რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა

რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა

მედიაპროექტი "ეტალონი" ხშირად სთავაზობს მაყურებლებს ისეთ გადაცემებს, რომლებშიც სკოლის მოსწავლეების ნაცვლად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმოაჩენენ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამჯერად გადაცემის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, პროექტში ჩოხოსნები მოეწვიათ, რომლებმაც თამაშის მსვლელობისას ქართული ჩოხის ტრადიციებსა და ამ ეროვნული სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს...

ჩოხა-ახალუხის მორგების ძირძველი ტრადიცია ჩვენი თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და სასიამოვნოა, როცა დღევანდელი ახალგაზრდები ლხინის სუფრებსა თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებზე ჩოხის ჩაცმას ანიჭებენ უპირატესობას.

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების დარბაზის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გახლავთ. ის სტუდიაში თამაშის მონაწილეებსა და სხვა ჩოხოსნებთან ერთად მობრძანდა. სტუმრებს ჩოხით შემოსილი შეეგება გადაცემის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილიც. საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი ადილ ტურსუნოვიც ქართული ჩოხით ეწვია "ეტალონს", რითაც თავისი პატივისცემა დააფიქსირა ჩვენი ერისა და ჩოხოსნების წინაშე.

-  ბატონო ელჩო, რატომ გადაწყვიტეთ ქართული ჩოხის ჩაცმა?

ადილ ტურსუნოვი:

-  დღეს მესამედ ვარ "ეტალონში" და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვდივარ ამ გადაცემაში სტუმრად, იმიტომ, რომ "ეტალონი" ძალიან კარგი და სასარგებლო გადაცემაა. რააც შეეხება ჩემს ჩოხას, მისი ჩაცმა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. როცა ჩოხას ვიცვამ, მუდამ ვითვალისწინებ, რომ იმ მაღალ მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რითაც თითოეული ქართველია დაჯილდოებული და ეს მე მუდამ მახსოვს.

გადაცემას ასევე ესწრებოდნენ კომპანია "სნოს" კომერციული დირექტორი ირაკლი უგლავა და კომპანია "სნოს" პიარმენეჯერი ლალი გალუმაშვილი. ეს კომპანია "ეტალონის" მხარდამჭერი გახდა. ხოლო ქართული ცეკვის ანსამბლ "ეგრისის" ხელმძღვანელმა გია ფილიშვილმა სტუდიაში თავისი ანსამბლის წევრები მოიყვანა და გადაცემა საცეკვაო ნომრით გაალამაზა.

ჩოხოსნები პიუპიტრებთან შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: თემურ თავაძე, თემურ ბერიშვილი, ბორის ბოქოლიშვილი, ნუგზარ ბირკაია, არნოლდ გეგეჭკორი, ოთარ გოგიტიძე, რეზო სულავა, ზაურ ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ ასათიანი და თამაზ ჯალაღანია. ათეულიდან ფინალში თემურ თავაძე, ნიკოლოზ ასათიანი და ბორის ბოქოლიშვილი გადავიდნენ. მათ შორის ყველაზე მეტი სწორი პასუხი თემურ თავაძემ დააფიქსირა და, შესაბამისად, სწორედ ის გახდა გადაცემის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული.

ირაკლი უგლავა, კომპანია "სნოს" კომერციული დირექტორი:

-  "ეტალონი" ეროვნული პროექტია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი მხარდაჭერა. ეს გადაცემა ცოდნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი და კეთილშობილური საქმეა. პროექტი მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს და სკოლის მოსწავლეებს, რომ იყვნენ უფრო აქტიურები, კარგად ისწავლონ, წარმოჩნდნენ და ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი კომპანიის მიზანიც სწორედ ასეთი პროექტების მხარდაჭერაა.

თემურ თავაძე, გადაცემის გამარჯვებული:

-  ბატონო თემურ, როდის მოირგეთ ჩოხა პირველად?

-  2005 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენების დღეს. მას შემდეგ წლიდან წლამდე ვამაყობ ამით და ამ გზით ჩემს შვილებსაც ვუგზავნი მესიჯს, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი, ვუხსნი და

ვაცნობ მათ, როგორია ქართული კულტურა.

-  რამდენი შვილი გყავთ?

-  ორი ბიჭი და ერთი გოგონა მყავს. ჯერჯერობით ისინი არ არიან ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩოხის ჩაცმას შინაგანი მზაობა სჭირდება. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებს ეხება, არამედ ჭკუადამჯდარ ადამიანებსაც. ყველას სჭირდება ერთგვარი მომზადება იმისთვის, რომ ჩოხა ჩაიცვას. ჩოხით ყველა აღფრთოვანებულია და ეს სამოსი მამაკაცს ძალიან უხდება, თუმცა, როცა ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისა და ნათესავებისთვის შემითავაზებია ჩოხოსანთა ორგანიზაციაში გაწევრიანება, დაფიქრდებიან და ამბობენ ხოლმე: "მე ჯერ არ ვარ ამისთვის მზად". ჩვენს რიგებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შინაგანად რამდენიმე წელი ემზადებოდნენ ჩოხის ჩასაცმელად. ჩოხოსანთა საზოგადოების შექმნის იდეა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს პატრიარქს ილია II-ს ეკუთვნის, ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ სათუთ თემას ყველა დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მეამაყება, რომ პატრიარქს უყვარს ჩოხოსნები და ჩვენც ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. დღევანდელ ჩვენს თამაშში წინა პლანზე იყო წამოწეული ჩოხის ტარების კულტურა, თავად ჩოხოსნები და გადაცემის მონაწილეები, დღეს თითოეული ჩვენგანი ჩოხის პოპულარიზაციას ვემსახურებოდით.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები