ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა

ხათუნა შურღაია - "ცხელი ძაღლი" დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა

მსახიობი ხათუნა შურღაია სერიალის - "ცხელი ძაღლი" მეოთხე და მეხუთე სეზონში ანას როლს ასრულებს. ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი წლების მანძილზე, საყვარელი საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სფერო რადიკალურად შეიცვალა და სამაკლერო ბიზნესში ჩაერთო. ამბობს, რომ ახალი საქმიანობით ძალიან კმაყოფილია და თავისი ნიჭის გამოვლენას აქაც კარგად ახერხებს. თუმცა მსახიობობა, რა თქმა უნდა, ძალიან ენატრება.

- უკვე ოთხი წელია, უძრავი ქონების კომპანიაში მენეჯერი გახლავართ. თავიდან პროფესიის შეცვლა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ეს საქმიანობაც ძალიან მომეწონა, აზარტში შევედი. არ მინდოდა, თვითმარქვია მენეჯერი ვყოფილიყავი მსახიობის განათლებით, ამიტომ სპეციალური ტრენინგები და კურსები გავიარე, მენეჯერის სერტიფიკატი ავიღე. საკუთარი თავის რეალიზებას აქ ვახდენ. ჩემს კომპანიას უკვე ათი წელი უსრულდება და ბაზარზე ლიდერობით გამოირჩევა. ჩვენ ვცდილობთ დავარღვიოთ ქართული სტერეოტიპი - მაკლერები ხომ ცუდი ხალხი ჰგონიათ... აქ ბევრ რამეს განვაგებ, ბროკერებს ვაკონტროლებ, საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ა.შ.

- რამ განაპირობა თქვენი საქმიანობის ასე რადიკალურად შეცვლა?

- ალბათ, ამ სფეროში არასდროს მოვხვდებოდი, რომ არა ჩემი მეუღლე - ეს მისი კომპანიაა. იყო პერიოდი, როცა გადაღებები არ გვქონდა, არ ვთამაშობდი, ეს ჩემზე ცუდად მოქმედებდა და დეპრესიაში ვიყავი. ჩემს პროფესიაში დიდი შრომა ჩავდე - თეატრალური უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მსახიობობაზე ვგიჟდებოდი და მეუბნებოდნენ კიდეც: ასეთი სიყვარული არ შეიძლებაო. უფრო ადრე, ქართული ცეკვების სტუდიაში დავდიოდი, ასევე სკოლა-სტუდია "ბერიკებში", საიდანაც ფესტივალებით თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ მსახიობობა მარტივი პროფესია არ არის; შეიძლება დრო ისე გავიდეს, არაფერი შემოგთავაზონ ან შენთვის ნაკლებად მისაღები როლი მოგცენ... მეუღლემ მითხრა, - სახლში რომ არ იჯდე, უბრალოდ, სცადე და მუშაობა ჩემს კომპანიაში დაიწყე, გაერთეო. თავიდან ვამბობდი: მსახიობი მთელი დღე კომპიუტერთან როგორ უნდა ვიჯდე-მეთქი?! ვტიროდი, ახალ საქმეს ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ, მთავარია, შენი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინო და წარმატებული იყო. ლიდერობის სურვილი ბავშვობიდანვე მქონდა და ისე გამოვიდა, რომ დროთა განმავლობაში, ჩემი შრომითა და მონდომებით, კომპანიის სათავეში მოვექეცი. სხვათა შორის, მენეჯერი და უფროსი თავად თანამშრომლებმა დამარქვეს. ნოვატორული, წამახალისებელი სისტემები დავნერგე, გარკვეული წესები შემოვიღე... ვფიქრობ, სამართლიანი მენეჯერი ვარ.

- ოჯახზე რას გვეტყვი? ვიცი, რომ შვილი გყავს...

- ჩემი მეუღლე პაატა თაკვარელია გახლავთ. ერთი წლის ზუკა გვყავს, რომელსაც ბაბუების სახელი დავარქვით (მამაჩემსაც და მამამთილსაც ზურა ჰქვიათ), მაგრამ მოვნათლეთ როგორც შიო, რადგან შიომღვიმეში ჩავიფიქრე, რომ ბიჭი მყოლოდა და ნატვრა ამისრულდა... ახალგაზრდა დედა მყავს, რომელიც არ მუშაობს. მოკლედ, გამიმართლა, რომ ზუკას ის ზრდის და ჩემზე ბევრად კარგადაც უვლის. აქედან გამომდინარე, ძიძა არ ამიყვანია.

- "ბერიკებში" დავდიოდიო, - აღნიშნეთ. ვინ იყვნენ თქვენი თაობის მსახიობები?

- ახლანდელი ცნობილი მსახიობებიდან - გოგა ბარბაქაძე, ია სუხიტაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ბაჩო ქაჯაია, შორენა ბეგაშვილი, ლელა მებურიშვილი - თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. პირადად მე, როგორც მსახიობს, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში ალბათ, იმანაც შემიშალა ხელი, რომ კონტაქტურობა მაკლდა. საერთოდ, როცა გადამღები ჯგუფი ან დასი პრემიერის აღსანიშნავად სადმე მიდიოდა, მე შინ გავრბოდი, ასეთი რაღაცები არ მხიბლავდა... "ბერიკებიდან" სერიოზულ ფესტივალებზე მივყავდით და ბევრ სპექტაკლშიც ვმონაწილეობდი. მაგალითად, "ლურჯ ფრინველში"; ლაშა თაბუკაშვილის "ჭრილობაში" კი მე და აპოლონ კუბლაშვილმა მთავარი გმირები განვასახიერეთ. საკმაოდ ტრაგიკული როლი მქონდა და მახსოვს, დარბაზში ხალხი ტიროდა. ბატონი გოგი თოდაძე ყოველთვის დაჟინებით მთხოვდა, მსახიობის პროფესია ამერჩია. მეუბნებოდა: ისეთი წარმატებული და ბედნიერი ვერსად იქნები, როგორც სცენაზეო. პანტომიმის სპექტაკლებიც გვქონდა, რომლითაც გერმანიაში გამართულ ფესტივალზე წარმატება მოვიპოვეთ.

- თეატრალურ ინსტიტუტში ვის ჯგუფში იყავით?

- შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი, ეს ჩემი ოცნება იყო. იგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, მაგრამ თავის საქმეში კომპეტენტური და პროფესიონალი რეჟისორი იყო. მის ჯგუფში მოხვედრის ყველას ეშინოდა, მე კი პირიქით - მიხაროდა. სხვებს თუ რეპეტიცია დღის ბოლოს უმთავრდებოდათ, ჩვენ გვიან ღამემდე იქ ვიყავით და მე ეს რეჟიმი მომწონდა.

- მასთან ურთიერთობამ რა გამოცდილება შეგძინათ?

- ჩვენ წინასწარ არასდროს ვიცოდით, სცენაზე ვის გაიყვანდა. შეიძლება, რაღაც მომენტში რომელიმე ჩვენგანი "მოშვებულიყო", რადგან ბატონი შალვას ყურადღება თითქოს, მხოლოდ ერთი კონკრეტული მსახიობისკენ იყო მიმართული. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს გეტყოდა, - ახლა შენი ჯერიაო. ჩეხოვის "სამ დაში" ნატალიას ვთამაშობდი. ერთ დღეს, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, ზუსტად მაშინ დამავალა რეპეტიციის გავლა. მითხრა, - შენი ცუდად ყოფნა გამოიყენეო. მართლა არ შემეძლო სცენაზე გასვლა და მახსოვს, ბევრი ვიტირე. საერთოდ, ბატონი შალვასგან კომპლიმენტის მიღება სასწაულის ტოლფასი იყო, არადა, სწორედ იმ დღეს მითხრა, - "ტი მალადჩინაო". სხვა დროს, უმეტესად, ყველას "ბეზდარნაიას" გვეძახდა (იცინის). იგი ხშირად მაძლევდა რჩევებს: თუ მართლა გინდა, წარმატებული და სერიოზული მსახიობი გახდე, დღეში რომელიმე წიგნისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! 50 გვერდი მაინც უნდა წაიკითხო, განათლება რომ გაიღრმავო... არ ვიცი, რა დავაკელი ჩემს პროფესიას და რა ვერ გავაკეთე სწორად. შეიძლება, ისეთი ნიჭიერი არ ვიყავი, როგორიც მაგალითად, ია სუხიტაშვილია. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა ქალ მსახიობებს შორის, ის ყველაზე ნიჭიერია, მსახიობობისთვის არის დაბადებული; ისეთი ლამაზიც არ ვარ, როგორიც შორენა ან ლელა არიან და ფოტოგენურიც არ გახლავართ. ალბათ, ამ ყველაფერმაც შემიშალა ხელი, რომ ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი.

- სტუდენტობის შემდეგ, თეატრში თუ გიმუშავიათ?

- თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, ლევან წულაძემ კონკურსი ჩაატარა და სხვა მსახიობებთან ერთად, თეატრალურ სარდაფში მიმიწვია. ამ დროს იქ "კაფე როსინი" გადიოდა, სადაც კონკიას როლს ნინო იოსელიანი თამაშობდა (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ირაკლი ჩოლოყაშვილის მეუღლე). იმ პერიოდში ნინო ორსულად იყო. ერთხელაც, ბატონმა ლევანმა მისი როლი შემომთავაზა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. ტექსტს მთელი ღამე ვსწავლობდი, მსახიობებიც დამეხმარნენ და დაკისრებულ მოვალეობას კარგად გავართვი თავი. ნინოს დაბრუნების შემდეგ, ჭოლა სარდაფის შესასვლელთან შემხვდა და მკითხა: - გინდა, კონკია ისევ ითამაშოო? ცრემლები წამომივიდა. ეს მართლა ძალიან მინდოდა. - გულს არ დაგწყვეტ, ერთი დღე შენ იყავი კონკია, მეორე დღეს კი ნინო იქნებაო, - მითხრა. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო...

- "ცხელ ძაღლში" როგორ მოხვდით?

- ერთხელ, "კაფე როსინის" სანახავად ზაზა ურუშაძე და ლია გოგელია მოვიდნენ. სწორედ ეს ადამიანები არჩევდნენ მსახიობებს "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონისთვის. ზაზას მოვწონებივარ და უთქვამს, - მოდი, ეს გოგო რომელიმე როლისთვის დაიბარეო. მათ ეგონათ, ნინო იოსელიანი მერქვა... მოკლედ, მივედი, სურათები გადამიღეს. სხვათა შორის, მაშინ უფრო მეტად პუტკუნა ვიყავი, დიდი ლოყები მქონდა. ზაზამ მითხრა: მკაცრი დიეტა დაიცავი და შეიძლება, სხვა როლი შემოგთავაზოო. მეც თავს ვიკლავდი დიეტით, სატრენაჟორო დარბაზში სიარულით. ჰოდა, ერთხელაც გული წამივიდა და ნიშადურით მოსულიერება დამჭირდა (იცინის). თმის სასურველი ფერი რომ მიეღოთ, რამდენჯერმე შემიღებეს. ცოტა ხანში ზაზამ მითხრა: დიეტა შეწყვიტე. შენი ადრინდელი ფოტოები ვნახე, სადაც გამხდარი ხარ და მგონი, შენში ზუსტად ეგ ლოყები მომეწონა. ნუღარ გახდები, მთავარ როლზე დაგამტკიცეთო. იმ პერიოდში 23 წლის ვიყავი და ჩემთვის ეს დიდი წარმატება იყო. უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ ფილმი დაბლოკეს და მასთან ერთად, ჩემი სამსახიობო კარიერაც გაჩერდა. ერეკლე ბადურაშვილმა ფილმის მეხუთე სეზონშიც გადამიღო, მაგრამ ის ისეთი რეზონანსული არ იყო.

- სერიალში გადაღების, დიდ მსახიობებთან ურთიერთობის პროცესი სასიამოვნო იყო?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო. იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი - წყალში. გადაღებები ექვსი თვე გრძელდებოდა. გიო ყიფშიძესა და ჟანრი ლოლაშვილთან ურთიერთობა საინტერესო იყო. თავიდან გადაღებები ზოგჯერ, მთელი ღამე გვქონდა. კინოში თამაში საკმაოდ რთული ყოფილა, მაგრამ არ ვიღლებოდი, უფრო მეტიც - ჩემთვის ეს სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. ძალას ისიც მმატებდა, რომ ზაზასგან ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი და დუბლს ხშირად არ ვაფუჭებდი. იმასაც კი მეუბნებოდნენ, - რაღაცით ბელა მირიანაშვილს გამსგავსებთ, ეს ფილმი რომ გავა, წარმატებული გახდებიო. ეიფორიაში ვიყავი და მეგონა, ამ ყველაფერს მართლაც, კარგი გაგრძელება ექნებოდა...

- "ცხელი ძაღლის" შემდეგ, რომელიმე რეჟისორისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მიგიღიათ?

- 2008 წელს საქართველოში ესპანელი რეჟისორები ჩამოვიდნენ ფილმის გადასაღებად. მათ "ცხელი ძაღლის" კადრები უნახავთ და მთავარი როლი შემომთავაზეს. ცხადია, მათ წინადადებას დავთანხმდი. ამ ფილმს "ორი" ჰქვია - მასში ორი სიუჟეტია გაერთიანებული. ერთ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა გოგონა ომის შემდგომ თბილისში, მეორე ნაწილს კი გორში იღებდნენ. ეს ფილმი სან-სებასტიანის ფესტივალზე წარადგინეს, სადაც მეც დამპატიჟეს და ლამაზი კაბით წითელ ხალიჩაზეც გავიარე... საბოლოოდ, საქართველოში ეს ფილმიც დაიბლოკა. ქართული რეალობა უარყოფითი კუთხით იყო წარმოჩენილი - გაჭირვება უფრო მეტად ჩანდა, ვიდრე კარგი ცხოვრება. კადრები ძირითადად, გარეუბნებში გადაიღეს. ფილმის მთავარი გმირი გოგონა ქორწილსა და თეთრ კაბაზე ოცნებობს, ქმარს კი ამის საშუალება არ აქვს და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ამ სურვილს ვერ უსრულებს. გოგონა საქორწილო კაბების მაღაზიებში დადის და მაინც იცვამს (იცინის). საინტერესო როლი იყო. ეს ფილმიც რომ არ გაუშვეს, საერთოდ, სამუშაოს გარეშე დავრჩი. როცა ბატონი ლევანი მარჯანიშვილის თეატრში გადაიყვანეს, ის ჯგუფიც დაიშალა, რომელიც თავის დროზე მან შეკრიბა; მერე გავთხოვდი და როგორც უკვე გითხარით, სხვა საქმეზე გადავერთე.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, გიორგი შენგელაიას ოსეთის კონფლიქტზე უნდოდა ფილმის გადაღება. მთავარ როლში ზურა ყიფშიძე იყო. კასტინგი იქაც გავიარე და მთავარ როლზე დამამტკიცეს, მაგრამ ვინაიდან ამ ფილმში ოპოზიციური განწყობა იყო ასახული, დაფინანსება ვერ მიიღო. აი, ასეთი ბედი მაქვს - ფილმები, რომელშიც მთავარი როლი შემომთავაზეს, რატომღაც იბლოკებოდა...

სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას; ბოლოს და ბოლოს, მენეჯერობისა და მსახიობობის შეთავსებას ყოველთვის შევძლებ. ოპტიმისტი ვარ და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში რომელიმე რეჟისორი ჩემითაც დაინტერესდეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ