"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"

"ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა"

ტელეკომპანია "მე-9 არხის" ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა 27 თებერვალს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჟურნალისტი იქ მომხდარ კულუარულ ამბებს გვიამბობს. ინტერვიუ კი წინა ხელისუფლების მიერ მისი გადაბირების მცდელობაზე საუბრით დავიწყეთ...

- ახალი დაწყებული მქონდა "მე-9 არხზე" მუშაობა, როდესაც უცნობი პირები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, შევხვედროდი. უარი რომ ვუთხარი, მელიქიშვილის გამზირზე დამხვდნენ მანქანით და მითხრეს, რომ მათთან მეთანამშრომლა, ანუ "ქართული ოცნების" წევრების თუ ტელევიზიის თანამშრომლების შესახებ მაკომპრომატებელი მასალები უნდა მიმეწოდებინა. მათთვის არაფერი მიპასუხია, მაგრამ ეს ამბავი ტელევიზიის ხელმძღვანელობას ვუამბე. შემდეგ მათგან ერთ-ერთი ადამიანი ამოვიცანი, თუმცა მისი ვინაობის საჯაროდ გამხელის უფლება არ მაქვს, რადგან საქმეს პროკურატურა იძიებს. ამ ამბიდან ძალიან მალე ჩემი ბინა გატეხეს, ყველაფერი ამოტრიალებული იყო, თუმცა ძვირფასეულობისა და ფულისთვის ხელი არ უხლიათ, საერთოდ არაფერი იყო წაღებული. ეს ორი საქმე გამოძიებამ ერთმანეთს დაუკავშირა. იმედი მაქვს, ყველაფერს გამოიძიებენ და სიმართლეს შევიტყობ.

- ახლახან კვლავ მოხვდი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდი სხვა ჟურნალისტებთან ერთად.

- ყოველთვის, როდესაც ჟურნალისტებს სააკაშვილთან გვიწევს შეხვედრა, პირველ კითხვას ტელეკომპანია "რუსთავი 2" სვამს. ახლაც ასე მოხდა... შეხვედრის დაწყებამდე ჩაით გაგვიმასპინძლდა, შემდეგ კი ძალიან ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არა იმ საკითხებზე, რაც ჟურნალისტების უმრავლესობამ ვკითხეთ... ის ერთი თემიდან მეორეზე გადასვლის ოსტატია, თანაც ისე, რომ კონკრეტულ კითხვაზე ამომწურავად კი არა, შეიძლება გაკვრითაც არაფერი თქვას. ახლაც, 2 საათის განმავლობაში ის ილაპარაკა, რაც თვითონ სურდა. ამ შეხვედრაზე აიპადით ვიყავი მისული და ვიდრე ის საუბრობდა, მე ინტერნეტში ვკითხულობდი საზოგადოების აზრს პრეზიდენტის ამ გამოსვლაზე. როდესაც განაცხადა, რომ "ლიბერთი ბანკი" და "თიბისი ბანკი" რუსულმა კომპანიამ იყიდაო, რამდენიმე წუთში "ლიბერთი ბანკის" პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და არც იგეგმებაო. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და მაშინვე ვუჩვენე გურგენიძის განცხადება, რასაც არ მოელოდა, თუმცა მაინც დაიძვრინა თავი და თქვა, ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მომაწოდა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, "თიბისი ბანკი" იყიდებაო, თუმცა როცა "თიბისი ბანკმაც" უარყო ეს ინფორმაცია, სააკაშვილს საბოდიშოდ გაუხდა საქმე.

ამის შემდეგ ვკითხე საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერლის, ივანა მელაის მამის, სვიატოსლავ მელაის შესახებ, რომელზეც უკრაინამ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა და რომელიც თბილისშია დაკავებული. ცოტა ხნის წინ მას პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა საქართველოს წინაშე გაწეული დამსახურებისთვის (მისი დამსახურება კი, ალბათ, ივანას მამობაა). როდესაც ვუთხარი, რა დამსახურებისთვის მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა სვიატოსლავ მელაის-მეთქი, მკითხა, ეგ ვინ არისო? მეც ვუთხარი, ვინც იყო და ძალიან ზოგადი პასუხი გამცა - ამ საკითხს განვიხილავო.

- როდესაც მიხეილ სააკაშვილს არასასურველ კითხვებს უსვამთ, როგორი რეაქცია აქვს?

- საკმაოდ იმპულსური პიროვნებაა. რომ არ მოელი, მაშინ იფეთქებს და მალევე წყნარდება. სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ ცდილობს, მწვავე შეკითხვებს მშვიდი სახით უპასუხოს.

- მაყურებელს ისეთი განცდა დარჩა, რომ სააკაშვილმა დროზე ადრე დატოვა შეხვედრა...

- როდესაც "მაესტროს" ჟურნალისტმა თამარ ილურიძემ ჰკითხა, ითანამშრომლებთ თუ არა პროკურატურასთანო, სააკაშვილი აშკარად გაბრაზდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზული იყო და მაშინვე დატოვა დარბაზი. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. 2 წუთის განმავლობაში ხმა არავის ამოგვიღია, ბოლოს ისევ მე ვიხუმრე, ეგრე არ დარჩეთ-მეთქი. ავდექით და წამოვედით...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები