მასშტაბური სერიალი "პალიტრა ტვ"-ის ეთერში - როგორ დაიპყრო თურქულმა "ეზელმა" მაყურებელთა გულები

მასშტაბური სერიალი "პალიტრა ტვ"-ის ეთერში - როგორ დაიპყრო თურქულმა "ეზელმა" მაყურებელთა გულები

თუკი ქართულ კინოპორტალებს გადახედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ ერთ საინტერესო ტენდენციას, ფილმებზე უფრო მეტად ინტერნეტმომხმარებელი უპირატესობას სერიალებს ანიჭებს. ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ამერიკული კინოინდუსტრია, რომელმაც ამ თვალსაზრისით 21-ე საუკუნეში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთ მასშტაბურ სერიალებს ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც რეიტინგის თვალსაზრისით ყველანაირ რეკორდებს ხსნის.

საინტერესოა ისიც, რომ ამ მოდურ ტენდენციას ძალიან კარგად აუწყო ფეხი ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა, სადაც 2009 წელს, ამერიკელი პროდიუსერების დახმარებით, გამოვიდა სერიალი "ეზელი", რომელმაც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაყურებელთა გულები დაიპყრო, სერიალის მსახიობებს კი არნახული წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

სიტყვა ეზელი თურქულიდან ითარგმნება, როგორც სამუდამო. სერიალის მთავარ გმირ ომერს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, კარგი ოჯახი, გოგონა, რომელზე დაქორწინებასაც აპირებს, როგორც კი არმიიდან დაბრუნდება, ჩვეულებრივი ცხოვრება, ახლობელი ადამიანები ირგვლივ, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს მას მკვლელობისთვის აპატიმრებენ - საყვარელი გოგონა, ეიშანი, საუკეთესო მეგობარი ჯენგიზი და ალი, რომელიც ძმასავით უყვარდა - ისინი ამ საშინელ თამაშში ჩართულები აღმოჩნდებიან. იმედდაკარგული ომერი ციხეში ხვდება ერთ ადამიანს, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ომერი ციხეში "კვდება", სხვა ადამიანად, ეზელად იბადება და მზად არის, სამაგიერო გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებმაც უღალატეს. ეს გახლავთ სერიალის ძირითადი ხაზი, რომელიც იმდენად საინტერესოდ ვითარდება, რომ თვალს ვერ მოსწყვეტთ. რაც მთავარია, "ეზელი" არ გახლავთ საპნის ოპერა. ეს არის საუკეთესო კინოტრადიციებით გადაღებული დრამა, კრიმინალური სერიალი, რომლის მსახიობების კარგი თამაში არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა თურქული კინოდაჯილდოების ცერემონიაზე.

აღსანიშნავია, რომ სერიალი ცოტა მოგვიანებით, 2011 წლიდან აღმოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე და მრავალი ქვეყნის ეკრანებზე დაიდო ბინა. სერიალის კასტინგი წინასწარ დადგენილი საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით წარიმართა. თურქულმა მხარემ თავიდანვე გადაწყვიტა, ისეთი ფილმი გადაეღო, რომლის მთავარი გმირები თურქეთის სახეს წარმოაჩენდნენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც.

ცოტა რამ მთავარი პერსონაჟების შესახებ - ეზელის როლის შემსრულებელი დღეს თურქეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც ამ სერიალმა მოუტანა. კენან იმირზალიოღლუს სახელი მის სამშობლოში ყველას პირზე აკერია. იმის გამო, რომ კენანმა ეზელის როლში თავისი მაქსიმუმი ჩადო, მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია და სიყვარული და ასევე კინოვარსკვლავის ტიტული დაიმსახურა.

კენანი 1974 წლის 18 ივნისს ანკარაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც იქ დაამთავრა, შემდეგ კი სტამბოლის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლისთვის მზადების პარალელურად, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოს მიაკითხა, იმედი ჰქონდა, რომ საკუთარი შესანიშნავი გარეგნობის წყალობით სამსახურს ადვილად იშოვიდა და ასე შეძლებდა სწავლის თანხის გადახდას. 1 მეტრი და 92 სმ. სიმაღლის კენანს მოდის ინდუსტრიის კარი ძალიან მარტივად გაუღეს. თავისი ათლეტური ფიგურის დამსახურებით ის უამრავ რეკლამაში გადაიღეს და პოდიუმის უფრო დიდი მწვერვალები დაიპყრო, ვინაიდან თურქეთისა და მსოფლიოს საუკეთესო მოდელის ტიტულები მოიპოვა. 1999 წელს კი პირველ სერიალში გადაიღეს, რომლითაც რეჟისორებმა შეამჩნიეს და სერიალებს სრულმეტრაჟიანი ფილმებიც მოჰყვა, თუმცა მისი ტრიუმფი კინოინდუსტრიაში სწორედ სერიალ "ეზელს" უკავშირდება, რომელმაც კინოვარსკვლავის სტატუსი საბოლოოდ გაუმყარა.

ეზელის მეგობარი გოგონას, ეიშანის როლს ჯანსუ დერე ასრულებს. ის 1980 წლის 14 ოქტომბერს ასევე ანკარაში დაიბადა. მიუხედავად კარგი გარეგნული მონაცემებისა, მოდელობას, კენანისგან განსხვავებით, მან სტამბოლის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა ამჯობინა, თუმცა იქ მაინც გამოარჩიეს და ის სტამბოლის უნივერსიტეტის "მისი" გახდა. მოგვიანებით, 2000 წელს მან საერთაშორისო სილამაზის კონკურსზეც გამოიჩინა თავი. 23 წლისთვის ჯანსუ დერეს თურქეთის, პარიზისა და მილანის სხვადასხვა პოდიუმზე სიამოვნებით უთმობდნენ ადგილს. თურქეთში კი მისი კარიერა წარმატებით განვითარდა, "ეზელმა", კენანის მსგავსად, მასაც გაუხსნა გზა კინოვარსკვლავობისკენ.

უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ გაზაფხულიდან "პალიტრა ტვ"-ს ეთერში ნახოთ თურქული სერიალი "ეზელი", რომელმაც მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და თავის თაყვანისმცემლებს საქართველოშიც ელოდება.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები