ცოტა ხნის წინ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ჯერ პრესის ფურცლებზე და შემდეგ სატელევიზიო ეთერში განაცხადა: "როცა უშიშროების მინისტრი ვიყავი, პანკისის ხეობაში შევდიოდი და აგენტურას სახელმწიფო ნომრიანი მანქანით ვხვდებოდი. პანკისის ხეობა კრიმინალებისგან მე გავწმინდე". ხაბურძანიას იმჟამინდელი თანამდებობის პირთაგან არავინ დაუსახელებია, ვინც კრიმინალური დაჯგუფებებისგან პანკისის ხეობის გაწმენდის სპეცოპერაციებში მონაწილეობდა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს.
გვესაუბრება შს მინისტრის ყოფილი პირველ მოადგილე ზურაბ ჩხაიძე:
- ბატონო ზურაბ, უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პანკისის ხეობაში კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებას თავის დამსახურებად მიიჩნევს და არ ახსენებს იმ ადამიანებს, ვინც პანკისის ხეობის რთული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობდა, მათ შორის თქვენ, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდით პანკისის ხეობაში ყველა სპეცოპერაციას...
- ვიდრე ვალერი ხაბურძანიას უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებაზე გავაკეთებ კომენტარს, პანკისის ხეობაში განვითრებულ წინმსწრებ მოვლენებზე მოგახსენებთ: რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ პანკისის ხეობაში კრიმინოგენური ვითარება დაიძაბა. იქ თავი მოიყარეს "ბოევიკების" ნაწილმა და კრიმინალებმა, რომლებიც ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობდნენ, ყაჩაღობდნენ, იტაცებდნენ ადამიანებს ფულის გამოძალვის მიზნით. ისინი ძირითადად, კახეთის, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი პანკისის ხეობას აფარებდნენ თავს, სადაც სამართალდამცველებს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდნენ. ხშირად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას ვითარება ისე იძაბებოდა, რომ საქმე სამართალდამცველებსა და ბანდიტურ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მისულა... 1999 წლის 19 იანვარს საგარეჯოში ადამიანის გატაცების მიზნით შემოსულ კრიმინალურ დაჯგუფებასა და პოლიციის ოპერატიულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. დაიღუპა პოლიციის ლეიტენანტი ქურხული, ბოროტმოქმედთა ჯგუფის წევრი სეხნიაშვილი, დაიჭრა და დაკავებული იქნა ბოროტმოქმედი დობაძაშვილი, ხოლო ორმა ბოროტმოქმედმა - ჭიჭიაშვილმა და აბრამიშვილმა - მიმალვა მოახერხა. იმავე წლის 15 ივნისს კი პანკისის ხეობაში ავტომანქანაში ჩაცხრილეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკები არაბული და კახიანი. საპასუხო სროლისას ადგილზე დაიღუპნენ თავდამსხმელები - ხანგოშვილი და ცათიაშვილი. 1999 წლის 26 აგვისტოს ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა, საქართველოს საზღვარს ლტოლვილთა ნაკადი მოაწყდა, თუმცა მათ შორის იყვნენ "ბოევიკები", კრიმინალები, ნარკოვაჭრები და ტერორისტებიც. მნიშვნელოვანი ძალა იყო რუსლან გელაევის 300-400-კაციანი შეიარაღებული დანაყოფი. მევლუდ ჭიჭიაშვილის, ვეფხვია მარგოშვილის, ძმები ახმადოვების, ფარნაოზ ხანგოშვილისა და ვაჰაბიტთა მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, "ამჟეტი" (იგივე აბუჰაფსი) 100-მდე მოჯაჰედით. "ამჟეტი" ბინ ლადენთან დაახლოებული პირი იყო. ამ პერიოდისთვის ქართველი სამართალდამცველები კრიმინალური დაჯგუფებების მიმართ გარკვეულ ლოიალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ, რამაც ისინი გაათამამა.
- რატომ ჰქონდათ ქართველ სამართალდამცავებს კრიმინალური დაჯგუფებების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება?
- ეს იყო საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავთა ერთობლივი გადაწყვეტილება შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად ჩვენი სიფრთხილისა, პანკისის ხეობაში იმატა ნარკოდანაშაულმა, მკვლელობამ, ყაჩაღობამ და ადამიანების გატაცებამ ფულის გამოძალვის მიზნით. გაიტაცეს "წითელი ჯვრის" თანამშრომლები, ესპანელი ბიზნესმენები, 2001 წლის 7 მაისს გაიტაცეს პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად, 2002 წელს კი - ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, მოკლეს საბერძნეთის საელჩოს თანამშრომელი. ესპანელთა გატაცების შემდეგ, 8 დეკემბერს, საქართველოს უშიშროების საბჭოზე დამტკიცებული გეგმის მიხედვით დავიწყეთ რეალიზაცია ფართომასშტაბიანი გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა შინაგანი ჯარების კონტინგენტით (სარდალი გია შერვაშიძე) ხეობის შესასვლელ-გამოსასვლელების გაკონტროლებას ბლოგ-პოსტებით; კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალებას შეიარაღებული დაპირისპირებისა და კონფლიქტის გარეშე. ფართომასშტაბიან ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ შს და უშიშროების იმჟამინდელი მინისტრები - კახა თარგამაძე და ვახტანგ ქუთათელაძე. ოპერატიულ ღონისძიებებს შს სამინისტროს მხრიდან ადგილზე მე ვხელმძღვანელობდი შინაგანი ჯარების სარდალ გია შერვაშიძესთან ერთად, უშიშროების სამინისტროს მხრიდან კი - ნუგზარ ბაბუციძე, თემურ გრძელიძე და ლევან კენჭაძე. პანკისის ხეობაში კრიმინოგენური დაჯგუფებების განეიტრალების გეგმის პირველი ეტაპი 2000 წელს დაიწყო და 2001 წლის შემოდგომაზე დასრულდა. მოხდა კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალება - კრიმინალები ან ტოვებდნენ ქვეყანას, ან ხდებოდა მათი იზოლირება, შეიარაღებული წინააღმდეგობის შემთხვევაში კი - ლიკვიდაცია.
- ამ ღონისძიებებში ვალერი ხაბურძანიაც მონაწილეობდა, რომელმაც განაცხადა, აგენტებს სახელმწიფონომრიანი მანქანით ვხვდებოდი პანკისის ხეობაშიო?..
- სასაცილოა, როდესაც უშიშროების ყოფილი მინისტრი ამას აცხადებს. აგენტს სახელმწიფონომრიანი მანქანით საზოგადოების დასანახავად არავინ ხვდება და თუ მან ეს მართლაც ჩაიდინა, გამოდის, რომ აგენტი გაუშიფრავს. 2001 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როცა მთავრობა გადადგა, შს მინისტრი გახდა კობა ნარჩემაშვილი, უშიშროების მინისტრი კი - ვალერი ხაბურძანია, პანკისის ხეობაში კვლავ გრძელდებოდა კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ უშიშროების სამინისტროს მხრიდან ამ ღონისძიებებს სათავეში ირაკლი ალასანია ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როცა სამართალდამცავი ორგანოები პანკისის ხეობის კრიმინალებისგან გასაწმენდად მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდი ყველანაირად ცდილობდა ქართველი სამართალდამცველების პროვოცირებას, პანკისში შეიარაღებული კონფლიქტი რომ გაჩაღებულიყო.
- რისთვის სჭირდებოდათ პანკისის ხეობაში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება?
- მათი მიზანი იყო, მძიმე შედეგის შემთხვევაში, მთავრობისა და პრეზიდენტის ვადამდე გადაყენება და ხელისუფლების სათავეში მოსვლა. ზურაბ ჟვანია, რომელიც იმხანად პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ავტომატურად ხდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. რაც შეეხება ვალერი ხაბურძანიას როლს პანკისის პრობლემის მოგვარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ის უმნიშვნელოა, პანკისის ხეობის გაწმენდის გეგმა ვალერი ხაბურძანიას მინისტრად დანიშვნამდე გაცილებით ადრე ხორციელდებოდა წარმატებულად და ასეთივე წარმატებით დასრულდებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურძანიას ნაცვლად სხვა დაინიშნებოდა. ასე რომ, ვალერი ხაბურძანიას განცხადება პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარებაში საკუთარი დამსახურების შესახებ, უნიჭო ბაქიაობაა და მეტი არაფერი.
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)