გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე

გერმანული არქივის მასალები: იყო თუ არა სტალინის ვაჟი დეზერტირი და მოღალატე

გერმანელმა მკვლევარებმა საარქივო მონაცემები იპოვეს, რომლებიც ახალ ფაქტებს ამხელს იოსებ სტალინის უფროსი შვილის, იაკობ ჯუღაშვილის ბიოგრაფიიდან. მათი დასკვნებით, სტალინის ვაჟი დეზერტირი იყო.

როგორც ვარაუდობენ, იაკობ ჯუღაშვილმა 1943 წელს თავი მოიკლა ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, აღმოსავლეთ გერმანიაში - ეკლიან მესერს გადაევლო, რომელშიც ელექტროძაბვა გადიოდა.

ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდის თანახმად, "იაკობი, წითელი არმიის მეთაური, 1941 წელს მინსკთან ნაცისტებმა დაატყვევეს". თუმცა საარქივო მასალებში ნათქვამია, რომ ჯუღაშვილი არა მხოლოდ ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს, არამედ საკმაოდ კრიტიკულადაც იყო განწყობილი წითელი არმიისადმი და ანტისემიტიც ყოფილა. ამის დასტურად მოყვანილია ამონარიდები ბრიგადის კომისრის ალექსეი რუმიანცევის წე­რილიდან, რომელიც წითელი არმიის პოლიტიკური ხელმძღვა­ნელისადმი იყო მიმართ­ული. ასევე მეცნიერებმა იპოვეს ჯუღაშვილის და­კითხვის ოქმი, სადაც დადასტურებულია მისი კრიტიკული გამონათქვამები წითელ არმიაზე, ის არაკეთილგონიერებს უწოდებს მეთაურებს, მათ ქმედებებს კი ბრიყვულსა და იდიოტურს.

გერმანელ მკვლევრებს თუ დავეყრდნობით, აი, რას ამბობდა იაკობი ებრაელებზე: "მათთვის ყველაზე მთავარი კომერციული გა­რიგებების დადებაა. ებრაელებს არ სურთ მუშაობა, რადგან არ შეუძლიათ". თუმცა სტალინის ვაჟი ებრაელ ქალზე იყო დაქორწინებული.

თუ სვეტლანა ალილუევას მემუარებს ვენდობით, თვით "ხალხის ბელადიც" დარწმუნებული იყო, რომ იაკობი გერმანელებს განგებ ჩაბარდა. ოღონდ ეს მისი ცოლის, იულიას გავლენას ბრალდებოდა, რომელიც შედეგად ციხეში ჩასვეს, ჰკითხავდნენ და აწამებდნენ.

1943 წელს, სტალინგრადთან დამანგრეველი დამარცხების შემდეგ, ნაცისტურმა რეჟიმმა სტალინს შესთავაზა, ჯუღაშვილი თავის რამდენიმე ტყვეში გადაეცვალა. თუმცა, როგორც სვეტლანა წერდა თავის მემუარებში, მამამისმა ეს არ გააკეთა.

ზუსტი ცნობები იაკობ ჯუღაშვილის ბედზე 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ არ არსებობს. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბელადის ვაჟმა 1930-იანი წლების შუალედში გადაწყვიტა ოფიცრობა და მოსკოვის საარტილერიო აკადემიაში ჩააბარა. ფრონტზე 1941 წლის 23 ივნისს გაგზავნეს. მალევე ის ალყაში მოექცა და დაიკარგა. თვის ბოლოს გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა სტალინის ვაჟის დატყვევების ამბავი.

ჯუღაშვილი 1943 წლის 14 აპრილს დაიღუპა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)