სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა

სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევა

სათამაშო ბიზნესი, რომლის მთავარი ხიბლი იღბალი და გამართლებაა, თავისივე კანოზომიერების წინაშე დგას. ახლო მომავალში შედეგიც, შესაძლოა, ზუსტად ისეთი დაუდგეს, როგორიც რისკისა და თამაშის მოყვარულებისთვის უცხო არ არის - ყველაფერი ან არაფერი. ამ შემთხვევაში "სათამაშო მაგიდა" საქართველოს პარლამენტი იქნება.

პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანო სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის საკითხს განიხილავს. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მხარს შემდგომ მოსმენებზეც დაუჭერენ, სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამა აიკრძალება.

მეორე მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ განხილვები უღრუბლო არ იქნება და პრინციპულობის შენარჩუნებას ბოლომდე გეგმავს, თუმცა აქ პრინციპულობა ცოტა რბილი ნათქვამია. დეპუტატს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით რადიკალური მიდგომა აქვს და აცხადებს, რომ რეკლამის აკრძალვის შემდეგ პარლამენტში კანონპროექტი უკვე თამაშის სრული აკრძალვის შესახებ შევა და ეს მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

უნდა იყოს დაშვებული თამაში თუ არა. ამ კითხვის პასუხი, ალბათ, უფრო მეორე კითხვაში უნდა ვეძებოთ - რა არის ფულზე თამაში, გართობა, თუ დამღუპველი მავნე ჩვევა. შეხედულებები ამ შემთხვევაშიც ორად იყოფა - მიზეზი მარტივია. არსებობს მოთამაშეების კატეგორია, რომელიც ფულთან და იღბალთან თამაშით სიამოვნებას რეალურად იღებს, მეორე მხრივ კი არიან ისეთებიც, რომლებიც "ცოდვილობას" თამაშს ეძახიან და რიგ შემთხვევებში სახლკარის გარეშე დარჩენილები თვითმკვლელობამდეც მიდიან.

არის თუ არა მართებული სრული აკრძალვა და რას შეცვლის ეს მოთამაშეებისთვის. ვიდრე ამ თემაზე დასკვნების გამოტანას დავიწყებთ, ალბათ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფულზე თამაში და მასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდეც არსებობდა, ვიდრე ქვეყანაში კაზინოები და მით უმეტეს, ინტერნეტ კაზინოები გაჩნდებოდა. ალბათ, გარდაუვალია, რომ აზარტული ადამიანები ლეგალური დაწესებულებების აკრძალვის შემდეგ იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და არგუმენტია, რაზეც კანონშემოქმედებს მსჯელობა აუცილებლად მოუწევთ. ნაწილობრივ აკრძალვის მსურველების არგუმენტი არის ის, რომ სიტუაცია დღეს უფრო უკონტროლოა და ინტერნეტკაზინოში თამაში ნებისმიერ არასრულწლოვანს, ან სულაც მცირეწლოვან ბავშვს შეუძლია, თუმცა ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რეალური კაზინოების ხელმძღვანელები და მიზეზიც აქვთ. როგორც წესი, მათ დაწესებულებაში მოხვედრა ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. მათ კანონი კაზინოში 21 წლამდე პირების შეშვებას უკრძალავს და ეს მოთხოვნა სრულდება. ამასთან, მოქმედებს სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოთამაშის ახლობლის, ან ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, თუ საუბარი იქნება თამაშის გამო გამოწვეულ პრობლემებზე, პირი ავტომატურად "შავდება" და მას კაზინოში თამაში ეკრძალება.

ამასთან, კაზინოები არ ეწინააღმდეგებიან რეკლამის შეზღუდვას და თანხმდებიან ასაკობრივი ცენზის გაზრდაზეც, თუმცა ბიზნესის მთლიანად აკრძალვა დაუშვებლად მიაჩნიათ. მათთვის ასევე მიუღებელია კაზინოების, როგორც მსოფილოში მიღებული სოლიდური და პრესტიჟული ბიზნესის რეპუტაციის შელახვა. კრიტიკოსებს კი ახსენებენ, რომ როგორც ქართველი მოთამაშეების, ასევე უცხოეთიდან შემოსული ტურისტების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და მათთვის თამაში არა დამღუპველი სენი, არამედ გართობის კარგი საშუალებაა. აქვე ასახელებენ ათეულობით განვითარებულ ქვეყანას, სადაც თამაში როგორც ლეგალური, პრესტიჟული ბიზნესი მიღებულია და ამ სფეროს სწორედ კაზინოები აწესრიგებენ. შედარებისთვის კი ამბობენ, რომ ისეთი ქვეყნები, სადაც თამაში აიკრძალა და პროცესმა არაოფიციალურ გარემოში გადაინაცვლა, მაგალითად აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი, კორუფციის ბუდედ იქცა.

ღია დაწესებულებებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, ინტერნეტკაზინოებს საკუთარი პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებიათ. სავარაუდოდ, მათი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იქნება, რადგან ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები სწორედ ამ თავისუფალი და მარტივი სათამაშო სამყაროს მიმართ არსებობს. მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ შედეგის და თამაშზე დამოკიდებულების პრევენციის თვალსაზრისით, არც ქართული ვებ-გვერდების აკრძალვა იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი. ამ შემთხვევაში მომხმარებლები მარტივად გადაინაცვლებენ უცხოურ ინტერნეტ-კაზინოებზე, სადაც მარტივი საბანკო გადარიცხვებით შეძლებენ თამაშს. საბოლოდ კი გამოვა ისე, რომ უიღბლო ქართველების წაგებული ფული ევროპულ ბიზნესს წაადგება. ბოლომდე პესიმისტურად ნუ მივუდგებით და ისიც ვთქვათ, რომ იღბლიანი ქართველებიც არსებობენ, რომლებიც მოგების შემთხვევაში, ლარის მაგივრად ევროს ანგარიშებს შეივსებენ.

ისევ მოგების თემას რომ მივყვეთ, შეგახსენებთ, რა მოგება მოაქვს კაზინოებს სახელმწიფოსთავის. ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესი კარგი გადამხდელია და ყოველწლიურად ბიუჯეტს დაახლოებით 140 000 000 ლარით ავსებს. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობად მიიჩნევა და ამ მხრივაც დამატებითი შემოსავლები მოაქვს.

აქვს თუ არა ფულს სუნი - არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები, რომლებიც თამაშის აკრძალვას მოითხოვენ, ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი, ამავე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ცრემლისა თუ სისხლის ხარჯზე არ უნდა ივსებოდეს - ანუ ნამდვილად აქვს. თუმცა შესაძლოა, უფრო ცუდი სუნი მაშინ აუვიდეს, როდესაც აზარტული თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს.

ბექა პატურაშვილი

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო