ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს

ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში უჩვეულო სურათები გავრცელდა. რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც მხატვრები საკუთარ შემოქმედებას ყიდიან და ხატავენ, ერთი ჭაღარა მოხუცი ბიძინა ივანიშვილის სურათებს ხატავდა. ივანიშვილის პორტრეტი, ივანიშვილი ჩოხაში, არჩევანი დიდი არ იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა, ვის სჭირდებოდა პრემიერის ზეთში შესრულებული ნახატები. მხატვარი, რომელსაც პრემიერის ფოტოები ეკუთვნის, ფირუზ ლობჟანიძეა. ორმოცი წელია ხატავს და საკუთარ ოჯახს, ასე თუ ისე, არჩენს.

-  40 წელია, რაც ვხატავ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო სკოლა დავამთავრე. წარმოშობით რაჭიდან ვარ. ცხოვრებამ მოიტანა და არეულობის პერიოდში ქუჩაში გამოვედი. 90-იანი წლებიდან გარეთ ვარ.

-  ძირითადად როგორ პორტრეტებზე მუშაობთ?

-  გასაყიდად ძველი თბილისის ხედებს ვხატავ, ამით უფრო უცხოელები ინტერესდებიან და ყიდულობენ, მაგრამ შეკვეთითაც ვხატავ. ძნელია, მაგრამ ვცდილობ, ამით ოჯახი ვარჩინო. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ერთი ბიჭი ხატავს. მის ნამუშევრებსაც ვყიდი ხოლმე.

-  ძირითადად პორტრეტებს გიკვეთენ?

-  დიახ, ახლაც ოჯახს ვხატავ. სურათი მომიტანეს და იმის მიხედვით. შემდეგ მიაქვთ და სახლში კიდებენ. საერთოდ ძვირი არ ღირს, მაგრამ ხანდახან ეძვირებათ და ვუკლებთ ხოლმე.

-  პრეზიდენტის პორტრეტი თუ დაგიხატავთ?

-  დიახ, წლების წინ შემიკვეთეს. ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. შეკვეთაზე ბიჭები მოვიდნენ. პორტრეტული სურათი დამახატვინეს, თან მაშინ სააკაშვილი ახალგაზრდა იყო. ბიძინა ივანიშვილი ბევრჯერ შემიკვეთეს.

-  ცნობილი ადამიანებიდან კიდევ ვისი პორტრეტი შეუკვეთიათ?

-  ადრე, კომუნისტების დროს, ბელადებს ვხატავდი. იშვიათად, რომ სტალინი შეეკვეთათ. უფრო ლენინი, მარქსი და ენგელსი. ზვიად გამსახურდიაც დამიხატავს, მერაბ კოსტავაც. მაშინ მხატვრები ძველი ფოსტის წინ ვიდექით. მომღერლების ფოტოებიც ხშირად შეუკვეთიათ. შაკირაც დამიხატავს. ერთხელ გოგონა მოვიდა და მერაბ სეფაშვილის პორტრეტის დახატვა შემიკვეთა. როგორც ჩანს, სეფაშვილი ძალიან უყვარდა (იღიმება).

-  ბიძინა ივანიშვილის სურათი ვინ შეგიკვეთათ?

-  პირველად ერთ-ერთი ჩოხოსანი მოვიდა, მშობლებისთვის საჩუქრად უნდოდა და მითხრა, ბიძინა ივანიშვილი დამიხატე ჩოხაში და სანთელი ეკავოს ხელშიო. ისე, ტელევიზორში კი მყავდა ნანახი ივანიშვილი სანთლით ხელში, მაგრამ ჩოხა არ სცმია. ივანიშვილის პორტრეტები სულ შეკვეთით მაქვს დახატული, ყველა შეკვეთა კაცმა მომცა.

-  ივანიშვილის პორტრეტი აქ მარტო თქვენთვის შეუკვეთიათ თუ სხვებისთვისაც?

-  არა, მარტო მე ვხატავ. ადრე აქ ერთი ფერადკანიანიც ხატავდა. იანკოლი ჰქვია, აკადემიაში სწავლობს. ზაფხულში მოდიოდა და აქ ხატავდა. ივანიშვილიც დახატა და სააკაშვილიც, დიდი, ორმეტრიანი ნახატები იყო, მერე სად წაიღო, არ ვიცი. მე რომ ივანიშვილს ვხატავდი, ის იქით სააკაშვილს ხატავდა. ხალხი რომ გაივლიდა, ეჩხუბებოდა (იცინის).

-  რამდენ ხანს ხატავდით პრემიერის პორტრეტს?

-  დაახლოებით ორი დღე. გამვლელებს ძალიან უხაროდათ, ერთხელ რუსული არხიც მოვიდა და გადამიღეს. რაღაც შეკითხვები დამისვეს.

-  ყველაზე უცნაური რა შეუკვეთიათ?

-  ერთხელ სტალინი დამახატვინეს ფანქარში, ოღონდ თავის ქალები და სატანა მიუხატეო, როგორც ბოროტ კაცს. ხატვის დროს ერთმა კაცმა დამინახა და კინაღამ მცემა, რატომ აკეთებ ამასო.

-  ივანიშვილი მეუღლესთან ერთად არ დაგიხატავთ?

-  არა, მაგრამ ორჯერ ბერა დავხატე, პატარა გოგონებმა შემიკვეთეს. ახლა ივანიშვილის სურათები აღარ მაქვს, მიფიქრია, რომ ივანიშვილი ჩემი კომპოზიციით დავხატო და ნახატები გასაყიდად დავდო. ხალხს ძალიან უყვარს და დარწმუნებული ვარ, გაიყიდება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)