საექსპორტო ბაზრებზე "მარნეულის სასურსათო ქარხნის" პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. კომპანიის ინფორმაციით, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული "სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენიდან" ახალი შემოთავაზებებით დაბრუნდა და ქართული პროდუქციით უცხოელები დააინტერესა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი და საყვარელი მჟავეული, ტკბილეული და სხვა სასურსათო პროდუქცია, ინგლისის შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნების ბაზარზეც გამოჩნდება.
გამოფენაზე, რომელშიც 50 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს "მარნეულის სასურსათო ქარხანა" წარმოადგენდა.
"ჩვენს პროდუქციას გამოფენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით კი ქართული მურაბით დაინტერესდნენ. ქართული პროდუქტები ბევრმა უცხოელმა მოიწონა, ხაზი გაესვა, როგორც მის შეფუთვას, ასევე არომატს, შემადგენლობასა და გემოს. ამ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ კომპანიებთან სამომავლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანიის პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანის მიზნით, ანალოგიურ გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია", - განაცხადა "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორმა ირინე გაფრინდაშვილმა.
კომპანიამ ინგლისში ექსპორტი 18 მარტიდან დაიწყო. პროდუქცია, რომელიც ლონდონის "ვიქენდ მარკეტებზე" გაიყიდება, სპეციალურად ინგლისელი მომხმარებლისთვის, განსხვავებულად შეიფუთა. მისი ასორტიმენტიც ქართული ბაზრისგან განსხვავებულია. უკვე წარმოებულ პროდუქციას ლონდონელებისთვის საზამთროსა და სამოთხის ვაშლის მურაბაც დაემატა. სპეციალურად ლონდონის სუპერმარკეტებისთვის, შეფუთვასა და ასორტიმენტში ცვლილებები პარტნიორი კომპანია "Good Food from Abroad"-ის რჩევით განხორციელდა. "მარნეულის სასურსათო ქარხანა" პირველ საექსპორტო ბაზარზე ახალი სახით წარსდგა და "სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე" პარტნიორ კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9