ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე 40-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა ძლიერმა ქარმა წაიღო. შტორმის სიმძლავრე მატულობს და ზღვა ამ დრომდე ტროტუარზე ამოდის.
ქალაქს გათიშული აქვს გაზმომარაგება, დაზიანებულია ელექტროსადენები. ასევე, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე ტერიტორია დატბორილია, რამდენიმე მოსახლის ეზოში კი ზღვამ ინერტული მასალა შეიტანა. ჩაქვში ერთ-ერთ სახლს ზღვა ძალიან მიუახლოვდა.
როგორც ქობულეთის გამგებელმა თენგიზ ზოიძემ აღნიშნა, დილის შემდეგ შტორმის სიმძლავრე მატულობს. გამგეობაში შექმნილია კომისია, რომელიც ზარალს დაადგენს.
ძლიერი ქარი მძვინვარებს დედაქალაქშიც. ქარიშხალმა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, იუსტიციის სახლის სახურავის ერთ მონაკვეთში ჩამოიწია თუნუქი , თუმცა, მათივე თქმით, დაზიანება სერიოზული არ არის. ამ დროისთვის სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა ავლაბარში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, შემთხვევა წითელწყაროს ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, ძლიერ ქარს დედაქალაქში ამ დრომდე სხვა პრობლემები არ გამოუწვევია.