ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"

ნუცა ქავთარაძე - "აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს"

განახლებულ "იმედის დილაში" საინფორმაციოს წამყვანად მომხიბვლელი ნუცა ქავთარაძე მოგვევლინა, რომელიც მანამადე ოთხი წელი "რუსთავი 2"-ში კორესპონდენტად მუშაობდა. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გოგი ქავთარაძის შვილიშვილი და იმავდროულად მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილის მეუღლეა. მათი სიყვარულის ამბავი სწორედ "რუსთავი 2"-ს უკავშირდება. გულიანად დამალული სამსახურებრივი რომანი აჩიკომ და ნუცამ მალე ქორწინებით დააგვირგვინეს, მართალია, წყვილს შორის 11-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ნუცა ამბობს, აჩიკო ჩემზე უფროსი რომ არ იყოს, მისი ცოლი არ ვიქნებოდიო.

-  ვინაიდან დილის ეთერში საინფორმაციო გადაცემა მიმყავს, 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ, 8-ის 15 წუთზე კი უკვე სამსახურში ვარ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ასე ადრე გაღვიძება გამიჭირდებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, 10-ის ნახევარზე გამოფხიზლება უფრო მიჭირს, ვიდრე ადრე ადგომა. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ წინა დღეს მობილიზებული ვიძინებ, რომ დილით ადრე ავდგე, მოვემზადო, დავწერო ტექსტი და ეთერში საინფორმაციო გადაცემა წავიყვანო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დილა ძალიან ადრე იწყება, საღამოს ადრე მაინც არ ვიძინებ, საერთო ჯამში სამი, მაქსიმუმ, ოთხი საათი მძინავს, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ასეთ დეტალებს ყურადღებას არ აქცევ. შეიძლება ხუთი წლის შემდეგ ამ რეჟიმში ყოფნა ჩემთვის დამღლელი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი გრაფიკი არ მზღუდავს, მით უმეტეს, რომ გვერდით მყავს ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს.

"რუსთავი 2"-იდან "იმედში"

-  საკმაოდ სპონტანურად გადავედი "იმედში", შემომთავაზეს და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, ალბათ კონფლიქტი გქონდა "რუსთავი 2"-ში და ამიტომ წამოხვედიო, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ, როცა გეძლევა შესაძლებლობა რაღაც შეცვალო, ეს უნდა გააკეთო. ოთხი წელი ვიმუშავე "რუსთავი 2" -ში კორესპონდენტად და როცა მომეცა ცვლილების შესაძლებლობა, უარი არ მითქვამს. სხვათა შორის, "იმედშიც" თავიდან კორესპონდენტად გადმოვედი, გარემოს შეცვლა მომინდა. უნდა გითხრათ, რომ დღემდე ძალიან მიყვარს ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც "რუსთავი 2"-ში დავტოვე.

ახალი ამპლუა

-  რასაკვირვველია, პირველი ეთერის წინ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემმჩნეოდა, ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ ეთერს არ ჩავაგდებდი, რადგან ტელევიზიაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, პირდაპირ ეთერში ჩართვებზეც ხშირად ვიდექი, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია, დამიგროვდა გამოცდილება, რაც მეხმარება იმაში, რომ შედარებით ნაკლები შეცდომები დავუშვა. რასაკვირველია, პატარ-პატარა შეცდომები მაქვს, მაგრამ იმდენად სერიოზული არაფერი დამიშავებია, რომ ვიღაცას ჩემთვის თითი დაექნია, მომავალში ალბათ უკეთ წავიყვან, გამოცდილებისა და საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე პროფესიულად ვიზრდები. ყველა ჩემი კოლეგა, რომელიც ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს და მაქსიმალურად კარგად გააკეთოს თავისი საქმე, უფრო რთულ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე მე, რომელსაც დილის ცხრა საათზე ეთერში გასვლისას მევალება ღიმილიანი სახით მოვუყვე მაყურებელს, რა მოხდა ღამით. რასაც მე დილით გიყვებით, იმის მოსამზადებლად ჩემი კოლეგები მთელი ღამე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ წამყვანი, უარი არ მითქვამს ჟურნალისტობაზე, ეთერის დასრულების შემდეგ ვიწყებ კორესპონდენტობას. რაც შეეხება ცნობადობას, რასაკვირველია, ხალხისგან ვგრძნობ სითბოს, რაც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა პოპულარობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

ზრუნვა საკუთარ თავზე

-  მაქსიმალურად ვცდილობ, მაკიაჟი დასვენების დღეებში ან არ გავიკეთო, ან მსუბუქად შევიღებო, ზაფხულობით საერთოდ არაფერს ვისვამ სახეზე. იქიდან გამომდინარე, რომ კვირაში მხოლოდ ერთი დასვენების დღე მაქვს, კვირაობით დილის 11 საათზე მივდივარ სალონში და ვიტარებ ყველა იმ პროცედურას, რაც მჭირდება. ჩემი პროფესია მოითხოვს, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო, რადგან მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასულსაც მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ეკრანზე მიყურებენ, ამიტომ ვგრძნობ ვალდებულებას და პატივისცემას მაყურებლის მიმართ. რაც შეეხება საეთერო ჩაცმულობას, მასზე ძირითადად ავთანდილი ზრუნავს, ყოველთვის ერთად განვიხილავთ სამოსის ესკიზს, თუმცა ყველანაირ სამოსში ვდებ ჩემეულ დეტალს, არა აქვს მნიშვნელობა, ავთანდილი ჩამაცმევს თუ შანელი, ჩაცმულობაში ჩემეული დეტალი აუცილებლად უნდა იყოს. ისე, ჩაცმა ძალიან მიყვარს, ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ იქ, სადაც მომეწონება, ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ მიდის, ამ მხრივ მანებივრებს. საერთოდ, ტანსაცმელს ხასიათის მიხედვით ვირჩევ, შეიძლება სულაც არ მჭირდებოდეს იმ დღეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ვიყო განწყობაზე და ჩავიცვა ან პირიქით, მინდოდეს კედის ჩაცმა და ჩავიცვა. ვერიდები შავ ფერს, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს. ჭუჭყიანი ვარდისფერი და მწვანე ძალიან მიყვარს. ასევე მიყვარს აქსესუარები, მათაც იქ ვიძენ, სადაც მომწონს და თვალს მჭრის (იღიმება).

სამზარეულოში

-  ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, კერძის მომზადება მსიამოვნებს და ორმაგად მახარებს, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი მომზადებული კერძი ძალიან გემრიელია. სამწუხაროდ, უდროობის გამო ხშირად ვერ ვახერხებ საოჯახო საქმეების გაკეთებას, ამ მხრივ ჩემი მეუღლის მშობლები ყველანაირად მიწყობენ ხელს, როცა აჩიკო სახლში ჩემზე გვიან ბრუნდება, ჩემი დედამთილის დახმარებით ვახერხებ იმას, რომ სუფრა ლამაზად გავუშალო და ვასიამოვნო, მას ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული კერძები. მეც და აჩიკოსაც ძალიან გვიყვარს ქათამი ყველანაირ სიტუაციაში, ქათამი მოხარშული, ქათამი შემწვარი, ქათმის სალათა (იღიმება).

ცოლ-ქმრის ურთიერთობა

-  ორივე ძალიან დაკავებული ვართ, მაგრამ ალბათ ამაშიც ძალიან გაგვიმართლა, რადგან ორივემ ვიცით შრომის ფასი და არასდროს ვსაყვედურობთ ერთმანეთს შინ გვიან დაბრუნების გამო. დაქორწინების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, უფრო ბედნიერები ვართ, მაშინ დროის დეფიციტი უფრო იგრძნობოდა, რადგან ერთად არ ვცხოვრობდით, ახლა კი უფრო ლაღად ვართ.

მე და აჩიკოს ყველაფერზე იმდენად იდენტური დამოკიდებულება გვაქვს, რომ ძნელია რამეზე კამათი (იღიმება). ვკამათობთ მხოლოდ უმნიშვნელო საკითხზე, გაბუტვა ჩვენ შორის გამორიცხულია, ან როგორ უნდა გაებუტო ადამიანს, როცა მას 24 საათიდან მხოლოდ 4-5 საათი ხედავ? დანარჩენ დროს ორივე სამსახურში ვატარებთ. ჩვენ შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობას ვერ ვგრძნობთ, ეს ჩვენს ურთიერთობაზე მხოლოდ დადებითად აისახება. აჩიკო ჩემზე უფროსი რომ არ ყოფილიყო, მისი ცოლი არ ვიქნებოდი, რადგან ჩემი ასაკის ბიჭების მიმართ ყოველთვის ბავშვური დამოკიდებულება მქონდა, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ასე იყო. რაც შეეხება საჩუქრებსა და სიურპრიზებს, აჩიკო მთლიანად სიურპრიზია, უნდა, ყოველ წუთს მასიამოვნოს, მაგრამ თავად არ უყვარს სიურპრიზები. მე თვითონ იმდენად მიყვარს სასიამოვნო მოულოდნელობები, რომ მგონია, მასაც გაუხარდება და მაინც ვუკეთებ ხოლმე (იღიმის).

რჩევები და შენიშვნები მეუღლისგან

-  სიმართლე გითხრათ, აჩიკო უფრო ახერხებს უყუროს გადაცემას, როცა ეთერში ვარ, რადგან მაგ დროს იღვიძებს, ვიდრე მე. აჩიკო ძალიან კრიტიკულია, იმას, რაც შეიძლება ყველას გამოეპაროს, უყურადღებოდ არ დატოვებს და რასაც ყველა მაპატიებს, იმას არ მაპატიებს აჩიკო. შეიძლება ისიც კი შეამჩნიოს, თმის ღერი რომ არასწორად მქონდეს, ან ის, რომ რაღაც სიტყვა შეიძლებოდა სხვა სინონიმით მეთქვა. ერთი მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან მერე უფრო მეტად ვმუშაობ საკუთარ თავზე და უფრო მეტად ვიზრდები. რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს, აჩიკოს საქმიანობა იმდენად ლაღია ჩემს საქმესთან შედარებით, რომ შენიშვნის მისაცემი არაფერია. "რუსთავი 2"-ში მუშაობის დროს უფრო ვახერხებდი მეყურებინა აჩიკოსთვის, ახლა "სხვა შუა დღის" დროს მე ძირითადად გადაღებებზე ვარ, მაგრამ თუ თვალი მოვკარი ეკრანზე აჩიკოს, მაშინვე ვიბნევი, ყურადღება მეფანტება. რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, ძირითადად პრემიერამდე ვსაუბრობთ იმ როლზე, რომელზეც მუშაობს, თუ შემიძლია რაიმე რჩევა მივცე, ასეც ვიქცევი. მიუხედავად დაკავებულობისა, მისი ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, მის ყველა პრემიერაზე ვარ ნამყოფი, მხოლოდ ერთ სპექტაკლს ვერ დავესწრი პრემიერის დღეს, მაგრამ მეორე დღეს ვნახე.

დეფიციტური თავისუფალი დრო

-  გართობის მხრივაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები, არ მიყვარს ხმაური და ხალხმრავლობა. მომწონს მშვიდი, წყნარი ადგილები, სადაც შემიძლია ჩემს მეგობრებთან ერთად ჩაი დავლიო, ვისაუბრო ისე, რომ არ დამჭირდეს კივილი და ხმის აწევა. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრების წრეში ვატარებთ, ან ჩვენთვის საყვარელ ადგილებში მივდივართ, ხან ჩვენთან და ხან მეგობრების სახლებში ვიკრიბებით. ჩვენი შეხვედრები ძირითადად სუფრითა და გიტარით მთავრდება, ოღონდ ამ სუფრას არ აქვს ტრადიციული სახე ყანწითა და აურზაურით.

წიგნები - კომფორტი

-  ჩემი რეჟიმის მიუხედავად, წიგნის კითხვას ყოველთვის ვახერხებ, 10 წუთიც რომ მქონდეს თავისუფალი, მაშინაც კი ვცდილობ წავიკითხო, უფრო ხშირად ინტერნეტში ვკითხულობ. წიგნის კითხვა არის ის, რაც კომფორტს მიქმნის, სწორედ ამიტომაც ჩემს საძინებელში წიგნების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, ასეთი გარემოც კი მამშვიდებს. ბოლოს წაკითხულებიდან ყველაზე მეტად "მისტერიები" მახსენდება, "ჰომო ფაბერი" რომ წავიკითხე, დიდი ხნის განმავლობაში მასზე ვლაპარაკობდი. ჩემთვის უსაყვარლესი ნაწარმოები რემარკის "სამი მეგობარია", რამდენი წიგნიც უნდა წავიკითხო, ესენი ჩემთვის მაინც უსაყვარლესი ნაწარმოებები იქნება. როცა თავისუფალი 10 წუთი მაქვს ან ცუდ ხასიათზე ვარ, "პატარა უფლისწულს" ვკითხულობ. ვფიქრობ, რომ ის დიადი აზრი, რომელიც ეკზიუპერიმ ზღაპრად გადმოიტანა, არ არის ბავშვებისთვის, უფრო სწორად, არის ბავშვებისთვის, მაგრამ 60 წლის ასაკშიც კარგი წასაკითხია, რადგან ყველა წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქვამ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები