მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს, ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მისამართით ბევრი კითხვა გაჩნდა.
როგორ ხდება დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭება და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო. კითხვებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პასუხობს.
ავთო ბოკერია:
რა საბუთები უნდა წარვადგინოთ ბინის გადასაფორმებლად?
ბატონო ავთო, ამომწურავი პასუხის მისაღებად თქვენ უნდა დააკონკრეტოთ შემდეგი: თუ რა ფორმით გსურთ ბინის გადაფორმება ნასყიდობა, ჩუქება , მემკვიდრეობა თუ სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 2405405
მაკა-თამუნა:
ბინა არის ჩემს სახელზე გაფორმებული, მაგრამ იმ ბინაში ჩაწერილი არ ვარ. არც სხვა ოჯახის წევრები.
როგორ უნდა მოვიქცე? (ბინა მშენებარეა)
ქალბატონო მაკა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ სერვისების განვითარების სააგენტოს (იუსტიციის სახლი)
გია დვალი:
რა პროცედურებია საჭირო, რომ ბინის პრივატიზება მოვახდინო?(რა საბუთები მჭირდება, რა თანხები, რამდენდღიანია პროცედურები)
-ბატონო გია, ბინის რეგისტრაციისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: უფლების დამდგენი დოკუმენტი, შიდა აზომვითი ნახაზი, პირადობის მოწმობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ( 4 სამუშაო დღე - 50 ლარი; ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურებით).
ეკა-ეკა:
უძრავ ქონებაზე არსებობს თანაზიარი საკუთრება, ქონების რეალიზაციის შემდეგ როგორ ხდება თანხის განაწილება ამ უფლების მონაწილეებს შორის?
-ქალბატონო ეკა, საკითხი საჯარო რეესტრის კომპეტენციას სცილდება. ეს არის მხოლოდ თანამესაკუთრეთა გადასაწყვეტი
ნოდარი:
სოფელში (გურიაში) გვაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენს სარგებლობაშია, მაგრამ კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გვაქვს. როგორ მოვაქციო ეს ნაკვეთი ჩემს საკუთრებაში?
-ბატონო ნოდარ, პირველ რიგში უნდა მიმართოთ სოფლის საკრებულოს. უფლების დამდგენი დოკუმენტის მოძიების შემდეგ კი მიმართეთ საჯარო რეესტრს.
მკითხველი თამილა:
როგორ ხდება იტალიურ ეზოებში ფართის დაკანონება, როცა რამდენიმე ოჯახი ერთ მისამართზე ვცხოვრობთ?
-ქალბატონო თამლა, აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად გვაქვს დამატებითი კითხვები. ამიტომ, უმჯობესია დაგვიკავშირდეთ ტელ: 2405405
მკითხველი მამუკა:
შესაძლებელია თუ არა მშენებარე ბინაში, რომელიც შეიძინა ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა, სხვა წევრებიც დავრეგისტრირდეთ და რა არის ამისთვის საჭირო?
-ბატონო მამუკა, ამისათვის საჭიროა გქონდეთ ბინის კანონიერი მფლობელის ნებართვა.
ნანა:
მყავს 6 წლის შვილი, რომელიც წელს შედის სკოლაში, პირადი ნომერი როცა ავიღეთ რეგისტრირებული იყო იმ მისამართზე, რომელიც უკვე გავყიდეთ. ამჟამად ბაბუამ იყიდა მშენებარე კორპუსში ბინა, როგორ შევძლებ ბავშვის დარეგისტრირებას ამ მისამართზე?
-ქალბატონო ნანა, ამისათვის საჭიროა გქონდეთ ბინის კანონიერი მფლობელის ნებართვა.
მკითხველი თამაზი:
ჩვენი სახლი ცხრა სართულიანია, მე ვცხოვრობ ბოლო სართულზე. სხვენის პრივატიზაციის დროს მაქვს თუ არა უპირატესობა? რა არის ამისთვის საჭირო?
-ბატონო თამაზ, სხვენის პრივატიზებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობა.
ნანა:
მე საერთოდ არ ვარ არსად რეგისტრირებული, მაქვს პირადობა მისამართით: "თბილისი მისამართის გარეშე", ვცხოვრობ ქირით, რას მირჩევთ და ურჩევთ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
-ეს საკითხი სამწუხაროდ რეესტრის კომპეტენციაში არ შედის. მიმართეთ სერვისების განვითარების სააგენტოს.
ნინო მანაგაძე:
1979 წლიდან ვცხოვრობთ ქუთაისში და ვართ ბინის რიგში. მაშინ ქალაქკომი ერქვა. 9 სული ვცხოვრობთ ყოფილი კოოპერაციული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში,ოროთახიან ბინაში ავადმყოფ მეუღლესთან, 3 შვითან, 2 რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად. ბინის ნაწილი გადასცეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და 2012 წლის აგვისტოში არჩევნების წინ, მათ დაურიგდათ საჯარო რეესტრის ამონაწერები, გადასცეს საკუთრებაში ბინები. ჩვენ -არა. დევნილებს, ვინც ქალაქის ბალანსზე ვართ- 4 ოჯახს არ გვიკანონებენ ბინებს. დაგვეხმარეთ და დაგვაკვალიანეთ, ვის მივმართოთ, რომ დავიკანონოთ ბინა.
-ქალბატონო ნინო, აღნიშნული საკიხის მოსაგვარებლად უნდა მიმართოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
ნიკოლოზ ხუხუნაიშვილი:
მაქვს კერძო ბინა მინდა ღობის განახლება, საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრიდან თანხმობა?
-„ღობის განახლებისთვის ნებართვა“ - საჯარო რეესტრი არ იძლევა ასეთ დოკუმენტს.