თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება

თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება

რადიო "პალიტრის" დილის გადაცემა, "დილის პალიტრა" რადიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ კი გადაცემა "გატელევიზორდა" და ამჯერად მისი ნახვა ტელეკომპანია "პალიტრა ტვ-ს" ეთერშია შესაძლებელი. როგორც მსმენელები და მაყურებლები აღნიშნავენ, დილის გადაცემას დადებითი ენერგია მოაქვს და მოსასმენ-საყურებლად სასიამოვნო და სახალისოა. გადაცემის ამბებისა და სიახლეების შესახებ მხიარულ წამყვანებსა და პროდიუსერს ვესაუბრეთ.

ლაშა გაბუნია:

- მე და თამთა შევაბერდით ერთმანეთს! 2009 წლიდან ერთად ვმუშაობთ...

თამთა კვარაცხელია:

- 2010 წლიდან ვმუშაობთ ერთად, სულ მალე სამი წელი გახდება...

ლაშა:

- ჩემი დაბნეულობა უძილობის ბრალია. საეთერო სტუდიიდან როგორც კი გამოვდივარ, ენერგია მეცლება. თამთას უსაზღვრო დადებითი ენერგია აქვს. შეუძლებელია, მის გვერდით მოწყენილი იჯდე. ვცდილობთ, ერთმანეთი დადებითი ენერგიით დავმუხტოთ, მაყურებელსა და მსმენელს კი კარგი განწყობა შევუქმნათ. თამთა ტოროლაა, მე ღამურა ვარ, ასე რომ, დილაობით მისი დახმარება ძალიან მჭირდება.

თამთა:

- ერთი შეხედვით, ჩვენი ტანდემი არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ დილაობით ერთმანეთის გამოფხიზლება არაჩვეულებრივი შედეგით მთავრდება. ეს კი გადაცემაზე აისახება და საბოლოოდ ბევრი აღნიშნავს, რომ "დილის პალიტრა" ცოცხალი და ინფორმაციული გადაცემაა. ჩვენს დილას ძალიან ბევრი დეტალი აქვს, რომელიც დილის სხვა გადაცემებისგან გამოარჩევს.

ლაშა:

- ჩვენი გადაცემა მაშინაც გამორჩეული იყო, როცა მხოლოდ რადიოთი გადაიცემოდა. ახლა, როცა უკვე ტელევიზიითაც შეიძლება ჩვენი ნახვა, ხარისხზე გაცილებით მეტს ვზრუნავთ. აგერ, თამთა უკვე თმადავარცხნილი დადის სამსახურში...

თამთა:

- ჰო, აქამდე რადიოეთერი თმის დავარცხნას არ მოითხოვდა და თამთაც თმადაუვარცხნელი დადიოდა (იცინიან). სულ ასეც არ ყოფილა, მაგრამ სატელევიზიო ეთერი გარეგნობისთვის მეტი ყურადღების დათმობას ითხოვს. ჩემს მდგომარეობაში (თამთა 8 თვის ორსულია) ცოტა ძნელია, გარეგნობაზე იფიქრო და ყველაფერი გაითვალისწინო, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ საქმეს ყოველთვის დიდი სერიოზულობით ვეკიდებით.

- თქვენი გადაცემა დღითი დღე მრავალფეროვნდება, მომიყევით, როგორ იცვლება ყველაფერი...

- ტელეეთერში გასვლის შემდეგ ჩვენი დილა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. როცა ბევრი და მრავალფეროვანი საქმე გაქვს საკეთებელი, იმაზე აღარ ფიქრობ, გადაცემის დასრულებამდე რამდენი წუთი დაგრჩა. მიუხედავად ამისა, ეთერშიც ხშირად ვამბობთ ჩვენს საყვარელ სიტყვებს: "როდის მოვა პარასკევი, როგორ გვიყვარს პარასკევი"...

ლაშა:

- ხუთშაბათი იმიტომ გვიყვარს, რომ პარასკევი ახლოვდება, ოთხშაბათი იმიტომ, რომ პარასკევამდე 2 დღეა დარჩენილი და ა.შ. (იცინიან).

- ლაშას ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თამთა, შენ კამერასთან მუშაობა ხომ არ გაგჭირვებია?

- მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია, მგონი, ყველაფერი კარგად ავითვისე. ჩემი გამოუცდელობა ეთერს პირველ დღეებშიც კი არ დასტყობია.

ლაშა:

- ტელეეთერი მეტი პასუხისმგებლობაა, რადგან ხმასთან ერთად ვიზუალურ მხარესაც დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი "მოჯღუნული" სახის ყურება არავის ესიამოვნება. ამიტომ ეკრანის მიმართულებით ენერგიულ ფლუიდებს ვუშვებთ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცის გამო ეთერის გაგრძელება ვეღარ შეძელით?

- კი, ისეთი ტექსტი წაგვიკითხავს, სიცილისაგან სკამზე ვეღარ შემიკავებია თავი და ეთერის გაგრძელებაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი ყოფილა.

თამთა:

- ერთხელ მახსოვს, იმდენი ვიცინე, ჩავბჟირდი და მოსასულიერებელი გავხდი. ვფიქრობ, მხიარული განწყობა დილის ეთერს უხდება კიდეც.

ლაშა:

- ფილმი "აფონია" თუ გახსოვთ, მილიციის უფროსს სასწაული გვარი რომ აქვს?! იმაზე უარესი გვარი ჰქონდა ერთ ჩინელს, რომელის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით. ახლა რაღა გამახსენებს იმას! ძლივს მოგვასულიერეს. რაც მთავარია, დილით ნამდვილად ხალისიანი განწყობა გვაქვს. გასახალისებლად იღლიაში ქლიბის გასმა არ გვჭირდება.

- ხმა თუ დაგიკარგავთ?

თამთა:

- საბედნიეროდ, არა. თუ პრობლემა გვაქვს ყელზე, ამას ყავა ან ჩემი გამომცხვარი ღვეზელები შველის.

ლაშა:

- დილაობით კვერცხს არ ვყლაპავთ, მაგრამ კოკას გადაცემის დრო რომ მოდის, რომელიც "ინტერნეტ პალიტრის", საინფორმაციო გამოშვებისა და სპორტის ახალი ამბების წამყვანია, ჩვენ გარეთ გამოვდივართ და ყელს ვიწმენდთ ხოლმე (იღიმის).

ზუსტად ამ დროს, თითქმის ხსენებას ელოდებოდა, "ინტერნეტ პალიტრის" წამყვანი, კოკა კვირკველია შემოგვიერთდა.

კოკა:

- დილის გადაცემაში ჩემი სტილი აკადემიურია. თამთასთან ერთად კი სულ სიცილ-ხარხარია სტუდიაში. შეუძლებელია, მისი დადებითი განწყობა არ გადმოგედოს. ამას წინათ, ეთერში გასვლის ბოლო წამამდე მთელი ხმით ვხარხარებდით.

- კოკა, შენ "ინტერნეტ პალიტრის" მიმოხილვას აკეთებ...

- ადრე რამდენიმე თემის მიმოხილვას ვაკეთებდი. ახლა კი ეს ყველაფერი გაერთიანდა, სახელი კი "ინტერნეტ პალიტრა" დაერქვა. აკადემიური სტილის საინფორმაციო გადაცემას ვუძღვები. ამასთან ერთად, სპორტის მიმოხილვასაც ვაკეთებ, ეს სფერო ჩემთვის ახალი იყო, ალბათ მეტყობა კიდეც, აბსოლუტურად არასპორტული ადამიანი გახლავართ, მაგრამ ზოგადად, რადიოში მუშაობის თხუთმეტწლიანი, სატელევიზიო მუშაობის კი ოთხწლიანი გამოცდილება მაქვს.

- მამაკაცებო, ორსულ ქალბატონს თუ ანებივრებთ?

- ვცდილობთ, რომ კარგ ხასიათზე იყოს და მეტისმეტად არ გადაიღალოს.

თამთა:

- ჩემს მდგომარეობას "საინტერესო მდგომარეობას" ეძახიან. რაც მთავარია, მოვლა არ მჭირდება და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. ერთი ესაა, ხშირად ვამბობ ხოლმე, სად წამომეწია ეს ტელევიზია, ახლა ჩემი ეთერში გამოჩენა იქნებოდა-მეთქი?!

- როგორც ვიცი, რამდენიმე ახალი რუბრიკა კიდევ დაგემატებათ...

კოკა:

- ჩვენი დილა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ვფიქრობთ, რომ მომავალში გაცილებით საინტერესო და უკეთესი იქნება სხვა დილის გადაცემებთან შედარებით. მით უმეტეს, რომ დღითი დღე ვიზრდებით და ვვითარდებით.

ირმა სინაურიძე-მაყაშვილი, დილის გადაცემის პროდიუსერი.

- უკვე დიდი ხანია, მედიის სფეროში ვმუშაობ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ჩვენს გუნდთან ერთად ერთად ძალებს არ ვიშურებთ, რომ მსმენელ-მაყურებლებს საუკეთესო განწყობა შევუქმნათ. პირადად მე, საქმის ზერელედ გაკეთება არ მჩვევია. ჰოროსკოპის წერასაც კი დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, რადგან საზოგადოების ინტერესის საგანს არ შეიძლება, უყურადღებოდ მოეპყრო.

- თქვენი დილა საკმაოდ ადრე იწყება...

- მართალია, ხანდახან ძალიან გვეძინება, ხანდახან მოწყენილებიც მოვდივართ სამსახურში, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, საეთერო სტუდიაში შემოსვლისთანავე ენერგიით ვივსები და ყველაფერი მავიწყდება. წარმოვიდგენ, რომ არის ადამიანი, რომელიც უსმენს ჩვენს გადაცემას და არ მაქვს უფლება, მას იმედი გავუცრუო. ალბათ სწორედ ესაა საკუთარი საქმის სიყვარული. მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივი გუნდის წევრებთან ვმუშაობ. მათდამი დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ისინიც მუდამ გვერდით მიდგანან, ცდილობენ, ყოველთვის ფორმაში იყვნენ... დილაადრიან სამსახურში მოსვლა და გადაცემის დასრულების შემდეგ ახალი გადაცემის მომზადება დიდი დატვირთვაა. რომ არა ეს საოცარი გუნდი, ალბათ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ჩვენი წამყვანი, თამთა, რვა თვის ორსულია და ვცდილობ, გავუფრთხილდე, მაგრამ თავად ისეთი აქტიური და ცოცხალი ადამიანია, თავს არაფერში ზოგავს. ამას წინათ მითხრა, - დილით ცუდად ვიყავი, ვიფიქრე, შენთან დავრეკავდი და გეტყოდი, ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ... ამ დროს შენი სახე წარმოვიდგინე და მომენტალურად ყველაფერმა გადამიარა, წამოვხტი და სამსახურში წამოვედიო. "დილის პალიტრასთან" ერთად ყოველი დღე სრულიად განსხვავებულია და დიდი ბედნიერებაა, როცა ბევრ საინტერესო პროფესიონალ ადამიანთან ერთად მუშაობ.

- მსმენელ-მაყურებელი ახსენეთ, რადიოს დილა უკვე "პალიტრა ტვ-ს" ეთერში გადის...

- დიახ, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაგვიჩნდა. ჩვენი დილის გადაცემა უკვე ტელევიზიასაც მოიცავს ანუ "გავტელევიზორდით". ტელევიზიას რადიოსგან სრულიად განსხვავებული ტემპი აქვს, მაგრამ შევეცადეთ, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთისათვის "დაგვემთხვია". გვემატება ბევრი ახალი რუბრიკა, ზოგი რუბრიკა უკვე გადახალისდა. სულ მალე დილის ეთერში საბავშვო რუბრიკა დაგვემატება. პატარა წამყვანები უკვე ავარჩიეთ, რომლებსაც მე კრეატიულ წამყვანებს ვეძახი. მათ მიერ გალამაზებული დილა უფრო საინტერესო და სახალისო იქნება. ამ დაძაბული ვითარების პირობებში ბავშვების ეთერში შემოსვლას დადებითი ენერგია მოაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ "ჩაჯდებიან" საეთერო დილაში პაწაწინა ბავშვები.

- ქალბატონო ირმა, მკაცრი პროდიუსერი ბრძანდებით?

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამუშაოს დიდი სერიოზულობით ვეკიდები, შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ იმდენად კარგ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, წარბის შეკვრის შესაძლებლობა თითქმის არ მაქვს. ხარვეზები, ბუნებრივია, ხდება ხოლმე პირდაპირი ეთერის დროს, მაგრამ ამას პირველ რიგში, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, მერე კი სხვებს ვეჩხუბები. ჩვენი სფერო, რადიო და ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია, ფაქიზად მოპყრობა სჭირდება, არ უნდა მოჩქმიტო, არ უნდა გაჭრა... თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები