ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"

ნათია მიქიაშვილი: "სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა"

ტელეგადაცემა "ანატომიის" წამყვანი, ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი "მეცხრე არხის" ეთერიდან ყოველ კვირას სხვადასხვა პოლიტიკოსის და პოლიტიკური მოვლენების ანატომიას გვაცნობს. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი მისმა ბოლო გადაცემამ, ფოთის პორტის ანატომიამ მიიპყრო, რომელზეც ინტერვიუში ვრცლად გვესაუბრება:

- ბევრს ეგონა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების სამართალში მისაცემად მხოლოდ ჩემი გადაცემები იკმარებდა, მაგრამ ასე არ არის. განათლებით იურისტი ვარ და გეტყვით, რომ დანაშაულის დამტკიცება ხანგრძლივი პროცესია. გამოძიება და პროკურატურა 26-წუთიანი "ანატომიის" კარნახით ვერ აეწყობა და ვერ იმუშავებს. თანაც გადაცემაში იმას ხომ არ ვამბობ, გინდათ თუ არა, ეს მაღალჩინოსანი დამნაშავეა და დაიჭირეთ-მეთქი. 9-წლიანი მმართველობის პერიოდში სააკაშვილის გუნდმა კარგად ისწავლა თავისი ბნელი საქმიანობის მიჩუმათება. ჩემი გადაცემის წყალობით ხშირად მაქვს ურთიერთობა პროკურატურასთან, ფინანსურ პოლიციასთან და შსს-სთან და, ვიცი, რომ ეს ყველაფერი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს, დღევანდელი სასამართლოს პირობებში. მგონია, რომ დღეს სასამართლო ცდილობს, კრიმინალური ვითარება ხელოვნურად დაძაბოს. თუ გასულ წლებში ნარკოტიკების გამსაღებლები საპატიმროებში ისხდნენ, ახლა იმავე ან სხვა ტიპის მძიმე დანაშაულის ჩამდენთ გარეთ უშვებენ... "ანატომიის" ბოლო, ფოთის პორტისადმი მიძღვნილი გადაცემიდან ნათლად ჩანს, პრეზიდენტს უკვე მერამდენედ აქვს უხეშად დარღვეული კონსტიტუცია. საქმე გვაქვს კლანურ დანაშაულთან. სააკაშვილისთვის საქართველო სააქციო საზოგადოება უფრო იყო, ვიდრე ქვეყანა. მას და მის გუნდს მხოლოდ სათავისო ბიზნესინტერესები ჰქონდათ, თანაც, მოგეხსენებათ მათი მადა...

- თქვენმა გადაცემამ ფოთის პორტის ირგვლივ უამრავი კითხვა გაუჩინა მაყურებელს...

- ფოთის პორტის ფინანსურ მაჩვენებლებში საიმედოს ვერაფერს ნახავთ: 2008 წლის შემდეგ ტვირთბრუნვა ძალიან დაეცა. 2012 წლის სექტემბერში 26 ათასი ტონა ნავთობით ნაკლები შემოვიდა. ზოგიერთ ტერმინალში ტვირთბრუნვა საერთოდ არ ყოფილა. მთლიანად, ყველა ტერმინალში, სექტემბერში 48 ათასი ტონით ნაკლები ბრუნვა აღმოჩნდა. ხოლო იჯარით გაცემულ ტერმინალებში - 62 ტონით ნაკლები. როგორც გავარკვიეთ, საერთაშორისო საზღვაო კომპანიებმა ფოთის პორტისკენ გასაგზავნ ტვირთში დამატებითი თანხის გადახდა მოითხოვეს, ანუ ფრახტი 200 დოლარით გაზარდეს, რაც ფოთის პორტის გაუმართავი მუშაობით ახსნეს. საერთაშორისო საზღვაო კომპანიებმა პრესასთან განაცხადეს, რომ მილიონობით დოლარი იზარალეს, რადგან ფოთის პორტი დატვირთვას ვეღარ უძლებდა. მართლაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა განახევრდა. აზერბაიჯანმა და სომხეთმა უკვე დაიწყეს ალტერნატიული გზების მოძიება. აზერბაიჯანი ტვირთის დიდ ნაწილს ირანში, ბანდერ-აბასში იღებს. ფოთში ტერმინალები არ ჰყოფნით, რადგან მხოლოდ ერთი ნავმისადგომი მუშაობს. ამას დაემატა გაბერილი ტარიფები, რის გამოც ყველა ქვეყანა თავს არიდებს ჩვენს პორტში ტვირთის შემოტანას. მაგალითად, ფოთში ერთი ტონა ხორბლის შეტანა 6 დოლარი ჯდება, ტრაპიზონსა და ნოვოროსიისკში კი გადამზიდი 3 დოლარს იხდის, ბანდერ-აბასში - ერთ დოლარს. ერთი ტონა ქათმის ბარკლის შეტანა ფოთში 21 დოლარი ღირს, ნოვოროსიისკში - 9, ბანდერ-აბასში - 3, ხოლო ტრაპიზონში - 2 დოლარი...

- დღეს ვისია ფოთის პორტი?

- პორტის 15 ტერმინალიდან 8 იჯარით არის გაცემული 20 და 25 წლით, აქ სამი კომპანია ფიგურირებს. ერთ-ერთია შპს "ტრანსფორდი", რომლის 50-50 პროცენტი წილები აქვთ "პეის ჯორჯიას" და ამერიკულ კომპანია "პეის ინტერნეიშენალს", რომლის მფლობელიც არის ამერიკაში მცხოვრები სოსო დოლიძე. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი, მენეჯერი და კრების ოქმის ავტორიც ის არის. სოსო დოლიძე აშშ-ის მოქალაქეა და ნიუ-იორკში იმავე მისამართზე ცხოვრობს, რომელზეც სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია არის რეგისტრირებული. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თავის დროზე როგორ აღმოჩნდა სოსო დოლიძის ხელში ფოთის პორტის გემთსაშენის ერთადერთი ნავმისადგომი. 2010 წლის 26 ოქტომბერს სააკაშვილის განკარგულებაში წერია, რომ ის პირდაპირი მიყიდვის წესით ფოთის საზღვაო ნავმისადგომს 2 მილიონ 200 ათას დოლარად აძლევს გემთსაშენის ერთადერთ გასასვლელს ზღვაში. ფაქტობრივად, გემთსაშენში აშენებული გემი ზღვის გარეშე რჩება, თუ ნავმისადგომის კომპანიამ უარი განაცხადა აკვატორიაში გემის ჩაშვებაზე. კომპანია, რომელმაც პორტის ერთადერთი ნავმისადგომი შეიძინა, ეკუთვნის ამერიკულ ფირმა "პეის ინტერნეიშენალს", რომლის დამფუძნებელიც სოსო დოლიძეა. ვწუხვარ, რომ სოსო დოლიძე ინტერვიუზე ვერ დავითანხმეთ, თუმცა ბატონი სოსო დაგვპირდა, სამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივარ და ვრცელ ინტერვიუს მოგცემთო, ყოფილი ხელისუფლების შესახებ კი ისეთ დეტალებს გაახმაურებს, რაც ბევრმა არ იცის.

- კი მაგრამ, დოლიძე ხომ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ახლობელია...

- არ მგონია, სოსო დოლიძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, ვინმემ რამე აუკრძალოს. თან, როგორც ბატონი სოსოს წარმომადგენელმა შეგვატყობინა, მას თემურ ალასანიასთან ურთიერთობა აღარ აქვს.

- თქვენს გადაცემაში ლაპარაკი იყო იმაზე, თუ როგორ გაათეთრა სააკაშვილმა 155 მილიონი დოლარი...

- ექსპერტების აზრით, სააკაშვილმა ფოთის პორტში ირანული კომპანია "რაკიას" შემოყვანით 155 მილიონი გაათეთრა. შემდეგ კი მოასწრო და, წამგებიანი ბიზნესობიექტის ძირითადი ნაწილი 25-წლიანი იჯარით გადასცა სოსო დოლიძეს, ანუ ამერიკულ ფირმას მიჰყიდა. მით უმეტეს, რომ ყარსი-თბილისი- ახალქალაქის პროექტის ამოქმედებისთანავე, სააკაშვილს ფოთის პორტის ჩაძირვის გასამართლებლად ობიექტური მიზეზი ექნებოდა.

- ამ ყველაფრის გამო დაზარალდნენ თურქი და ჩეხი ინვესტორები...

- თურქი ბიზნესმენი ომერ სარი, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის ჯგუფელი და ახლო მეგობარია, გადაზიდვების ბიზნესშია ჩართული. იგი ფოთის პორტის ერთ-ერთი მოიჯარე ფირმის წილის მფლობელი გახლდათ.

იჯარა 25 წლით იყო განსაზღვრული. პორტში არაბული კომპანია "რაკია" რომ შევიდა, პორტის მიმდებარე მიწა 49- წლიანი იჯარით აიღო, შემდეგ კი შეისყიდა, თუმცა სამი წლის შემდეგ გაყიდვა გადაწყვიტა და ომერ სარის კომპანიას იჯარა შეუწყვიტა. ამის შემდეგ კი თურქ ბიზნესმენს ხელისუფლებამაც შეუთვალა, სასწრაფოდ დაეთმო თავისი წილი. ჩეხ ბიზნესმენს ვლადისლავ ჰალაჩკასაც ასეთივე ბედი ხვდა წილად. გაძევებული ბიზნესმენები ფინანსური ზარალის ანაზღაურებას სასამართლოს ძალით ეცდებიან. აპირებენ პასუხი აგებინონ ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ჩათრეული იყვნენ სახელისუფლებო მაქინაციაში. ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარაა.

ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც, თუ გაუჩნდება სურვილი "ანატომიასთან" სტუმრობისა, მზად ვართ, გადაცემა დავუთმოთ, ოღონდ იმ კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ანალოგიური რამ შევთავაზეთ ვანო მერაბიშვილსა და თენგიზ გუნავასაც, მაგრამ მათგან კატეგორიული უარი მივიღეთ.

- გუნავას "ანატომიაც" საკმაოდ მწვავე გამოვიდა...

- როდესაც მის ანატომიას ვაკეთებდი, სადაც ლაპარაკი იყო მკვლელობაზე, კორუფციასა და ტერორისტულ აქტზე, დავუკავშირდი თენგიზ გუნავას და კომენტარი ვთხოვე, მაგრამ ამაოდ... ეს ადამიანი ხვდება, რომ გვაქვს არგუმენტები, ამიტომაც, თავის მართლების პოზიციაში ყოფნას, დუმილს ამჯობინებს. ანდა რა ეთქმის გუნავას? მართლაც ძნელი ასახსნელია, რაც მათ მანუჩარ ძაძუას დამართეს: მანუჩარ ძაძუასა და კუდის ყოფილი თანამშრომლის ჩვენებიდან მტკიცდება, რომ ძაძუას, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აწამებდნენ სწორედ გუნავას (იმხანად სამხარეო პოლიციის უფროსი) ხელმძღვანელობით და თანდასწრებით. რატომ არ გაგვცა ამაზე პასუხი გუნავამ? არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი, მაგრამ აშკარაა, რომ მანუჩარ ძაძუა სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლია. ნაციონალები ცდილობდნენ, გამოგონილი ტერორისტული აქტებით მიეპყროთ დასავლეთის ყურადღება და მიეღოთ ფული. მოგეხსენებათ, დასავლეთი ამისთვის ფულს არ ინანებს...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები