რას მოიმოქმედებს გიორგი ბარათაშვილი იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს

რას მოიმოქმედებს გიორგი ბარათაშვილი იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათავისუფლებული დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელის განხილვას სასამართლო 6 აპრილს შეუდგება. მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა "პირველი არხი", მრავალჭირნახული ტელევიზიის კედლებში, რომელიც შესამჩნევად არის მოყანყალებული, ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა. არხის თანამშრომელთა ნაწილი გიორგი ბარათაშვილის აღდგენას ითხოვს, თავად ყოფილი გენერალური დირექტორი კი სასამართლო პროცესს ელოდება და დარწმუნებულია, რომ მას თანამდებობაზე აღადგენენ. გიორგი ბარათაშვილს ბოლოდროინდელ მოვლენებზე სასაუბროდ შევხვდით.

- ბატონო გიორგი, რას ელოდებით სასამართლოსგან და რას ითხოვთ?

- ერთი მოთხოვნაა, რომ გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც გენერალური დირექტორის მოხსნას უკავშირდება და მიიღო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ. მისი გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა 10 ხმა, მათ კი მხოლოდ 9 ხმა ჰქონდათ. მეორე სარჩელი კი ეხება იმას, რომ უნდა შეჩერებულიყო კონკურსი, რომელიც ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად გამოცხადდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ეს პროცესი შეჩერებულია.

- საინტერესოა, რა იყო ბორდის გადაწყვეტილების წინაპირობა? მოხდა რაიმე ისეთი, რაც საზოგადოებამ არ იცის?

- მოხდა ის, რაც ყველამ იცის. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბრიფინგი ჩაატარა, შემდეგ კი ბორდმა უნდობლობა გამომიცხადა (იღიმება).

- ამბობდნენ, რომ ბორდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხათუნა ბერძენიშვილი სამსახურიდან გაუშვით.

- საქმე ისაა, რომ ხათუნა ბერძენიშვილი სამსახურიდან არ გამიშვია. მან არ მოაწერა ხელი კონტრაქტს და თავად წავიდა სამსახურიდან. ბორდმა სტრუქტურული ცვლილება 4 თებერვალს დაამტკიცა და დაადგინა, რომ 1-ლი მარტიდან უნდა დაწყებულიყო რესტრუქტურიზაციის პროცესი, ცვლილებები არ ითვალისწინებდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას. მას შევთავაზეთ ახალი თანამდებობა, რასაც არ მოაწერა ხელი და შესაბამისად, წავიდა სამსახურიდან. ხათუნა ბერძენიშვილის პრესკონფერენციას მოჰყვა ყველა შემდგომი მოვლენა. არ ვიცი, რატომ აგორდა ხმა, რომ ხათუნა ბერძენიშვილი გავათავისუფლე. მას ვთავაზობდი გენერალური დირექტორის მრჩეველის თანამდებობას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში.

- თქვენ ნათელ-მირონი გაკავშირებთ...

- დიახ, ხათუნა ჩემი შვილის ნათლიაა. ჩვენ ორი კვირით ადრე ვილაპარაკეთ ამ თემაზე და მას ჰქონდა ინფორმაცია ახალი თანამდებობის შესახებ.

- "საზოგადოებრივ მაუწყებელში" რა პრობლემები დაგხვდათ? ეს ალბათ რიტორიკული შეკითხვაა...

- ჩემი დანიშვნის დღისთვის ტელევიზიას საერთო ჯამში 23-მილიონიანი ვალი ჰქონდა, ბიუჯეტი კი 32 მილიონს შეადგენს. ეს არის ტელევიზიის ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა. ამ ვალების გამო მუშაობა შეუძლებელი იყო. საკადრო რეორგანიზაცია გახდა აუცილებელი. 1100 ადამიანი მუშაობდა "პირველ არხზე", როცა მე დავინიშნე. დადგებოდა პერიოდი, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხელფასებს ვეღარ გასცემდა. დაიწყო კადრების ოპტიმიზაცია, დაიწყო მოლაპარაკებები ვალების რესტრუქტურიზაციაზე, ბორდმა კი თავისი გადაწყვეტილებით ეს ყოველივე გააჩერა.

- თქვენი აზრით, რატომ? პიროვნული ფაქტორი იყო?

- თავს შევიკავებ შეფასებებისგან. ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა. ფაქტი ერთია - საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა არ მიიღო ახალი შეთავაზება, თავად წავიდა სამსახურიდან, ორშაბათს კი ბორდმა გადააყენა გენერალური დირექტორი. საზოგადოებამ განსაჯოს, რა მოხდა.

- თქვენი გენერალური დირექტორობის დროს რამდენად კმაყოფილი იყავით "პირველი არხის" საინფორმაციო სამსახურის მუშაობით?

- რაღაცები მომწონდა, რაღაცები - არა, მაგრამ არასდროს ჩავრეულვარ მათ საქმეში. როცა ადამიანი დანიშნულია და თავის საქმეს აკეთებს, ეს მისი პასუხისმგებლობაა. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რა არ მომწონებია, ყოველდღიურ საინფორმაციოში შეიძლება, ბევრი რამ მოგეწონოს ან არ მოგეწონოს.

- ხათუნა ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ?

- დიახ.

- თქვენთვის მისი განცხადება მოულოდნელი იყო?

- ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემდეგაც აღარ მქონია მასთან ამაზე საუბარი. არც მე მქონია ამის სურვილი და არც მას. რაც შეეხება ბორდს, მათთანაც აღარ მისაუბრია, რადგან სასამართლოში შევიტანე სარჩელი. ეს ისეთი თემაა, რასაც პირადი საუბრებით ვერ გაარკვევ. მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება.

- თქვენ გათავისუფლებამდე ბორდს თქვენი მუშაობით უკმაყოფილება თუ გამოუთქვამს?

- არა. ბორდი არის ორგანო, რომელიც აყალიბებს პროგრამულ პრიორიტეტებს. მან უნდა ჩაიბაროს ანგარიში და თუ აუცილებელია სტრუქტურული ცვლილება, ეს მან უნდა გადაწყვიტოს. ბორდი სხვა გადაწყვეტილებებში არ ერევა და კანონით არც აქვს ამის უფლება. ასე რომ, მათთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა. სხვა რამ მათი პრეროგატივა არ არის. ადამიანური ურთიერთობები, რასაკვირველია, იყო, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

- ტელევიზიასთან რამდენი წელი გაკავშირებთ?

- ძალიან დიდი ხანია, ტელევიზიაში ვმუშაობ. 16 წლის ვიყავი, როდესაც "პირველ არხზე" დავიწყე მუშაობა. ოპერატორის ასისტენტი გახლდით, მას შემდეგ ტელევიზიაში ყველა საფეხური გავიარე. ჟურნალისტი არ ვყოფილვარ, რადგან ეს საქმე არ მაინტერესებდა. "პირველ არხზე" დავიწყე და ბევრ სხვა ტელევიზიაშიც მომისინჯავს ძალები, "მეორე არხზე", "იბერიაზე" "მეცხრე არხზე". "პირველ არხზე" 2004 წელს დავბრუნდი, გახლდით დილის პროგრამების აღმასრულებელი პროდიუსერი, შემდეგ ტელემაუწყებლობის სამსახურის უფროსი ვიყავი, შემდეგ - ტექნიკური დირექტორის მოადგილე, ტექნიკური დირექტორი და აქამდე ასე მოვედი. გამიკეთებია ბევრი პროექტი. მაგალითად, ქუთაისის პარლამენტის ტელევიზიით აღჭურვა. ქუთაისის პარლამენტის შიგნით გაკეთებულია ტელევიზია, რომელიც საპარლამენტო სხდომების გადაცემას უზრუნველყოფს. პარლამენტის შენობაში დგას 38 კამერა, რომელიც მთლიანად ავტომატიზებულია და მას მხოლოდ ორი ადამიანი მართავს. ქუთაისში დღესდღეობით არსებობს ისეთი ტელევიზია, რომლის მსგავსი საქართველოში არ გვაქვს. მოძრავი სატელევიზიო სადგურის შეექმნაშიც მონაწილეობას ვიღებდი, რომელიც HD-ია.

- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" უამრავმა თანამშრომელმა რის გამო დაგიჭირათ მხარი? ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი მეგობრობაც იქნებოდა.

- რასაკვირველია, ეს ფაქტორიც არის, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიც გახლდათ, რომ ამ ადამიანებს უსამართლობის განცდა გაუჩნდათ. მართლა არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმითა და ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლო ადამიანი. მით უმეტეს, როცა მივლინებაშია და როცა ჩამოდის, მერე იგებს, რომ მოხსნილია. ბორდი თავს იმით იმართლებდა, რომ ტელევიზიაში კრიზისი შეიქმნა. ორი თვის განმავლობაში ისეთი რა კრიზისი უნდა შექმნილიყო, რომელიც თუნდაც მანამდე არსებულ კრიზისზე დიდი იქნებოდა?!. ამ პასუხგაუცემელმა შეკითხვებმა გააჩინა უსამართლობის შეგრძნება. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამდენმა ადამიანმა დამიჭირა მხარი. აქამდე მსგავსი სოლიდარობა ტელევიზიაში არ ყოფილა. ამისთვის ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ისინი თავიანთი თავის დასაცავადაც დადგნენ პირველ რიგში, რადგან ეს არხი ოდესღაც უნდა ჩამოყალიბდეს "საზოგადოებრივ მაუწყებლად".

- სულ მიდის იმის განხილვა, ვისი კაცია გიორგი ბარათაშვილი...

- არავისი, საკუთარი თავის და თავისი ოჯახის (იღიმის). არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ ასეთი საუბრები მიდის, მაგრამ სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მგონი, ცხადი გახდა, რომ ნაციონალების მხარდამჭერი არ ვარ, რადგან ასეთ შემთხვევაში ბორდი არ გამათავისუფლებდა. "ქართულ ოცნებასთანაც" არანაირი კავშირი არ მაქვს.

- თქვენი ოჯახის დამოკიდებულება როგორია?

- ოთხი შვილი მყავს, მეუღლე ანი ნადირაძეა. ჩემი ოჯახი მხარს მიჭერს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ჩემი მეუღლე მხარში მიდგას. ანი ასევე ჟურნალისტია, ერთმანეთი "მეცხრე არხზე" გავიცანით. ის სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, ახლა ერთ-ერთი კომპანიის პიარ-მენეჯერია.

როდესაც გენერალურ დირექტორად დავინიშნე, ანი "პირველ არხზე" მუშაობდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა, რადგან ეს გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა. რაც შეეხება შვილებს, ჩემი უფროსი შვილი 18 წლის ხდება, 16-ის გახდა ბიჭი, 14-ის - გოგო და პატარა წლინახევრისაა. ჩემი უფროსი გოგონა ახლა აბარებს და ჟურნალისტობა უნდა. ვნახოთ, რას იზამს.

- ისევ სამსახურს დავუბრუნდეთ. თუკი არ აღგადგინეს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, რას მოიმოქმედებთ?

- ზემდგომ ინსტანციას მივმართავ. ცალსახაა გენერალური დირექტორის გადაყენების წესი, საჭიროა სრული შემადგენლობის, 15 ადამიანის ორი მესამედი, ანუ 10 კაცი. ეს კანონში შავით თეთრზე წერია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

- თუკი დაბრუნდებით, რა ცვლილებები იქნება? საზოგადოება, ჟურნალისტური წრეები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობით მუდმივად უკმაყოფილო არიან.

- ტელევიზიას რეფორმა სჭირდება. ეს რეფორმა დაწყებული იყო და თუკი დავბრუნდი, ამას აუცილებლად გავაგრძელებ. საინფორმაციო სამსახური დაბალანსდება იმ შემთხვევაში, თუკი დამოუკიდებლობის ხარისხი იქნება მაღალი. ამ ტელევიზიას მუდმივად ჰქონდა ეს პრობლემა. ჯერჯერობით არ მიფიქრია, ვინ უხელმძღვანელებს საინფორმაციო სამსახურს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები კონკურსის წესით დაინიშნებიან. სხვანაირად არაფერი გამოვა. თუკი ცვლილებები არ მოხდა, მაშინ იგივე ტელევიზია დარჩება. არანაირი სურვილი არ მაქვს, იგივე სახელი დავტოვო, რაც სხვა დირექტორებმა.

- ამ არხზე ერთი ხუმრობა დადიოდა, ჯადო აქვს გაკეთებული და არაფერი ეშველაო....

- დიახ, მეც გამიგია ეს ხუმრობა. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ჟურნალისტებისთვის არ არის კარგი სამუშაო პირობები. თანამშრომელთა განწყობაც შესაბამისია. როცა ჩამოხეულ კედლებში მუშაობ, არის უზარმაზარი ბზარები და შენობის საძირკველი წყლით არის ჩარეცხილი, კარგი ტელევიზიის გაკეთება რთულია. ჩემი მთავარი ამოცანა ამ თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ამ შენობის გაყიდვა და ქალაქის ცენტრიდან უფრო მოშორებით ახალი შენობის აგება იქნება. დღეს ამ შენობის გამაგრებაც შეუძლებელია, იმდენად არის დაზიანებული. მაქვს გეგმა, რომ ეს პროცესი ადგილიდან დავძრა.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები