ეკა აბშილავა - "ცხვირს დიდი სიამოვნებით გავისწორებდი"

ეკა აბშილავა - "ცხვირს დიდი სიამოვნებით გავისწორებდი"

კომედი შოუს მსახიობი - ეკა აბშილავა მაკიაჟს ყოველდღიურად არ იკეთებს. ამბობს, რომ ჩაცმის თავისუფალი სტილი და ბუნებრიობა ყველაფერს ურჩევნია. უყვარს აქსესუარები და თურმე, მაშინ, როცა თავისუფალი დრო მეტი ჰქონდა, თავადაც ამზადებდა...

- განსაკუთრებული, ავანგარდული იმიჯი არასდროს მქონია. ბავშვობაში სპორტული, თავისუფალი სტილის სამოსი მომწონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი - ჩემს გარდერობში კლასიკური ტანსაცმელიც გაჩნდა.

- გაზაფხული მოდის. გარდერობის განახლება ხომ არ დაგიწყია?

- ჯერჯერობით - არა; მხოლოდ თხელი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ვიყიდე.

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს არ იცვამ?

- საერთოდ, დაბალძირიან ფეხსაცმელებს ვანიჭებ უპირატესობას. ვფიქრობ, რომ ჩემს თავისუფალ ხასიათს ყველაზე მეტად, კედი უხდება, მაგრამ რამდენიმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მაქვს, რომლებსაც ძირითადად, გადაღებების დროს ვიცვამ. როცა "მაღლები" მაცვია, ვგრძნობ, რომ სხვანაირი ვხდები. თქვენ წარმოიდგინეთ, სიარულის მანერა და ხასიათიც მეცვლება - უფრო ვდინჯდები.

- კომპლიმენტს ხშირად იღებ?

- სხვათა შორის, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, ბევრად მეტ კომპლიმენტს ვიღებ, მაგრამ "მაღლების" ჩაცმა მაინც მეზარება ხოლმე (იცინის).

- სამოსის შესაძენად ვისთან ერთად დადიხარ, ვის გემოვნებას ითვალისწინებ ხოლმე?

- სამოსის შესაძენად ადრე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დავდიოდი, მაგრამ ახლა, მარტოს მიწევს საშოპინგოდ სიარული, მერე კი ისინი მიფასებენ. დიდი ხანია, საყიდლებზე აღარ წავსულვარ.

- რა ფერის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- ღია ფერის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ჩემს გარდერობში შავ ტანსაცმელსაც ნახავთ.

- აქსესუარები გიყვარს?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს და ადრე თავადაც ვაკეთებდი. იმდენი დამიგროვდა, რომ ყუთებში მიწყვია. მეუბნებოდნენ, - მაჩუქეო, მაგრამ ვერ ვიმეტებდი, შვილებივით ვუვლიდი. ახლა კი ყველას ვასაჩუქრებ. ადრე "ასხმული" დავდიოდი, თითქმის ყველანაირი სამკაული მეკეთა, ახლა მხოლოდ საყურეს, პატარა ყელსაბამსა და საათს ვატარებ.

- სამკაულების გაყიდვაზე არ გიფიქრია?

- გაყიდვა და გამოფენის გაკეთებაც შემომთავაზეს. დავიწყე კიდეც საამისოდ მზადება, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. არა მგონია, ჩემი ნამუშევრების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა ღირდეს. უბრალოდ, მსიამოვნებდა, მომწონდა ეს ხელსაქმე და სამკაულებს ამიტომ ვაკეთებდი. სამწუხაროდ, ახლა ამისთვის დრო არ მრჩება...

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- მაკიაჟს მხოლოდ გადაღებების დროს ან იმ შემთხვევაში ვიკეთებ, თუ კარგ ხასიათზე ვარ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრიობა მირჩევნია. ვფიქრობ, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, მუდამ გაპრანჭული დადიოდეს, მაგრამ მე ამას ვერ ვახერხებ. იყო პერიოდი, როცა ჩანთით კოსმეტიკა დამქონდა, მაგრამ ვერაფერს ვიყენებდი, მხოლოდ "ბლესკს" თუ გადავისვამდი ტუჩზე.

- გარუჯვა გიყვარს?

- ნამზეური ძალიან მომწონს, მაგრამ სოლარიუმში არ დავდივარ; მეშინია, საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო. მოკლედ, ზაფხულში მზის სხივებით ვირუჯები, ზამთარში კი "ავტორუჯს" ვისვამ.

- თმას ხშირად იღებავ?

- თმაზე ექპერიმენტებს ხშირად ვიტარებ. მაგალითად, შემიძლია გრძელი თმა ძალიან მოკლედ შევიჭრა, ქერა თმა შავად გადავიღებო. უნდა გითხრათ, რომ გარისკვა ხშირად ამართლებს, ექსპერიმენტით თითქმის ყოველთვის, კმაყოფილი ვრჩები.

- სილამაზის სალონს ვარცხნილობის გასაკეთებლად ხშირად სტუმრობ?

- ახლა დახვეულ თმას ვატარებ და ძალიან მომწონს. თმა, რა თქმა უნდა, სალონში დავიხვიე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარცხნილობას თავად ვიკეთებ.

- დილით, სარკის წინ ტრიალს ბევრ დროს უთმობ?

- ვერ ვიტყვი, - ძალიან ბევრ დროს ვუთმობ-მეთქი, მაგრამ არც უმაგისობაა (იცინის). თუ ვიცი, რომ სახლიდან დილით უნდა გავიდე, ლოგინიდან ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე ვდგები: ნახევარი საათი ჩაცმა-დახურვაში მეხარჯება, მერე ვსაუზმობ, სარკის წინ ვტრიალებ, ტელევიზორსაც ვუყურებ ხოლმე...

- ფულს დაუნანებლად რაში ხარჯავ?

- ძვირად ღირებული კაბის ქონას მირჩევნია, რამდენიმე ვიყიდო ან სულაც, იმ ფულით მეგობრებთან ერთად გავერთო. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ ბრენდული სამოსი მომწონებია და მის შესაძენად ბევრი ფულიც გამიმეტებია.

- რას არ ჩაიცვამ არასდროს?

- ბეწვეულს არ ჩავიცვამ! ერთხელ ასეთი ჟილეტი მქონდა, მაგრამ ვერ მოვიხმარე. ბეწვეული "დამა" ქალების ჩასაცმელი მგონია (იცინის).

- შენს გარეგნობაში რაიმეს თუ შეცვლიდი?

- ალბათ, ყველა ქალს უფიქრია საკუთარ გარეგნობაში რაღაცის შეცვლაზე და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი ნება რომ იყოს, გატეხილ ცხვირს დიდი სიამოვნებით გავისწორებდი, იმიტომ, რომ მაწუხებს. სხვას ჯერჯერობით, არაფერს ვუჩივი. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი გახლავართ.

- დაბოლოს, რა მიგაჩნია ქალის სილამაზის განმსაზღვრელად?

- ქალი პირველ რიგში, მოვლილი უნდა იყოს. მას ფრჩხილიდან დაწყებული და ვარცხნილობით დამთავრებული, ყოველთვის ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს. მაქვს სურვილი, ასეთი მოვლილი ქალი ვიყო, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. ვფიქრობ, ასეთი ქალები რაღაც სხვანაირად ცხოვრობენ, მე კი მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, იატაკზე მჯდარს კარტის თამაში და ასე შემდეგ... რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება, მეც დავდინჯდე და დავქალდე, ე.წ. მოვლილ ქალად ვიქცე, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამომდის...

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები