შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს

შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს

24 წლის მიშა ცინცაძე "კომედი არხზე" გადაცემა "სოლოხუთეულს" ამზადებს: ოთო ლომთაძესთან, დავით გოგოხიასთან და ალეკო ახალაძესთან ერთად ცდილობს, ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების კლიპების პაროდიები ორიგინალს მაქსიმალურად მიამსგავსოს...

- როცა სერიალის - "ალუბლების ქუჩა 12" გადაღება დაიწყო, ბათუმში ვმუშაობდი. "კომედი ჯგუფიდან" დამირეკეს და სერიალის სცენარისტობა შემომთავაზეს. მას შემდეგ, ამ ჯგუფთან ვთანამშრომლობ: "კომედი შოუს" მსახიობი და სცენარისტი ვარ. პარალელურად, "ვანოს შოუზეც" ვმუშაობ. "კომედი არხი" რომ გაიხსნა, იქ ჩემი გადაცემით გადავედი. ცოტა ხნის წინ, ცნობილ ადამიანებთან დუეტების ჩაწერა დავიწყეთ. ეს კლიპს უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად, "უმათურმანის" სიმღერის პაროდია - "მიშათურმანის" "შოკა" იმიტომ ჩავწერეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეს მუსიკალური ჯგუფი საქართველოს ეწვია, აქტუალურია... ჯგუფის წევრები უმა თურმანს უმღერიან, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ქართველი მსახიობისთვის გვემღერა და შორენა ბეგაშვილი შევარჩიეთ, რადგან ძალიან მიმზიდველი ქალბატონი გახლავთ, ბევრს უყვარს, თანაც - სერიალში "ქეთი და კოტე" თამაშობს.

- შორენა კლიპის გადაღების იდეას როგორ შეხვდა?

- მშვენივრად. სიმღერის ტექსტის გამო ბევრი იცინა და კლიპში გადაღებასაც მშვენივრად გაართვა თავი.

- კლიპში შორენაზე შეყვარებულ თქვენს პერსონაჟთან რაიმე საერთო გაქვთ?

- არა. ის ერთი ჩვეულებრივი ტიპია, რომელიც მსახიობ ქალს "აფანატებს". პირადად მე, ქართველ მსახიობებზე ამ დონემდე შეყვარებული არ ვარ.

- სიმღერების ტექსტებს ვინ წერს?

- ძირითადად, მე და ოთო ლომთაძე.

- მუსიკოსი ხართ?

- მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე: დედა ლიცეუმში მუსიკას ასწავლის, მამას ბათუმში ბენდი ჰყავს. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ბევრ ინსტრუმენტზე ვუკრავ - მამამ ამათვისებინა. ეს საქმე ჩემი ჰობივით არის: ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტს რომ ვნახავ, ვცდილობ, ინტერნეტიდან გამოვიწერო.

- მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია გაქვთ?

- კი. ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტები იმ ოთახში კიდია, სადაც გადაცემის "პლუსები" იწერება.

- მათ შორის, ეგზოტიკური რომელია?

- მაგალითად - პიანიკა. ეს ჩასაბერი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი გახლავთ, რომელზეც სპილოც (რომა რცხილაძე) უკრავს ხოლმე და იგორ კრუტოიც... კიდევ, ჰავაის ნაციონალური საკრავი - უკულელე მაქვს. ეს პატარა, 4-სიმიანი გიტარა გახლავთ...

- ახალ ინსტრუმენტებზე დაკვრას დამოუკიდებლად სწავლობთ?

- ეს იოლი საქმეა: ერთმანეთის მსგავს ინსტრუმენტებს შორის, დაკვრის ტექნიკაში, მცირე სხვაობაა...

- მიშა, სადმე თუ უკრავდით ან მღეროდით?

- თავდაპირველად, მამასთან ერთად ვმღეროდი. მას საბავშვო ჯგუფი - "ჩიორა" ჰყავდა. მუსიკალური კარიერა არ გამიგრძელებია, რადგან ჟურნალისტობა ავირჩიე. მერე აჭარის ტელევიზიაში მივედი. მუსიკა ყველგან მეხმარებოდა: სხვადასხვა გადაცემის მუსიკალურ ტიხრებს, საახალწლო ნომრებს ვამზადებდი... მოკლედ, რაც მუსიკასა და სიმღერას ეხებოდა, ყველაფერში ჩართული ვიყავი. აჭარის ტელევიზიაში გადაცემაში სამზარეულოს რუბრიკის წამყვანი ვიყავი, შემდეგ საავტორო საბავშვო სპორტული გადაცემა - "ესტაფეტა" მიმყავდა, მერე - "ქართული ხალხური ზღაპრები", სადაც მუსიკის გამოყენება აქტიურად დავიწყე. თითო ზღაპარი მიუზიკლივით გამოდიოდა.

- კერძებსაც კარგად ამზადებთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკური კულინარი ვარ, მაგრამ მარტივ რაღაცებს ვამზადებ. გადაცემას შეფ-მზარეულთან ერთად ვწერდი: კერძს ის ამზადებდა, მე კი მაგალითად, ხახვის დაჭრაში ვეხმარებოდი... რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კულინარული საიდუმლო ჩავიგდე ხელთ. ეს გამოცდილება დღესაც მეხმარება, როცა სამზარეულოში მარტო ვრჩები.

- რაიმე კულინარული საიდუმლო ჩვენც გაგვიმხილე...

- სახლის პირობებში, სპეციფიკური გემოს და არომატის მქონე აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა რთულია. ამიტომ, გამოცხობისას გვერდით შეშის პატარა ნაჭერი უნდა დაუდოთ, რათა სპეციფიკური გემო მიეცეს. სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში ფუსფუსი არ მიყვარს. თუკი შინ ოჯახის ერთი წევრი მაინც მეგულება, კერძის მომზადებას მას გადავაბარებ ხოლმე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები