"სააკაშვილს ძალიან აღიზიანებს ვასიკოს ა(მ)ბები"

"სააკაშვილს ძალიან აღიზიანებს ვასიკოს ა(მ)ბები"

ბექა ადამაშვილი 19 წლის იყო, როდესაც დააარსა ბლოგი doin.ge, სადაც "მჩხაპნელის" ფსევდონიმით, მიმდინარე მოვლენებს სატირულ-იუმორისტულად ასახავს. ეს ბლოგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბექამ კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა მაგისტრატურაში სწავლა ფსიქოლოგიის განხრით განაგრძო. გარდა ამისა, ის სცენარისტია ერთ-ერთი პოპულარული სატელევიზიო გადაცემისა, "ყოველდღიური ა(მ)ბები ვასიკო ოდიშვილისგან"...

- ბექა, ერთ-ერთი სცენარისტი ხარ გადაცემისა "ყოველდღიური ა(მ)ბები ვასიკო ოდიშვილთან ერთად"...

- ამ გადაცემაში სწორედ ჩემი ბლოგის წყალობით მოვხვდი, უფრო სწორად, იმ ადამიანმა მიმიყვანა, რომელიც ჩემი ბლოგის მკითხველი იყო. სამთვიანი გამოსაცდელი ვადა მომცეს და ამიყვანეს. უკვე 6 თვეა, აქ ვმუშაობ. სულ 7 სცენარისტი ვართ, თუმცა მათი ვინაობის დასახელებისგან, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ.

- როგორ კეთდება ვასიკოს ა(მ)ბები?

- ვიდრე საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზებულია, ვასიკოს ა(მ)ბები აქტუალური იქნება. მთელი დღის განმავლობაში ვაგროვებთ ამბებს, შემდეგ ვარჩევთ, რომელი სიტუაციის გაშარჟება შეიძლება და ერთობლივად ვადგენთ ტექსტს. ამ ყველაფერს ვასიკოც კარგად ირგებს, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ვასიკოც მონაწილეობს სცენარის წერაში, თუმცა სარედაქციო საქმიანობაში არ ერევა.

- სააკაშვილი - "ჩემი მაღალი", უგულავა - "ტანადი"... ვისი მოფიქრებულია ეს მეტსახელები?

- ასე დროთა განმავლობაში დაერქვათ და შემდეგ ვასიკომ დაამკვირდა. კონკრეტულად ვისი მოფიქრებულია, არ ვიცი. როდესაც მათთან დავიწყე მუშაობა, უკვე შერქმეული ჰქონდათ ეს სახელები. რაც შეეხება ანეკდოტებს, მათ მსჯელობისას ვიგონებთ. შეიძლება ძველი ანეკდოტებიც გავათანამედროვოთ. მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ვასიკო ისეთი სახით და მიმიკებით ჰყვება, რომ გინდა თუ არა, იცინი. ასე, ვიდრე ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკაშია, ვასიკოს ა(მ)ბები ყოველთვის აქტუალური იქნება.

- ვასიკო ახალ ხელისუფლებასაც არ ინდობს. ცოტა ხნის წინ აგინა კიდეც...

- დედა არ უგინებია, თუმცა ხუმრობით იყო რაღაც მსგავსი.

- რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ განაწყენებულა?

- შეიძლება ვინმეს ეწყინა რაღაც, მაგრამ არავის დაუჩივლია, რატომ ხუმრობთ ჩემზეო.

- ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან არ უყვარს ვასიკოს ა(მ)ბებიო...

- სააკაშვილს პირადად არ უსაყვედურებია, თუმცა ჩვენც გვსმენია, რომ ძალიან აღიზიანებს ვასიკოს აბები.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ვასიკო ოდიშვილის სამედიცინო კვლევა - როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვასიკო ოდიშვილი: "თქვენი გამაოცებელი დემოკრატიაც მო.... და მთელი ნაცლიბერალიზმიც ზედ დავაყოლე"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები