რა იწვევს ასთმას და როდის მივმართოთ ექიმს

რა იწვევს ასთმას და როდის მივმართოთ ექიმს

ასთმა სხვადასხვა სიმძიმისაა და ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. სუნთქვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭვის, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება, ძილის დარღვევა, ხიხინი - ეს ასთმის სიმპტომებია. რა იწვევს ასთმას და როდის მივმართოთ ექიმს - კითხვებს ალერგოლოგი ქეთევან ნემსაძე პასუხობს.

მაკა რაზმაძე:

მყავს 7 წლის შვილი (ბიჭი), ძალიან ხშირად აქვს უჰაერობის შეგრძნება, (სუნთქვისას ისმის სტვენის ხმა), ძალიან ხშირად მივმართავთ ექიმს, თუმცა შედეგი არ არის. რას გვირჩევთ?

-თუ აქვს ჰაერის უკმარისობა, ხმაურიანი სუნთქვა და სტვენა, სავარაუდოდ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ბრონქული ასთმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პრეპარატებია დანიშნული, რამდენად ეფექტურია და რომელ პრეპარატებზე აქვს ეფექტი. ამ შემთხვევაში პაციენტი ნამდვილად საყურადღებოა. შიძლება ეს ხშირი გამწვავებები იყოს უბრალოდ ინფექციური გართულების ბრალი, ბრონქული ასთმის და შეიძლება ასევე პაციენტს აქვს ობსტრუქციული ბრონქიტი, რომელიც არის არა ასთმური, არამედ ინფექციური გენეზი.

ქეთევან ანანიძე:

- რა უწყობს ხელს ასთმის განვითარებას, რას უნდა ვერიდოთ და არის თუ არა კავშირში კვება?

-ასთმის განვითარებას ძალიან ბევრი პირობა უწყობს ხელს. ეს არის ჰეტეროგენული დაავადება ანუ ბევრი მიზეზი იწვევს ასთმას. პირველ რიგში რა საკვირველია არის გენეტიკური ფაქტორი. გარდა ამისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო პირობებს, კვებას, იგივე ძუძუთი კვებას. ასევე ხშირ ინფექციებს ეს იქნება ბაქტერიული ინფექციები თუ ვირუსული ინფექციები და ზოგადად ატოპიას ანუ ალერგიულ განწყობას.

მკითხველი ნათია:

ჩვენს წინაპრებში დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასთმა არავის ჰქონია. მე უკვე წლებია ვიტანჯები ამ პრობლემისგან. მირჩიეთ მკურნალობის ეფექტური მეთოდი.

-რადგან ოჯახში არავის აქვს ასთმა, ეს არ გამორიცხავს იმას რომ სხვადასხვა ფაქტორების შედეგად სამწუხაროდ ასთმა არ ჩამოყალიბდეს. ამ შემთხვევაში მოეთხოვება პაციენტს მაქსიმალურად აწონ-დაწონოს და მიხვდეს თავის პრობლემას. სპეციალისტის დახმარებით უნდა შეირჩეს ოპტიმალური მკურნალობა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით იცხოვროს და უფრო ნაკლები პრობლემა ჰქონდეს მომავალშიც რისკებით და გართულებებით.

მარიკა გელოვანი:

ადვილად ვცივდები, სუნთქვისას მესმის სტვენის ხმა, მაქვს ხიხინები, სუნთქვა მიჭირს, პულმონოლოგიის ცენტრში დამიდგინეს ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა, ასთმა. ასევე მაქვს ქრონიკული გულის უკმარისობა. მაინტერესებს 53 წლის ასაკში, ამ დაავადებების მქონეს შეიძლება თუ არა დამენიშნოს პენსია?

-პენსია ნამდვილად ინიშნება ბრონქული ასთმის და სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზის დროს, უბრალოდ უნდა შეფასდეს თავდაპირველად დაავადების ხარისხი და სიმძიმე, ამის მიხედვით უკვე ინიშნება პენსია. პენსიის დანიშვნის დროს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია სპირომეტრიის შედეგს.

ეკა-ეკა:

წელიწადის ნებისმიერ დროს ცხვირიდან ძალიან ხშირად მაქვს გამონადენი, რას მირჩევთ, რა წამალიმივიღო, რომ ეს სისველე ცხვირში აღარ მქონდეს?

-ცხივირიდან გამონადენი ანუ ქრონიკული სურდო შიძლება იყოს სხვადასხვა გენეზის. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ალერგიული რინიტი, შეიძლება იყოს ბაქტერიული. თავდაპირველად უნდა შეფასდეს რომელი ტიპის რინიტია ეს, იმიტომ რომ ამას მკურნალობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გაირკვეს როგორი ფერის გამონადენია რა სიმპტომები ახლავს. ამ შემთხვევაში რთულია, მაგრამ არ უნდა გამოიყენოს სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატი რომელთაც ძალიან ხშირად სურდოს დროს იყენებენ პაციენტები. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება სულ რამდენიმე დღის განმავლობაში და არ არის სამკურნალო. ეს არის სიმპტომური პრეპარატი, რომელიც ხსნის სურდოს ავიწროებს სისხლძარღვებს და შეშუპებას ხსნის. თუ ამას უკონტროლოდ იღებს პაციენტი ეს იწვევეს თვითონვე მედიკამენტურ რინიტს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში შეფასდეს უნდა რომელი ტიპის რინიტია.

ნინია ბაქრაძე:

არის თუ არა ალერგიული ბრონქოობსტრუქცია იგივე ასთმა და როგორ ვუმკურნალოთ მას?

-ალერგიული ბრონქოობსტრუქცია ნამდვილად არის ასთმა. მკურნალობის მეთოდები სხვადასხვაა. პირველ რიგში როდესაც ალერგიული ბრონქიტია უნდა დადგინდეს ალერგენი ანუ რომელი ალერგენი იწვევს ამ ბრონქოობსტრუქციას. შემდეგ ეტაპზე უკვე იწყება მედიკამენტური მკურნალობა . ეს არის სიმპტომური და ანტიანთებითი მკურნალობა, რომელსაც სჭირდება ძალიან სწორად შერჩევა და მუდმივ რეჯიმში გაკონტროლება.

მკითხველი დალი:

არსებობს თუ არა საშუალება იმისა, რომ აცრების გარეშე დავამარცხოთ ასთმისსინდრომი?

-ასთმა არის ქრონიკული დაავადება როგორც ავღნიშნე. შეიძლება მივაღწიოთ იმას რომ პაციენტს არ ქონდეს გამწვავებები და მდგომარეობა იყოს კონტროლირებადი, სტაბილური, პრობლემას არ უქმნიდეს ჩვეულებრივი ჯანსაღი ცხოვრების წესის წარმართვაში, მაგრამ მისი დამარცხება საბოლოოდ მაინც ნიშნავს ასთმის გაკონტროლებას. აცრები ნამდვილად არსებობს. თუ დადგენილია ალერგენი, ანუ რომელიც იწვევს პაციენტში ასთმას ამ შემთხვევაში ტარდება აცრები და ეს არის საკმაოდ ეფექტური მკურნალობა. მაგრამ სამწუხაროდ მკურნალობა ყველა შემთხვევაში ვერ ჩატარდება და ასევე არის შანსი იმისა რომ არ იყოს ეფექტური.

მზია მეშველიანი:

გაზაფხულზე მეწყება სპაზმი, მიჭირს სუნთქვა. ცხვირიც მეჭედება და ხშირად მიწევს წვეთების გამოყენება. სპაზმის მოსახსნელად ვხმარობ სალბუტამოლის აეროზოლს. არ ვიცი ეს ასთმის ნიშნებია თუ ალერგია. რა გავაკეთო რომ ეს მდგომარეობა შევიმსუბუქო.

-რა სიმპტომებიც პაციენტმა ჩამოთვალა სავარაუდოდ არის ალერგიაც და ბრონქული ასთმაც. აუცილებელია ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა. თუ მცენარის მტვერზეა ვთქვათ რომელი მცენარის მტვერზე აქვს ალერგია. ამ სემთხვევაში წინასწარ ხდება ხოლმე პრევენციული ზომების მიღება სანამ დაიწყება ყვავიობის სეზონი. პრეპარატები ინიშნება რომ ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს და ნაკლები იყოს ეს სიმპტომები. ეს სავარაუდოდ ბრონქული ასთმაა და უნდა შეფასდეს იმ სპაზმის ხარისხიც როგორი ინტენსივობის არის.

მანანა ვეკუა:

მაქვს ალერგიული ასთმა. მითხრეს, რომ საჭიროა დიაგნოსტიკა, რომ მკურნალობა დავიწყო. მაინტერესებს, რა თანხა ჯდება ეს პროცედურა და როგორ ხდება დიაგნოსტიკის ჩატარება?

-ალერგიული ასთმის შემთხვევაში თავდაპირველად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. შემდეგ ანალიზები რომელიც გულისხმობს ალერგენებზე სინჯებს. სასურველია გაკეთდეს მთლიანი პაკეტი სადაც იქნება საყოფაცხოვრებო ალერგენები, მცენარეებზეც და ა.შ. როდესაც სეზონური ხასიათი აქვს შეტევებს მაშინ შეიძლება მარტო მცენარეულ ალერგენებზეც გაკეთდეს. სპირომეტრია არის კიდე აუცილებელი რომელიც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რამდენად არის ბრონქული სისტემა და ქვედა სასუნთქი გზები ამ ალერგიაში ჩართული. რაც შეეხება ფას ცოტა რთული სათქმელია ესე მაგრამ დაახლოებით ალერგო დიაგნოსტიკა დაახლოებით 200 ლარამდე ღირს პლიუს კიდე დამატებითი კვლევები და ეს ყველაფერი დაახლოებით 300 ლარამდე გამოდის.

მკითხველი ნათია:

უკვე წლებია ასთმით ვიტანჯები, ძალიან ბევრ წამალს ვიღებ. უკვე გულიც კი მტკივა. როგორ ვიპოვო გამოსავალი, არის თუ არა ეს ავადმყოფობა განკურნებადი და როგორ ვიმკურნალოთ საფუძვლიანად, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდე.

-სამწუხაროდ ასთმისგან ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ ძალიან დიდი ,მნიშვნელობა აქვს პაციენტის გნათლებას ანუ პაციენტი სრულყოფილად უნდა ერკვეოდეს თავისი დაავადების მიმდინარეობაში, მოსალოდნელ გართულებაში , მართვაში და სპეციალისტთან ერთად გააკონტროლებს თავის მდგომარეობას. ზოგჯერ საჭიროა მიღებული პრეპარატების შეცვლა გაზრდა , ზოგჯერ სტაბილური დოზების მიღება . ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როდესაც ასთმის კონტროლი არის სწორად წარმართული პაციენტს აქვს ნაკლები პრობლემა.

ეკა-ეკა:

როგორც გავიგეთ ასთმის მკურნალობის ახალი მეთოდი დაინერგა (აცრების სახით) რა სახის აცრები ტარდება და როგორ ხდება ამ მხრივ მკურნალობა. არის თუ არა ეფექტური მათთვის, ვისაც მძიმე ფორმებით აქვს გამოხატული ეს დაავადება. (მკურნალობისთვის რა თანხაა საჭირო).

-როცა ალერგიულ ასთმაზე გვაქვს ლაპარაკი, თავდაპირველად ხდება ალერგენის დიაგნოსტიკა. სემდგომში უნდა შეფასდეს ასთმის მდგომარეობა . რადგან არის მძიმე მდგომარეობები ასთმის რომლის დროსაც ეს მკურნალობა არ ტარდება . ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, ზოგად მდგომარეობას, თანმხმლებ დაავადებას და ა.შ. თუ უკვე გადაწყდა რომ იმუნოთერაპია ანუ აცრები ამ პაციენტისთვის შესაფერისია, ხდება სამკურნალო ალერგენის შეკვეთა რომელიც გერმანიიდან ჩამოგვაქვს. სპეციალურად ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის მზადდება სამკურნალო ალერგენი და იმის შეყვანა ხდება ორგანიზმში 10დან 14 დღის შუალედით. ეს მკურნალობა არის ხანგრძლივი დაახლოებით 2-დან 5 წლამდე გრძელდება. დოზები და სქემა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა. მაქსიმალური თანხა ჩვენს კლინიკაში არის 550 ლარი და მკურნალობა 300 ლარი. მცენარეული ალერგენების შემთხვევაში უფრო იაფი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას