როგორ აშანტაჟებდა მაკა ცინცაძეს საკუთარი ძმა

როგორ აშანტაჟებდა მაკა ცინცაძეს საკუთარი ძმა

ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო გადაცემის წამყვან მაკა ცინცაძესთან ინტერვიუ არაერთხელ ჩაგვიწერია, მაგრამ დედმამიშვილი რომ ჰყავს, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ანრი ცინცაძე მაკაზე ხუთი წლით უმცროსია და ისიც ტელევიზიაში მუშაობს, ოღონდ კონკურენტ არხზე. ანრი "იმედში" შიდაგადაღებების ოპერატორია. ბავშვობაში ხშირად ჩხუბობდნენ. ამ და სხვა ამებებს თავად მოგვიყვებიან.

მაკა:

-  ორნი ვართ, მე და ანრი. ძმაზე თითქმის 5 წლით უფროსი ვარ. კარგად მახსოვს, დედა რომ ორსულად იყო, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ანრის დაბადების შემდეგ ძალიან ვეჭვიანობდი. სტუმრები, მილოცვები, ყურადღების ცენტრში ახალშობილი და მგონი, გავგიჟდი (იცინის). მისთვის საშიში ვიყავი. ანრი ჯერ კიდევ აკვნის თაობაა, უშუალოდ მას არაფერს ვუშავებდი, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე აკვანს ვაყირავებდი და ვიმალებოდი. ეს დიდი აღიარებაა (იღიმება).

ანრი:

-  სანამ წამოვიზრდებოდით, მაკა ყველაფერზე მეჩხუბებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, კარგად ვაკეთებდი თუ ცუდად. როდესაც მისი მეგობრები სტუმრად მოდიოდნენ, ოთახიდან მაგდებდა, შემდეგ იმათ ვეცოდებოდი და უკან შევყავდი, იმიტომ რომ ის ოთახი ჩემიც იყო.

-  მშობლები ჩხუბის გამო არ გიბრაზდებოდნენ?

მაკა:

-  მკაცრი მშობლები არ გვყავს, რომ ეჩხუბათ ან დავესაჯეთ. თან ანრიც ჩამშვები არ იყო, მაგრამ ჰიპერაქტიური იყო, აკიმს ეძახდნენ და შესაბამისად, მგონი, ყველაფერი გასაგებია. ვისაც ასაკით უმცროსი და ძალიან ცელქი ძმა ჰყავს, გამიგებს (იღიმება).

ანრი:

-  მეც ცუდად ვექცეოდი. ერთხელ მახსოვს, ჩოგანი ვესროლე და იმის შემდეგ შუბლზე იარა აქვს. სროლისთვის მიზეზი არ მქონია, უბრალოდ, ხელში ჩოგანი მეკავა და არ ვიცოდი სად წამეღო. უცებ მაკა დავინახე და ვესროლე. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაკას არასოდეს დავუსჯივარ. უბრალოდ ვჩხუბობდით.

-  ერთ სკოლაში სწავლობდით?

მაკა:

-  არა, მე 128-ე სკოლა დავამთავრე, ანრიმ - 35-ე. სპორტსმენი იყო, ფეხბურთზე დადიოდა, თან ჩემს სკოლაში გაძლიერებულად ვსწავლობდით. ბავშვობაში ოთხწლიანი სხვაობა მაინც იგრძნობა და სხვადასხვა ასაკის მეგობრები გვყავდა. ეს რომ ველოსიპედით დაქროდა, მე უკვე ვიპრანჭებოდი.

-  მაკა, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა, ანრის როგორი ურთიერთობა ჰქონდა მათთან?

ანრი:

-  ერთხელ ძალიან დიდი თაიგული მოართვეს. სადარბაზოსთან ვიდექი და მკითხეს, მაკას თუ იცნობო. თაყვანისმცემელს ყვავილები გამოვართვი, მაგრამ მაკასთან არ ამიტანია. ერთი გოგონა მომწონდა და იმას მივართვი. რვა წლის ვიყავი, როდესაც მაკას ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან ხელშეკრულება გავაფორმე. მისთვის საჩუქრები რომ მიმეტანა, იმ ბიჭს სათამაშო კომპიუტერი ვაყიდვინე, მაშინ ისეთი კომპიუტერი თბილისში ხუთ ადამიანს თუ ექნებოდა. შემდეგ კი, თუ რამე ახალი თამაში გამოვიდოდა, დისკებიც უნდა მოეტანა. შეთანხმება დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი დისკი დამიგროვდებოდა. ბოლოს ეს ამბავი გასკდა, იმიტომ, რომ თავიდან კომპიუტერზე ვთქვი, მათხოვეს-მეთქი. არადა, ამდენ ხანს ვინ მათხოვებდა. თან დისკებიც ნახეს, ძალიან ბევრი დამიგროვდა.

-  საინტერესო ბიზნესი გქონია...

მაკა:

-  ანრი მესამე კლასში იქნებოდა, როდესაც მეგობრებთან ერთად რაღაც ადგილი იპოვა, სადაც იასამნების ბაღი იყო გაშენებული. სახლში რამდენჯერმე იასამნის თაიგული მოიტანა, გვითხრა, რომ ბაღიდან მოჰქონდა. უცებ დედამ აღმოაჩინა, რომ ანრის რამდენ ფულსაც აძლევდა, იმაზე მეტი ჰქონდა და ბუნებრივია, დაინტერესდა საიდან.

ანრი:

-  ერთ დღეს დედა მე და ჩემს მეგობარს გამოგვყვა და გვნახა, რომ იასამნის თაიგულებს მაღლივთან მდგარ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე იაფად ვყიდდით. არადა, ბაღი რომ ვიპოვეთ, ეს იდეა თავში აზრად არ მოგვსვლია. უბრალოდ, ერთხელ იასამნებით მომავალი ერთ-ერთმა მძღოლმა გაგვაჩერა და გვთხოვა, რომ გვეჩუქებინა, რაზეც უარი ვუთხარით. ბოლოს შემოგვთავაზა ვიყიდიო და ჩვენც გაგვიხარდა. არ ვიცი, მძღოლები რას უკეთებდნენ იაფად შეძენილ ყვავილებს, ალბათ შემდეგ უფრო ძვირად ყიდდნენ.

-  მაკა, ანრის არ აწუხებდნენ თაყვანისმცემელი გოგონები?

-  კი, როდესაც ანრი ცოტა გაიზარდა, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებ აქტიურები ყოფილან სასიყვარულო ურთიერთობებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მამაკაცს არ უყვარს. იყო ერთი გაწევ-გამოწევა, მე ანრისთან ვამისამართებდი და მერე ეს იშორებდა. ჩემთან დაახლოებასაც ცდილობდნენ, რომ სახლში ამოსულიყვნენ და ენახათ (იღიმება).

- ერთმანეთს პირადი ცხოვრების შესახებ თუ უყვებოდით?

-  დაახლოებით 15 წლის ვიყავი, ანრისთან რომ დავმეგობრდი, ისიც იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა, ბავშვობიდან გამომძალველი იყო (იცინის). ერთხელ ვიჩხუბეთ მე, ჩემმა მეგობარმა და ანრიმ და ფრჩხილით თვალთან გავკაწრეთ. შესაბამისად დიდხანს მაშანტაჟებდა. მშობლებისთვის რომ არ ეთქვა, შოკოლადებსა და გაზიან სასმელებს ვყიდულობდი და ბოლოს ისე დავიღალე, რომ მე თვითონ ვუთხარი. ერთმანეთის პირადი თემებიც ვიცოდით. არასდროს არაფერი აუკრძალავს, ალბათ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდა.

-  მომავალი მეუღლე როგორ გააცანი?

-  ანრი, ნოდო როდის გაგაცანი?

ანრი:

-  მე თვითონ გავიცანი.

მაკა:

-  აღიარე ახლა, რა ჩაიდინე (იცინის).

ანრი:

-  ერთ საღამოს მაკა მოიყვანა სახლში, მანამდე ორჯერ მყავდა ნანახი. უბანში ბიჭები ვიდექით, ერთ-ერთის დაბადების დღე იყო და სადღაც უნდა წავსულიყავით. მანქანა რომ გააჩერა, მკითხა, რას აკეთებთო. როდესაც ვუთხარი რასაც ვაპირებდით, მაკუნა დატოვა და მისი მანქანით ერთად წავედით. იმ ღამეს სახლში გათენებისას დავბრუნდი. მაკას გათხოვების შემდეგ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ყოველდღე მაინც მათთან ვიყავი.

მაკა:

-  ჩემი გათხოვება დედას უფრო გაუჭირდა. მეც რომ წარმოვიდგენ, კესო რომ გათხოვდება, არ ვიცი, როგორ გადავიტან ამ ამბავს. თან ნოდო და ანრი მანამდე დამეგობრდნენ.

-  ანრი დაოჯახებული არ არის?

-  არა, ეგ ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ არ მიყვარს პირად ცხოვრებაში ჩარევა.

-  შენი მეგობარი თუ მოსწონებია?

-  მოსწონებია კი არა, უყვარდა.

ანრი:

-  მაშინ რვა წლის ვიყავი და პირველი იასამნები იმ გოგონას მივართვი.

მაკა:

-  შემდეგ ჩემი მეგობარი ძალიან პატარა, 15 წლის ასაკში გათხოვდა და ანრიმ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი.

ანრი:

-  მახსოვს, იმ გოგოს მეუღლე ვინც გახდა, ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვერ ვიტანდი.

-  დღეს ორივე ტელევიზიაში მუშაობთ, ოღონდ კონკურენტ არხებზე.

-  დიახ, სამი წელია, რაც "იმედში" ოპერატორად ვმუშაობ. ძირითადად შიდაგადაღებებზე.

-  მაკა, მისი "მაესტროზე" მიყვანა არ გიცდია?

-  არ მიყვარს ასეთი რაღაცები. მაქსიმალურად ვცდილობ, თავად გააკეთოს ყველაფერი და დამოუკიდებლად გამოუვიდა. ყველაზე მთავარი ის არის, ტელევიზიაში მალავდა, ჩემი ძმა რომ იყო.

ანრი:

-  ხალხს ხომ არ გავაჩერებდი და ვეტყოდი, მაკა ჩემი და არის-მეთქი.

მაკა:

-  ვინც მიცნობდა "იმედში" ან სხვა ტელევიზიაში, უთქვამთ, ანრის დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ შენი ძმააო, ოღონდ ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, უბრალოდ, ასეთია. ეს ყველაფერი საკმაოდ ადრე იყო, რაც მთავარია, ამჟამად ბავშვობისგან კარდინალურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, დღეს ყველაზე ახლო მეგობარი ანრია და ბევრი ისეთი ამბავი იცის, რაც სხვებს აზრადაც არ მოუვათ. ანრი, მიყვარხარ!..

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები