პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია

პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია

ცოტა ხნის წინ "კომედი შოუმ" ახალი პოლიტიკური სკეტჩი შემოგვთავაზა, ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიცია" იუმორისტულ ჭრილში გადაიყვანა და ცალკეული პოლიტიკოსების პაროდიებიც წარმოგვიდგინა, გადაცემის წამყვანს, ნინო შუბლაძეს - თამუნა ლეკვეიშვილი ასახიერებდა, ლევან ბერძენიშვილს - "კომედი ჯგუფის" ახალი მსახიობი თორნიკე მაჩიტიძე, ხოლო პრემიერ-მინისტრს - ნიკა კაკაბაძე. სწორედ ნიკა გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი.

-  ნიკა, პირველ რიგში, მიიღე ჩემი კომპლიმენტი, მშვენივრად გამოგდის ივანიშვილის პაროდია, თუმცა მეგონა, ვიზუალური ეფექტი მეტი იქნებოდა. ეკრანზე მართლაც ჰგავხარ პრემიერ-მინისტრს, გცნობენ ქუჩაში უკვე?

-  მაინცდამაინც ვერ მცნობენ. ეს ალბათ ასაკის ბრალია. ჰგონიათ, უფრო დიდი უნდა ვიყო. 22 წლის რომ ვარ, არავის სჯერა. თან ვარცხნილობა ისეთი არ მაქვს, როგორიც პაროდიის დროს. უკან თმას არ ვივარცხნი და არც საღებავი მისვია ქუჩაში.

-  როგორ აღმოაჩინე, პრემიერ-მინისტრის პაროდია რომ შეგეძლო?

-  მე არა, ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა, მერე ნელ-ნელა დავხვეწე და რაღაც გამოვიდა.

-  გვიამბე შენ შესახებ, როგორც ვიცი, ხონიდან ხარ...

-  ხონიდან გახლავართ, სკოლა იქ დავამთავრე. მერე თბილისში წამოვედი და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვთამაშობდი უნივერსიტეტის "კავეენში". მორიგ თამაშს, სადაც პრემიერ-მინისტრის პაროდიას ვასრულებდი, "კომედი შოუს" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თამაშიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს ჯგუფი ჩვენით დაინტერესდა. ასე მოვხვდით მე და თორნიკე "კომედი შოუში".

-  ქვეყნის პირველი პირის პაროდირებამ შეიძლება, მსახიობის "ჩაკეტვა" გამოიწვიოს, სხვა პაროდიებზე თუ მუშაობ?

-  ვერ დაგეთანხმებით. გიორგი აფციაური მშვენივრად აკეთებდა პრეზიდენტის, ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პაროდიებს. მეც ვმუშაობ სხვა პაროდიებზე, ქეცბაიას პაროდიას ვაკეთებ, გიორგი თარგამაძის, მაგრამ ივანიშვილი რატომღაც აქტუალურია (იცინის).

-  როგორ გრძნობდი თავს "შუბლაძის სტუდიაში"?

-  ცოტა ვღელავდი, ეს პირველი ხანგრძლივი სკეტჩი იყო ჩემთვის და მართალი გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი, მგონი, რაღაც გამოვიდა.

-  პრემიერ-მინისტრის ამგვარი ჩაბჟირება, ზემოხსენებულ სკეტჩში რომ ვნახე, მე არ მახსენდება, გადამეტებული ხომ არ იყო თქვენი მხრიდან?

-  რა თქმა უნდა, იუმორისტული თემები ამის საშუალებას იძლევა. არც პრემიერის მოსვენება მახსენდება საწოლში პირდაპირ სტუდიაში, მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლება მივეცით. ეს სცენარისტების პრეროგატივაა.

-  როგორ მუშაობ პრემიერ-მინისტრის პაროდიაზე?

-  მის გამოსვლებს ვუყურებ. მთავარი მანერები, ჟესტიკულაცია და მიმიკებია. ვიზაჟისტი ვარცხნილობის გარდა არაფერს ცვლის. ვიმახსოვრებ მის ფრაზებს. 4 წელი პოპულარობა გარანტირებული მაქვს (იცინის) და მერე ვნახოთ. ობამას პაროდიაზე ვმუშაობ კიდევ და რაღაც იქნება (იცინის).

-  ოჯახში როგორ უყურებენ შენს ამ საქმიანობას?

-  იუმორით. დროებით გატაცებად მიიჩნევენ. მე მომწონს ეს საქმე. პარალელურად ვსწავლობ იურიდიულზე, ახლა მაგისტრატურაში ვაბარებ. წარმოიდგინეთ, ადვოკატი რომ გავხდები, რამდენი კლიენტი მეყოლება. პროცესებსაც მოვიგებ (იცინის).

-  ხონში პოპულარული ხარ?

-  პატარაა ხონი, იქ ყველა ყველას იცნობს. მეც მცნობენ. ტელეეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ ალბათ. შეფასება დადებითია თუ უარყოფითი, ზუსტად არ ვიცი, ამ შაბათ-კვირას ჩავდივარ სოფელში და სიტუაციას ადგილზე გავეცნობი.

-  ნიკა, თბილისში ვისთან ცხოვრობ?

-  მეგობრებთან, ნაქირავებ ბინაში.

-  ოჯახური მდგომარეობა...

-  დასაოჯახებელი.

-  თაყვანისმცემელმა გოგონებმა იმატეს ალბათ...

-  არა, ვერ ვიტყოდი.

-  რატომ, "ფეისბუქი" არ გაქვს?

-  (იცინის) მაქვს, მაგრამ, რა ვიცი, აქტიურობა არ შეინიშნება.

-  ე.ი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია?

-  კი, თავისუფალია.

-  როგორი გოგონები მოსწონს პრემიერ-მინისტრის პაროდისტს?

-  არ მაქვს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. მთავარი გარეგნობა არ არის, არც პროფესია. კარატისტი და მეხანძრე ნუ იქნება. არც მთლად მსახიობი მიზიდავს.

-  აზიატი ხარ, ეჭვიანი ქმარი იქნები, როგორ ფიქრობ?

-  ვინმე გყავს შერჩეული ჩემთვის (იცინის)? "შედი ქალო ბუტკაში" და "ნასკი გამხადე" არ ვეტყვი ცოლს. ამის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს. თვითონ უნდა ხვდებოდეს, როდის გამხადოს "ნასკი".

-  პრემიერ-მინისტრის ანეკდოტებიდან რომელს გამოარჩევ?

-  "შედი ქალო ბუტკაში" უფრო ახლობელია ჩემთვის.

-  შენს პაროდიაზე უარყოფითი შეფასებები თუ გსმენია?

-  კი, როგორ არა, ამბობენ რომ დასახვეწია, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. დახვეწა მართლაც სჭირდება. გვაცალეთ ბატონო, ახალია ჯერ. ნელ-ნელა დანაპირებსაც ავასრულებთ და პაროდიასაც დავხვეწთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)