წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი

წყნარი, დარბაისელი და ყველას შემწე დავით კლდიაშვილი

ბათუმში რუსეთის ჯარის ოფიცერ დავით კლდიაშვილს უბრძანეს, ქართველი აჯანყებულებისთვის ესროლა, მან კი მეფის ბრძანება არ შეასრულა და თავის რაზმს სროლა აუკრძალა. ამას დიდი მწერალი ბედისწერას უმადლოდა: მოგვიანებით, ქებით ალეწილმა და შეცბუნებულმა, ტაშის გრიალში გულწრფელად განაცხადა, - არავითარი გმირობა არ ჩამიდენია, ბედისწერისგან შებრალებული აღმოვჩნდი, ბედნიერი იმათთან შედარებით, რომლებიც უნებურად ხდებიან საშინელი დამნაშავენი ხალხის წინაშეო...

"ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად სწორედ ამ დიდი ადამიანისა და დიდი მწერლის ორტომეულს გთავაზობთ. დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები განუწყვეტლად იდგმება ქართული და უცხოური თეატრების სცენებზე, მათი ეკრანიზაციებიც არსებობს და რაც მთავარია, ეს ნაწარმოებები ყველა თაობას უყვარს, ამიტომაც დავით კლდიაშვილი მუდამ თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე ბევრს დაუწერია და დაწერს კიდეც, ცხოვრებასა და მოღვაწეობას კი მისმა ვაჟმა, ასევე მწერალმა, სერგო კლდიაშვილმა წიგნიც მიუძღვნა.

ამჟამად, მწერალს მისი თანასოფლელებისა და ახლობლების მოგონებებით "გავაცოცხლებთ". როგორი იყო და რა უყვარდა, კარგად ჩანს სოფელ სიმონეთში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულ ჩანაწერებში. სახლ-მუზეუმის ფონდების მცველი, მადლენა აბესაძე რამდენიმე ადამიანის მოგონებას იხსენებს:

- დავით კლდიაშვილის ახლო მეზობელი, სიმონეთის კოლორიტი კონსტანტინე (კოწია) დოღონაძე, რომელიც მუზეუმის გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე აქ მსახურობდა მცველად, პირადად იცნობდა დავითს. თვითონ კოწიას კი იცნობდა მთელი ინტელიგენცია, რომელიც დავითის შვილებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე მუზეუმს, რადგან ყველას მასპინძელი ის გახლდათ. კოწია ჰყვებოდა, რომ პატარაობიდანვე ახლოს იყო დავით კლდიაშვილის ოჯახთან და მისი ცხოვრების ბევრი ეპიზოდიც ახსოვდა. მის მოგონებაში წერია, რომ დავითი მუდამ წყნარი, დარბაისლური ქცევით, ყველას სიყვარულს იმსახურებდა. მასთან მეზობლები ძალზე მორიდებულნი იყვნენ - დავითის ეზოსთან ჩავლისას ხმამაღლა თითქმის არავინ დაილაპარაკებდა. დავითმა დილით, გვიან იცოდა ადგომა. მეუღლე - ქალბატონი მაშო დიდი პატივისცემით ექცეოდა. ცხელ საუზმეს მოუმზადებდა, დესერტად კი აუცილებლად საყვარელ სასმელს - ჩაის მიართმევდა. საუზმის შემდეგ, თუ კარგი ამინდი იყო, დავითი ეზოში გაივლ-გამოივლიდა და შემდეგ მისთვის საყვარელ ადგილს, სახლის ფართო "ბალკონს" (ასე ეძახდნენ ხის სახლის მთელ სიგრძეზე გაკეთებულ აივანს იმერეთში) მიაშურებდა. ჩაჯდებოდა თავის სავარძელში და კითხულობდა წიგნს. ერთი სიტყვით, მას წიგნის გარეშე ვერ ნახავდით. როცა ვინმეს ელაპარაკებოდა, მაშინაც კი წიგნი ეჭირა ხელშიო.

თურმე, დავითი დიდი იმედი და მომხმარე იყო მეზობლების. ყოველ გაჭირვებულს ხელს უმართავდა და უარით არავის გაისტუმრებდა. შიმშილობის დროსაც ბევრჯერ დახმარებია თანასოფლელებს. ვაგონით რამდენჯერმე შემოგვიტანა სიმინდი სადგურ რიონშიო, - იხსენებს კოწია დოღონაძე. - დავითი დიდ ყურადღებას იჩენდა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისადმი. დიდად ვართ დავალებული მისგან. უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, როცა ცელქობით ფეხი მოვიტეხე თეძოში. ადგილზე მშველელი არავინ იყო. ერთ დღეს დავითს მამაჩემისთვის უკითხავს, - სად არის კოწია, აქ ვეღარ ვხედავო? როცა ჩემი მდგომარეობა გაიგო, იმ დღესვე თბილისში წასასვლელად მოემზადა. სადგურ სვირამდე ურმით გამიყვანეს და მატარებლით ჩამიყვანეს თბილისში. დავითმა საავადმყოფოში მომათავსა და ყველა ხარჯი თვითონ იკისრა. ოპერაცია გამიკეთეს და მართალია დავკოჭლდი, მაგრამ დიდად მადლობელი ვარ დავითის. ის რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო. დავითი რომ გარდაცვლილა, კოწია დოღონაძე 20 წლის ყოფილა. ჰყვება, - თბილისიდან ჩამოვიდნენ განათლებული ადამიანები და დავითის ცხედრის თბილისში წასვენება გადაწყვიტეს. ძალზე ცუდი ამინდი იყო, - წვიმა და საშინელი ტალახი, სოფლის ორღობეებში ვერ გაივლიდი. თბილისიდან ჩამოსულებმა მიცვალებულის წასასვენებლად ურემი მოითხოვეს, მაგრამ ამას როგორ ვიზამდით დავითის მეზობლები, მის ხელში გაზრდილი ახალგაზრდები! დავითის ცხედარი ბეჭით გავიტანეთ სადგურ სვირამდე, იქიდან კი მატარებლით წაასვენესო...

კოწიას ბევრი მოგონებაა შემონახული მუზეუმში. ის იხსენებს დავითის მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდა ვაჟკაცს, ნოე სირბილაძეს, რომელსაც ფსიქიკური გადახრა ჰქონდა: ერთხელ, სახლის გადახურვისას, ნოე სახურავიდან გადმოხტა და ღრიალით დარბოდა ეზოში. დაიჭირეს, მაგრამ ვერ დააწყნარეს, ამიტომ თოკით გაკოჭეს. მეორე დღეს გამოკეთდა ნოე, მაგრამ მალევე იგივე დაემართა. იმხანად რა უნდა ეწამლათ და გამოულოცეს, მაგრამ ამაოდ. თვეების განმავლობაში ნოე სახლის დედაბოძზე ჰყავდათ მიბმული, თუმცა ზოგჯერ ხელების გახსნას ახერხებდა და გარბოდა. მერე მთელი სოფელი დასდევდა, იჭერდნენ და ისევ დედაბოძზე აბამდნენ. ერთხელაც, ასე გაქცეული ნოე დავითის სახლში შევარდა. დადევნებულები ჭიშკართან შეჩერდნენ - დავითის სახლში შესვლის მოერიდათ. დავითი საწერ მაგიდას უჯდა, ნოე რომ შევარდა ყვირილით: ბატონო დავით, მიშველეთ, მომდევენო, - დავითმა ჯერ ნოე დააწყნარა, მერე აივნიდან მეზობლები დაამშვიდა, შინ გაბრუნდით, ნოეს მე მივხედავო. იმავე დღეს წაიყვანა თბილისში, საავადმყოფოში დააწვინა და რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებული ჩამოიყვანა სოფელშიო.

მუზეუმში დაცულია სიმონეთში მცხოვრები ცნობილი მომღერლების, ძმები ღვინეფაძეების მოგონებები. ერთ-ერთი ძმა - პარქენი იხსენებს, რომ დავითს ძალიან ჰყვარებია მათი სიმღერები: "ზეცას მიმავალო", "გულო, შავგულო", "პატარა საყვარელო". - ჩვენს სიმღერას რომ ისმენდა, მთელი სახითა და სხეულით იცინოდა, აციცინათდებოდა ხოლმეო. თურმე თანატოლივით ილხენდა მათთან, მაგრამ დამთვრალი დავითი არასდროს უნახავთ. უკვირდათ კიდეც, ამდენ მთვრალთან ფხიზელი კაცი, ასე როგორ მხიარულობსო, - რომ გავეხარებინეთ, გადმოხტებოდა ხოლმე, ჩამოგვივლიდა, გამოგვიყოლებდა და შემდეგ შეგვატოვებდა თამაშსო (ცეკვას გულისხმობდა). სხვათა შორის, საერთოდაც არ ყოფილა მსმელი კაცი. ჩაის სმა ჰყვარებია ძალიან - ლამის ყოველ წუთში სვამდა, არავინ იცოდა, როდის მოითხოვდა, ამიტომ ბუხარში, ცეცხლზე ყოველთვის ედგათ ჩაიდანი. თანაც, ახალადუღებული წყლით უნდა მიერთმიათ ჩაი, რადგან სხვაგვარად არ დალევდა...

- დავით კლდიაშვილს თავისი ნაწარმოებების გმირების პროტოტიპებად სიმონეთელი მეზობლები ჰყავდა?

- ჩვენს მუზეუმში დაცულია მოგონება დავითის მეუღლის ნათესავის ცოლის - აღაფის, რომელიც იხსენებს, რომ დავითის მეუღლის - მარიამის ბიძამ, შამშემ "როსტომ მანველიძე" რომ წაიკითხა, "ეს ამბავი ემწუთხა". როგორც ჩანს, მთავარ გმირში საკუთარი თავი ამოიცნო - მასაც ბევრი ქალიშვილი ჰყოლია და ისეთივე მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა, როგორიც როსტომს აქვს ნაწარმოებში. შამშეც, როსტომ მანველიძესავით, ხშირად ამბობდა "ყაძახოსა" და "ყმაწვილოს", ამიტომაც უთქვამს აღაფისთვის, დავითს ეს ნამდვილად ჩემზე აქვს დაწერილიო. ერთხელაც, თბილისიდან ჩამოსული და აღაფის ეზოსთან გავლილი დავითი შამშეს დაუნახავს და დაუძახია: მობრძანდი აქ, კნიაზო! როგორ გამიბედე შენ და "შემოდგომის აზნაურად" როგორ გამომიყვანეო! დავითს უპასუხია: არა, ბიძია, სინდისს გეფიცები, შენ არ გამიწერიხარო. შამშეს უთქვამს, აბა, ჩემს მეტმა აზნაურიშვილობაში არავინ იცის ეგ სიტყვები და მე მყავს ბევრი ქალიშვილიო. მაგრამ დავითი მაინც არ "გამტყდარა". აღაფის მოგონებაში ისიც წერია, რომ "ბაკულას ღორების" პერსონაჟად ლაზარე აბესაძის ცოლი - ელისაბედი ჰყავს გამოყვანილი. ახლა მუზეუმის წინ რომ აბესაძეები ცხოვრობენ, სწორედ იქ ცხოვრობდა ლაზარე... საერთოდ, დავითი არასდროს ასახელებდა გმირების კონკრეტულ პროტოტიპებს. მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მათ ნაწილს სოფელ კირცხში, მისი სიმამრის, პავლე მაჭავარიანის სტუმართმოყვარე ოჯახში ხვდებოდა ხოლმე. მაგალითად, "სამანიშვილის დედინაცვლის" პერსონაჟის, ბეკინა სამანიშვილის პროტოტიპი ყოფილა პავლეს თანასოფლელი, რომელიც ბეკინასგან განსხვავებით, შეძლებული აზნაური ყოფილა... მინდა იცოდეთ, რომ ეს მოგონებები არსად დაუწერიათ, პირველად ქვეყნდება თქვენთან.

- ქალბატონო მადლენა, დავით კლდიაშვილის რა ნივთებია დაცული სახლ-მუზეუმში და დღეს რა მდგომარეობაშია მუზეუმი?

- სახლ-მუზეუმი 1949 წელს დავითის ქალიშვილმა ნუცა კლდიაშვილმა დააარსა და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა კიდეც. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა შვილიშვილმა, ცნობილი ჟურნალისტის, ირაკლი გოცირიძის ვაჟმა - დავითმა ითავა ეს საქმე. სამწუხაროდ, საქართველოსთვის მძიმე, 1990-იან წლებში დავითი და მისი მეუღლე, დედით ესპანელი ესმერალდა მაჩაბელი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთში წასულიყვნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ. ახლა დავითის ვაჟმა, ირაკლი გოცირიძემ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და მუზეუმსაც ის ჩაიბარებს. სხვათა შორის, მისი მეუღლე "ობიექტივის" ჟურნალისტი, ეკა სარალიძე გახლავთ. მუზეუმს ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აკითხავენ დამთვალიერებლები, უმეტესად სკოლის მოსწავლეები მოჰყავთ ექსკურსიებზე. აქ დაცულია დავითის პირადი და ეთნოგრაფიული ნივთები. სახლი ორსართულიანი, იმერული ოდაა. პირველ სართულზე საგამოფენო დარბაზია, მეორეზე დავითის მემორიალური ნივთებია მოთავსებული. სამწუხაროდ, სამუზეუმო ექსპონატების შესანახავად ძალიან ცუდი პირობები გვაქვს. სახლი კრამიტითაა გადახურული, დროთა განმავლობაში დაზიანდა და წვიმის დროს წყალიც ჩამოდის. სამწუხაროდ, სახლ-მუზეუმს 1980 წლის შემდეგ რესტავრაცია არ ჩასტარებია, შესაბამისად, საკმაოდაა დაზიანებული. საპარლამენტო არჩევნებამდე წინა ხელისუფლება დაგვპირდა რესტავრაციას, თანაც სექტემბრამდე ანუ დავითის 150 წლისთავამდე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არავის გახსენებია დანაპირები. ახლა თავიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას უკვე, ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენი დირექტორი ტარიელ ტოფაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ გურამ ოდიშარიასაც შეხვდა ერთხელ და დაპირებაც მიიღო. ვნახოთ, რა იქნება.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს