სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?

სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?

"ყველა სიახლის" მე-9 ნომერში (27 თებერვალი - 5 მარტი) დაიბეჭდა ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტიას 100 000 ლარის უკანონოდ აღებაში ადანაშაულებდა. რესპონდენტი ჰყვება, რომ 20 წლის წინ მამამისს, დავით გოგიაშვილს ("ქართული ხმების" ყოფილი წევრი) პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას სიმამრმა, მშენებელმა გრიგოლ ხვიტიამ თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე გოგიაშვილების კუთვნილი სახლის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება შესთავაზა, თუმცა, მშენებელმა პირობა არ შეასრულა... ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია დაგვიკავშირდა:

- არ ვაპირებ ვინმეს წინაშე თავის მართლებას, თანაც ეს საქმე ეხება ჩემს მშობლებს, კონკრეტულად, დედას, დოდო მარდალეიშვილს და არა მე. ეს "მონათხრობი" მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურ საფუძვლებს და მიზნად ისახავს ჩემი მეუღლის, ირაკლი ფირცხალავას დისკრედიტაციას საზოგადოებაში. მე ვეკითხები სალომე გოგიაშვილს: ვის გადასცა 100 000 ლარი - ადვოკატს, აღმასრულებელს, გიო ხუციშვილს, ირაკლი ფირცხალავას თუ ქვის ქვეშ დადო, მე რომ ამეღო? მე მასთან კონტაქტი არ მქონია, ადვოკატისა და აღმასრულებლის მეშვეობით ვუკავშირდებოდი. ანგარიშზე მხოლოდ 6 000 დოლარი აქვს შეტანილი, რომლის ქვითარიც არსებობს და თუ რაიმე სხვა ქვითარი აქვს, წარმოადგინოს. რაც შეეხება ქონებას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დავის საგანი, დედას მიეკუთვნა ამხანაგობის წევრებთან მორიგების საფუძველზე. ეს იყო 105 კვმ ფართობი, რომელიც ვერ მივიღეთ იმის გამო, რომ თავისუფალი ბინა რეალურად არ არსებობდა. ამიტომაც, ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ, ბინის სანაცვლოდ მოვითხოვეთ მისი საფასური, რომელიც სოლიდარულობის პრინციპით უნდა გადაენაწილებინათ და გადაეხადათ ამხანაგობის წევრებს. მივიჩნიეთ, რომ ეს იქნებოდა უფრო მისაღები გზა, ვიდრე ამხანაგობის რომელიმე წევრის გამოსახლება ბინიდან. თანაც, ეს ვალდებულება ეკისრებოდა ყველა წევრს, რადგან თავის დროზე, თითოეული მათგანის ხელმოწერის საფუძველზე, უსამართლოდ გააგდეს დედაჩემი დოდო მარდალეიშვილი ამხანაგობიდან. რა, უნდა გავჩერებულიყავით და არ მოგვეთხოვა, რაც კანონით გვეკუთვნოდა? რატომ განიხილება ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში, ჩემთვის გაუგებარია.

- მამათქვენმა თუ შეასრულა 20 წლის წინ სალომე გოგიაშვილის მამასთან გაფორმებული ხელშეკრულება?

- 20 წლის წინ, იმ ურთულეს პირობებში, როცა მთელი რიგი პრობლემები წარმოიშვა, დავასახელებ თუნდაც ინფლაციას, მამამ მაინც შეასრულა სამუშაოს ძირითადი ნაწილი, აშენდა საძირკველი, არასაცხოვრებელი სართულები და კიდევ 4 სართული. რაც შეეხება გოგიაშვილის ბებიის თავდაპირველ მოთხოვნებს, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბრალდებას, რომელშიც ერთი წინადადებაც კი არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია ჩემი ოჯახის დისკრედიტაციისაკენ, მხოლოდ სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები