა დამიფარავს, მაგრამ ხშირად, ამასაც ვერ ვახერხებ.

- "ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების სურვილს".

- ალბათ კარგი მოთამაშე ვარ, მაგრამ შეჯიბრების სურვილი ნაკლებად მაქვს. ისე, ეს კარიერის დასაწყისში უფრო მეტად მქონდა, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს კი არ ვეჯიბრებოდი, არამედ რეიტინგების გამო ვიყავი დატანჯული. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ რეიტინგს კი არ უნდა ვუყურო, არამედ საქმეს უნდა მივხედო.

- "იშვიათად ცრუობს და მაშინაც, მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- რამდენიმე დღის წინ ჩემს მობილურ ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შემოვიდა. მამაკაცი იყო. მითხრა, - ინგა მინდაო. - მე ინგას და ვარ და რა გადავცე-მეთქი? - ვიცრუე, რადგან ლაპარაკი მეზარებოდა. - ჯანსუღი ვარ, ჩარკვიანიო. ეს რომ გავიგე, მოვუბოდიშე: ბატონო ჯანსუღ, ინგა ვარ, ვერ გიცანით და მოგატყუეთ-მეთქი. აი, მხოლოდ ასეთ უწყინარ ტყუილებს ვამბობ. საერთოდ, მატყუარა ადამიანები არ მიყვარს... კახური პირდაპირობა მახასიათებს. ეშმაკ ადამიანებს ლავირება შეუძლიათ, მე - არა.

- "ძალიან მკაცრია და იშვიათად მიდის დათმობაზე".

- ძალიან მკაცრი ვარ, განსაკუთრებით - საქმის კეთების დროს. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც ჩემთან უმუშავია.

- "მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შვილებს გადამეტებული სიმკაცრითაც ეპყრობა".

- მკაცრი დედა ვარ, მაგრამ მე და მარიამმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. მისთვის ჩემი სიტყვა კანონი თუ არა, ანგარიშგასაწევი მაინც არის. მარიამისთვის დამიშლია გარკვეულ ადამიანებთან ურთიერთობა, სადღაც წასვლა... ჩემმა სიმკაცრემ მას ცუდი არაფერი მოუტანა.

- "არ უყვარს კამათში ჩართვა. მხოლოდ მათთან საუბრობს, ვისაც პატივს სცემს".

- უაზრობად მიმაჩნია, ადამიანს უმტკიცო ის, რისიც არ სჯერა. ძალიან იშვიათად კი არა, თითქმის არასდროს ვკამათობ.

- "სხვათა კარგად ყოფნისთვის დაუღალავად იღვწის. უფრო მეტიც, ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების მოწყობაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავს".

- თუ ძალიან უხერხული არ იქნება, დაგეთანხმები. მაქვს პასუხისმგებლობა გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ - მხოლოდ შვილს და ოჯახის წევრებს კი არა, მეგობრებს, ახლობლებს ვგულისხმობ...

- "მისთვის სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არ არის".

- ასეა! შეიძლება, ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი იყოს, მაგრამ თავი მარტო ვიგრძნო. ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა კარგია.

- დაშვებულ შეცდომებზე ხშირად ფიქრობ?

- ამაზე არასდროს ვფიქრობ. ვიცი, მომავალშიც არაერთ შეცდომას დავუშვებ. შეიძლება, ჩემი შეცდომა სამეგობრო წრეში საჭორაო გახდეს, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჭკუას საკუთარ შეცდომებზე სწავლობს... აი, საქმეს კი განსხვავებულად ვუდგები. წინასწარ ბევრ რამეზე ვფიქრობ. ვაღიარებ, კარგი ეთერიც მქონია და სამარცხვინოც. ის გადაცემა, რომელშიც სტუმრად კახა ბენდუქიძე მყავდა, დღემდე მაწუხებს; მრცხვენია, რადგან ეკონომიკურ საკითხებში ძლიერი რესპონდენტი მოვიწვიე, მე კი მის დასახვედრად სათანადოდ არ მოვემზადე. ბენდუქიძეს ჩემს ახალ გადაცემაში აუცილებლად მოვიწვევ, რადგანაც ერთ-ერთი მაღალრეიტინგული და საინტერესო რესპონდენტია. მას დიდ პატივს ვცემ. ბატონ კახასთან შესახვედრად გაასმაგებული ძალით მოვემზადები. ახლახან "მაესტროში" ჰქონდა შეხვედრა სხვა ჟურნალისტებთან. ეთერის დასრულების შემდეგ მივწერე: ვაიმე, ვაიმე, ჩემი უბედური გადაცემა გამახსენდა-მეთქი.

- რა გიპასუხათ?

- ღიმილები გამომიგზავნა და მომწერა: რით ვეღარ დაივიწყე, ყველაფერი წინ არისო!..

- მიგაჩნია თუ არა, რომ პოლიტიკაში შენი წასვლაც შეცდომა იყო?

- არა, ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ადამიანურად ვერ გავუძელი იმ აგრესიას, რაც ჩემ მიმართ გაჩნდა. ქართველი ხალხი განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნას იშვიათად გაპატიებს. არანაირი თანამდებობა არ მიღირდა იმად, რომ ადამიანებს ველანძღე. ხალხის აგრესიას ქუჩაშიც ვგრძნობდი.

- პოლიტიკოსების მხრიდანაც გრძნობდი აგრესიას?

- არა. ეს ნამდვილად არ მომხდარა... გლდანის ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მქონდა უსიამოვნო ინციდენტი: ვიღაც ქალმა საშინლად გამომლანძღა.

- მაშინ ამბობდნენ, - ინგა მონასტერში წავიდაო.

- მონასტერში ისედაც ხშირად დავდივარ. მაშინ 2 დღით დედაოებთან წავედი.

- "ფულისა და მატერიალური დოვლათის შეგროვების განსაკუთრებული სიყვარული არ ახასიათებს; ცხოვრებისთვის საარსებო მინიმუმითაც კმაყოფილდება".

- საშინელი მფლანგველი ვარ. ჩემს ხელფასზე ლეგენდები დადიოდა, ასტრონომიულ თანხებს ასახელებდნენ. მაღალი ხელფასი თუ გაქვს, ეს ცუდი რატომ არის? ჩემს გადაცემაში მინიმუმ, 20-წუთიანი რეკლამა იყო. მაშინდელი ტარიფით, თითო წუთი 3.500 დოლარი ღირდა. რომ გადაიანგარიშო, მიხვდები, არხისთვის რამხელა შემოსავალი მომქონდა და ვერ ვხვდები, მაღალი ხელფასი რატომ არ უნდა მომეთხოვა?! ვფიქრობ, ამაში დასაძრახი არაფერია. ყველა ნორმალური ადამიანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები