"ბინდის" საგის ავტორმა, სტეფანი მეიერმა ფილმის, "მასპინძლის" პროდიუსერობა შეითავსა, რომლის ეკრანიზაცია ჰოლივუდში პარასკევს შედგება. მთავარი გმირები, ვამპირებისა და მაქციების მაგივრად, ამჯერად, უცხოპლანეტელები იქნებიან. ისინი დედამიწისკენ ადამიანების გასატაცებლად მოიწევენ.
39 წლის მეიერი, რომელიც მორმონიზმის მიმდევარია და ეკლესიაში რეგულარულად დადის, "როიტერს" სამომავლო გეგმებსა და ”ბინდზე” ესაუბრა.
- როგორი შეგრძნებაა, როცა ფილმის პროდიუსერი თავად ბრძანდებით? "ბინდის"შემთხვევაში ასე არ ყოფილა.
- ფილმის გადაღების პროცესში მწერალი ზედმეტად ჩართული არ უნდა იყოს. "ბინდის" ჯგუფი, ვფიქრობ, ჩემ გამო ნერვიულობდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ძალიან მომეწონა. აღვფრთოვანდი, ამიტომაც, არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ. "ახალი მთვარის" დირექტორთან, კრის ვეიტცთან ნაყოფიერად ვითანამშრომლე.
ჩვენი აზრები ემთხვეოდა.
- მოგცათ თუ არა "ბინდის" წარმატებამ საპროდიუსერო გამოცდილება?
- იმის შემდეგ, რაც "ბინდმა" წარმატება მოიპოვა, ვფიქრობ, ჩემს აზრსაც უფრო მეტი ფასი დაედო. "მასპინძლის" გადაღების დასაწყისში პროდიუსერი ნიკ ვეშლერი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "მოდი, ეს ფილმი ერთად გადავიღოთ."
სცენარს როცა ვკითხულობდი, ყველა მსახიობი ინტერესდებოდა, მომწონდა თუ არა ის. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად კარგი ჯგუფი იყო. ერთმანეთის შეხედულებებს ყველა აფასებდა.
- თქვენ არიზონაში, ფენიქსის ჩრდილოეთით ცხოვრობთ. გიფიქრიათ თუ არა ლოს ანჯელესში გადასვლაზე, რომ ჰოლივუდში სრული დატვირთვით იმუშაოთ?
- არასდროს არ ვიცხოვრებდი ლოს ანჯელესში. შეურაცხყოფას არ ვაყენებ მათ, ვინც იქ ცხოვრობს, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება ბავშვების იქ გაზრდა, რადგან თითქმის ყველაფერი პლასტიკურია. ასევე, მაწუხებს სხვა თემაც - უმეტესობა მატერიალიზმს ყველაზე მნიშვნელოვან თემად თვლის, რისი ყოველდღე ატანაც, ჩემი აზრით, რთული იქნებოდა. ისიც კი ძნელია, რომ ლოს ანჯელესში ერთი კვირა გაჩერდე. ყოველდღიურად უფრო და უფრო გიქვეითდება თვითშეფასება, რადგან თითოეული ქუჩაში შემხვედრიც კი ძალიან ლამაზი და მოვლილია.
- თქვენი სამი ვაჟის ასაკი 10-დან 15 წლამდეა. სიამოვნებთ, რომ "ბინდის" ავტორი ბრძანდებით?
- ჩემი აზრით, ეს მათთვის საზიანოა. უცნაურია, როცა დედაშენი "ბინდის" შემქმნელია. ბიჭები მოხარულები იქნებოდნენ, ჩემი სახელი არავის რომ არ ცოდნოდა. ჩემს უფროს ბიჭს ხალხი ცოტათი აღიზიანებს, რადგან ბევრი გოგო ელაპარაკება მხოლოდ იმის გამო, რომ დედამისმა ბესტსელერი დაწერა, სხვა შემთხვევაში კი არ გამოიჩენდნენ ამის სურვილს. ჩემი შუათანა შვილი, სეთი ცოტა ხნის განმავლობაში ხალხს თავს ისე აცნობდა, როგორც ბერნანდს. მას არ მოსწონს, როცა ხალხი ეკითხება: "ოჰ, შენ ის ბავშვი არ ხარ?!"
- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში საგის წარმატებამ?
- ახლა ფილმების გადაღების უფლებას მაძლევენ. ასევე, შემემატა გამბედაობა და აღარ მეშინია ინტერვიუების მიცემის. არ ვნერვიულობ და აღარ ვგრძნობ დაძაბულობას, როცა ხალხი სურათებს მიღებს. მართალია, ბავშვებთან იმდენ დროს ვერ ვატარებ, რამდენიც მინდა, რომ გავატარო, მაგრამ ისინი ჭკვიანები არიან და ამას სწორად იგებენ.
- შეისრულეთ თუ არა რაიმე პირადი სურვილი "ბინდის" წარმატების შემდეგ?
- "ბინდის" პირველ ტომში არის ერთი მომენტი, სადაც ჩემი სულის პატარა ნაწილი ჩავდე. როცა ბელა ედვარდის ფორტეპიანოს პირველად დაინახავს, თავის თავს პირობას აძლევს, რომ თუ ოდესმე მოულოდნელ წარმატებას მიაღწევს, დედამისს ისეთივეს უყიდის. "ბინდის" შემდეგ დედაჩემმა ჩემგან საჩუქრად ზუსტად ასეთი ფორტეპიანო მიიღო.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.