დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"

დავით ქაცარავა: "ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა"

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანების - სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლებას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. მართალია, უმრავლესობა ამბობს, რომ ელტონ ჯონის მიმართ პირადი მოსაზრების დაფიქსირების გამო, წამყვანებმა ჟურნალისტური ეთიკა დაარღვიეს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სამსახურიდან მათი გათავისუფლების მიზეზი ეს არ უნდა გამხდარიყო. როგორც გაირკვა, ხალხს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის ზედმეტად აფიშირება და გარყვნილების პროპაგანდა აწუხებს...

სალომე გოგიაშვილი:

- რთულია იმუშაო ისეთ პირობებში, როცა ტელეკომპანიის მხრიდან სრულიად დაუცველი ხარ... იმის ნაცვლად, რომ კომპანიას ჩვენი უფლებები დაეცვა, სამსახურიდან გაგვათავისუფლა... არადა, დილის ეთერში სიხარულით ვერ შევხვდებოდი იმას, რომ ერთსქესიანმა ოჯახმა კიდევ ერთი ბავშვი იშვილა და რომ შესანიშნავია ერთსქესიანი ქორწინება...

დავითი ქაცარავა:

- გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების (მაგალითად, "იდენტობა") აქტივობამ და ტელეკომპანია "იმედის" მენეჯმენტის პოზიციამ საზოგადოებასა და მედიასივრცეში არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია. "იმედის" ტოპმენეჯერმა, გია ბახტაძემ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი ეთერში არგაშვების შესახებ... ამასთან, გაურკვეველია ჩვენი შრომითი ურთიერთობაც ტელეკომპანიასთან. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, დღემდე არ არსებობს შრომითი კონტრაქტი ჩვენსა და ტელეკომპანიას შორის... ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, რაც ჟურნალისტის საქმიანობაზე პირდაპირი და უხეში ზეწოლაა. არ გამოგვითქვამს მოქმედ კანონმდებლობის და საზოგადოებაში არსებული მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო აზრი. ვფიქრობ, უხეშად დაირღვა ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების უფლებები. სამწუხაროა, რომ "იმედი" მხარს უჭერს საზოგადოებისთვის მკვეთრად მიუღებელ აზრებსა და შეხედულებებს... პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ამგვარი კომენტარის გამო ჟურნალისტს სამსახურიდან ითხოვენ და მინდა, ეს ფაქტი უკანასკნელიც იყოს.

რას ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები

მაია, 29 წლის:

- თუკი ობოლი, უნარშეზღუდული თუ არაბიოლოგიურ მშობლებთან გაზრდილი ბავშვი შემებრალება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მშობლებს შეურაცხყოფას ვაყენებ ან ვინმეს დისკრიმინაციას ვახდენ. ბუნებრივია, რომ ნორმალურ ადამიანს ორი "დედის" ან ორი "მამის" ხელში გაზრდილი ბავშვიც შეებრალოს. შეიძლება, ობოლი არანაკლებ კარგი ადამიანი გაიზარდოს, ვიდრე - სრულფასოვან ოჯახში დაბადებული, მაგრამ ბავშვი მშობლების დანაკლისს გულის სიღრმეში მაინც განიცდის და იტანჯება - დედის სითბო და მამის ზრუნვა ყველამ უნდა იგრძნოს. შესაბამისად, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლება სავარაუდოდ, მხოლოდ მიზეზი იყო და არხის ხელმძღვა-ნელობას მათი მოცილება უნდოდა ან ხელმძღვანელები არასწორად უმეცრებისა და არაპროფესიონალიზმის გამო მოიქცნენ: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თანამშრომლები დაეცვათ და გვერდში დასდგომოდნენ, არჩიეს, "რომის პაპზე უფრო კათოლიკეებად" გამოჩენილიყვნენ და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, თანამშრომლები დაადანაშაულეს და სამსახური დაატოვებინეს. ახალმა "იმედმა" იმედი გაგვიცრუა...

თამო, 20 წლის:

- თითქოს ყველა ამბობს, - მთავარია, ადამიანი თავის საქმეში მაგარი იყოს და ლოგინში ვისაც რა უნდა, ის ქნასო, - მაგრამ ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ისეთი ადამიანებისგანაც მსმენია, რომლებიც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დისკრიმინაციით თავს იმცირებენ... ბოლოს და ბოლოს, ადამიანების უფლებაა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყვნენ და თუნდაც შვილი ჰყავდეთ. მცირედი შეცდომის გამო ცოტა ხნის წინ პოსტი "ბიბისის" თანამშრომლებმაც დატოვეს. ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანია და რასაკვირველია, შეცდომებს უშვებს, მაგრამ ამით სხვის ღირსებას არ უნდა ლახავდეს. საქართველოში, ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ასეთი გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ...

- სასიამოვნოდ გაოცებული?

- არა. წამყვანების გათავისუფლება არ მიხარია. არ მიმაჩნია, რომ სალომემ და დათომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლებას იმსახურებდნენ.

დავითი, 25 წლის:

- გარდატეხის პერიოდში, მოზარდზე კონკრეტული ფაქტები დიდ გავლენას ახდენს. თუ ჰომოსექსუალიზმს "გააპიარებენ", გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოებაში გარყვნილების ეს ფორმა უფრო გავრცელდეს. მიმაჩნია, რომ სალომე გოგიაშვილსა და დავით ქაცარავას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ და ამ მიზეზით სამსახურიდან მათი გათავისუფლება აბსურდია. დღეს ჰომოსექსუალები ძალზე მომრავლდნენ. თავის დამკვიდრებას ცდილობენ, რასაც სასტიკად ვეწინააღმდეგები. მათ უფლებებს ზედმეტად რატომ იცავენ? ჰომოსექსუალიზმი ჩვენს მენტალიტეტსა და ზნეობაში არ "ჯდება"... ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის გაჩნდნენ. ჰომოსექსუალიზმი საქართველოში გარყვნილებად მიგვაჩნია (და ასეც არის), ხოლო სხვა ქვეყნებში რაც უნდათ, ის ქნან - ყველამ ჩვენ-ჩვენს სამშობლოს მივხედოთ...

გოგა, 38 წლის:

- ელტონ ჯონის შვილი საბრალო თუნდაც იმიტომ არის, რომ მომავალში, შეიძლება, "ჰომოფობებს" მისთვის ოჯახური მდგომარეობის გამო დაეცინათ. ვითომ ე.წ. "ჰომოფობიური" განცხადების გამო, სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლება "თითიდან გამოწოვილი" მიზეზი მგონია. ისე, დავით ქაცარავამ რომ იცოდეს, ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში "ცისფერები" როგორ სასურველ მამაკაცად მიიჩნევენ, ბევრად უფრო ჰომოფობიურ განცხადებას გააკეთებდა და დაცვასაც აიყვანდა (იცინის)... საქართველოში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებები მართლა ირღვევა თუ არა, ეს სხვა საკითხია: ჰომოსექსუალიზმს ოჯახი ანუ ოჯახური გარემო, საზოგადოება და აღზრდა აყალიბებს. ზოგადად, ეს ჩვეულებრივი გარყვნილებაა, ოღონდ - უფრო საზიზღარი გამოვლინებებით. ხშირად ტელევიზიით, პრესითა და ინტერნეტით ჰომოსექსუალიზმზე მცდარი წარმოდგენები ვრცელდება: თითქოს ეს ჰორმონული დარღვევებითაა გამოწვეული ან გენეტიკურია და ჰომოსექსუალები ფიზიოლოგიურად სხვაგვარად განვითარებულები არიან. ეს აბსურდია. თან, ავტორები ინფორმაციის წყაროს მითითებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. მსგავს დასკვნებსა და ნაშრომებზე 2-3 კომპეტენტური პროფესორის დასკვნა აუცილებელია... სინამდვილეში, ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური გადახრაა.

სქესობრივი ურთიერთობის ეს გარყვნილი ფორმა შესაძლოა, ჩემთვის და სხვებისთვის მიუღებელი გახლავთ, მაგრამ სანამ თავად ჰომოსექსუალების "ლოგინის" ფარგლებს არ გასცდება, სექსუალური უმცირესობის უფლებები ვერ დაირღვევა. სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების განსხვავებას არავინ ცდილობს. სხვადასხვაგვარი ანგარების გამო, ამას თვითონ ჰომოსექსუალები აკეთებენ... მაგალითად, პირადად მე, ქერა, დიდმკერდიანი ქალები მომწონს. ამის აფიშირებისთვის ეკლესიასთან ან სკოლასთან ახლოს, ქუჩაში აღლუმი უნდა მოვაწყო? ცხადია, ვინმე ჩემი ამ "უფლების" სამართლიანად ხელყოფას ეცდება. ეს მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ ასეთი ინტიმური თემების ასე საჯაროდ განხილვა, მორალის ყოველგვარ ფარგლებს სცილდება - უზნეობაა! თუ ჰომოსექსუალებს ქუჩაში აქციების მოწყობის უფლება აქვთ, ზოოფილებმა, ნეკროფილებმა, ინცესტის ჩამდენებმა და თუნდაც პედოფილებმა რა დააშავეს?! ესეც ხომ "ჩვეულებრივი" გადახრებია? არჩევანის უფლება ხომ მათაც აქვთ? ბარემ ონანისტებიც გამოვიდნენ და თავიანთი უფლებები დაიცვან!.. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც და ზოგადად, მსოფლიოში არამწეველების და ვეგეტარიანელების უფლებები უფრო ირღვევა, ვიდრე - ჰომოსექსუალების: სახლის გარეთ, რესტორანსა თუ ტრანსპორტში ადამიანს სუფთა ჰაერით სუნთქვის და თავისი დიეტით გათვალისწინებული საკვების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ, ჰომოსექსუალებს კი ხალხის დასანახავად სქესობრივი აქტების ჩატარება არ სჭირდებათ. შესაბამისად, არც მათი იდენტობა უნდა იქნას წარმოჩენილი.

გიორგი ნუსხელაძე, სოციოლოგი:

- სრულიად გაუგებარია, წამყვანებს ჰომოფობიობაში ბრალს რატომ სდებენ? მათი განცხადება ჰომოფობიური არ იყო, პირიქით - შეიძლება, ბავშვის უფლებების დასაცავად გამოხატული აზრი გახლდათ. გარდა ამისა, გაუგებარია, საქართველოში ელტონ ჯონის უფლება როგორ ირღვევა? მგონი, ელტონმაც კარგად იცის, რომ ყველას ვერც ეყვარება და მსგავსი შეფასებები თავის ქვეყანაშიც იქნება. ხალხის დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ მაინც არასახარბიელოა. ასაკს, განათლებას, განვითარებას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ, ბევრი მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ქცევა გამაღიზიანებელია. ალბათ, ეს გამოთქმა გაგიგონიათ, - "შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი". თუ ჰომოსექსუალებს აზრის გამოხატვის, რაღაცების და ვიღაცების მიმართ დამოკიდებულების აფიშირების სრული უფლება აქვთ, რატომ არ შეიძლება, მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეც გამოვხატო?! განა ისინი ადამიანები არ არიან?! მგონი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უბრალოდ, ხანდახან ასეთი ფაქტები "აწყობთ", რომ საზოგადოებაში პოპულარობა არ დაკარგონ. მიმაჩნია, რომ დღეს მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ ძალიან - არა, რადგან საკუთარი ორიენტაცია ყველას გამომჟღავნებული არ აქვს. თუკი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობა ხორციელდება, ამის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება: საკუთარი ორიენტაციის შესახებ ყვირილი და აფიშირების პროპაგანდა შუა ქუჩაში საჭირო არ არის და ესთეტიკური კუთხითაც გაუმართლებელია. მგონი, ლოგიკური იქნება, რომ 9 მთას იქით მყოფი ელტონ ჯონი ქართველების სამსახურიდან გაშვების მთავარი "უფროსი" არ იყოს.

გიორგი ქველიაშვილი, GLC გრუპის იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი, სალომე გოგიაშვილისა და დავით ქაცარავას ინტერესების დამცველი:

- სამართლებრივი თვალსაზრისით, წამყვანების კომენტარის შედეგად არავის უფლება არ შელახულა. ამით მათ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოხატეს. საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი აღიარებულია, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. არათუ ჰომოსექსუალთა წყვილის რეგისტრაციაზე არ არის ჩვენთან ლაპარაკი, მით უფრო, ბავშვის შვილად აყვანა წარმოუდგენელია.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის" წევრი:

- არსებობს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ეს კანონი ლიბერალურია, ბევრის უფლებას აძლევს ჟურნალისტებსა და ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ პარალელურად, არსებობს ეთიკის ნორმები, რომლებიც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია და იგივე ძალა აქვს, როგორიც კანონს. კანონისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ეთიკა ნებაყოფლობითია. ყველა ორგანიზაციაში შეთანხმება ეთიკური ნორმების შესახებ საკუთარ თანამშრომლებთან წინასწარ უნდა მოხდეს. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" დიდი წვლილი შეიტანა მსგავსი თემების მიმართ მგრძნობელობის გაზრდის საქმეში. ეს ინციდენტიც ამის დადასტურებაა, რადგან ადრე ამისთვის შეიძლება არავის მიექცია ყურადღება. სხვა თემაა, როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს აპატიებენ და მეორეს - არა. ეს ნიშნავს, რომ ეთიკის ნორმებს თანამშრომლებზე შერჩევით ავრცელებენ. ჟურნალისტის საქმიანობაზე ზეწოლად მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სხვა ჟურნალისტს ამას მიუტევებენ და მივხვდებით, რომ სხვების გაშვება სამსახურიდან სხვა მიზეზით მოხდა.

რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი:

- თუ პიროვნება მხოლოდ საკუთარ აზრს გამოთქვამს და ის არ შეიცავს მოწოდებას შუღლის, აგრესიის ან დანაშაულის ჩადენისაკენ, მხოლოდ აზრის გამოთქმის გამო, რომელიც მით უმეტეს, ბავშვის შეცოდებას ეხება, არ უნდა მოხდეს ადამიანის ადმინისტრაციული დევნა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ბავშვი ცოდვაა. ბავშვი, რომელსაც ერთი მშობელი მაინც აკლია, უკვე საბრალოა და ამ დისბალანსის კომპენსირებას მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, ბავშვები, ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები არიან. წარმოიდგინეთ მათი რეაქცია იმ თანატოლის მიმართ, რომელსაც ორი მამა ჰყავს. ის მუდმივად მძიმე დარტყმის ქვეშ იქნება, რომელიც ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა. ხსენებულ კომენტარებზე ადმინისტრაციული რეაგირება, ვფიქრობ, არაადეკვატურია, რადგან დაინტერესებული პირი არ ჩანს - არა მგონია, არც წამყვანების კომენტარს და არც მათი გათავისუფლების ამბავს ელტონ ჯონის ყურამდე მიეღწია. რაიმეს მოწონება-არმოწონების გამო არ შეიძლება ვინმე სამსახურიდან გაათავისუფლონ. აუცილებელია, ჰომოსექსუალი მოგწონდეს? მე, მაგალითად, არ მომწონს, რასაც ხმამაღლა ვაცხადებ. თუკი ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ და გამოთქვან საკუთარი პოზიცია, რატომ არ აქვს გამოხატვის უფლება სხვა პოზიციის მქონე ადამიანს?! გამოდის, დისკრიმინაცია ჰეტეროსექსუალების მიმართაა გამოხატული და არა ჰომოსექსუალების. ადმინისტრაციული დევნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ჰეტეროსექსუალების მიმართ გამოვლინდა...

ეთო ყორღანაშვილი

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები