შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ეთანხმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გორში სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული.
ამ წუთებში გორის გამგეობის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები საგანგებო თათბირს მართავენ. უკვე ცნობილია ის რამდენიმე კომპანია, რომელიც აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება.
ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გორისთვის მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღის ბოლომდე უკვე კონკრეტული გეგმა იარსებებს რა მიმართულებით და რომელი საცხოვრებელი კორპუსებიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დილიდან გორის სხვადასხვა ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ძლიერი ქარი აღარ ქრის, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას აძლევს.
ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი, რომელიც გუშინ სტიქიის დროს არ გამოჩენილა. ბარნოვი ეთანხმება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული.
შიდა ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ უნდა დადგეს იმ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აღნიშნული სამუშაოები გარკვეული თანხების დაზოგვის მიზნით უხარისხოდ შეასრულა.
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია "ოდას" დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი პასუხისმგებლობას არ იხსნის, თუმცა აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ გორში სამ მრავალსართულიან კორპუსზე ერთი წლის წინ შესრულებული სამუშაოები დაკვეთის მიხედვით შეასრულა. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხის მასალა საკმაოდ უხარისხო იყო, თუმცა მისი კომპანია თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძველი, საკმაოდ ხარისხიანი სახურავი შეიცვალა თუნუქით, ასევე ხის მასალა იყო უხარისხო, ამგვარი შედეგი დადგა.