თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს

თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი შექსპირის შემოქმედებას არ იცნობს

საყოველთაო აღიარების მიუხედავად, უილიამ შექსპირის ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ამ სახელის უკან ერთი ან სულაც რამდენიმე პერსონა იმალება. იგი, სავარაუდოდ, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა ინგლისში, უორიკის საგრაფოს ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში. მამამისი, ჯონ შექსპირი, ბეწვეულით მოვაჭრე გახლდათ, დედა კი, მერი არდენი, - ფერმერის ქალიშვილი. ჯონ შექსპირს ქალაქის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა, ერთხანს ქალაქისთავიც კი ყოფილა, თუმცა შემდეგ გაღატაკებულა და ვაჟიშვილი ვერ გაუგზავნია უმაღლესი განათლების მისაღებად. უილიამი 14 წლამდე სტრეტფორდ-ონ-ეივონის გრამატიკულ სკოლაში სწავლობდა. 18 წლისას ცოლად შეურთავს თავისზე რვა წლით უფროსი ენ ჰეთუეი (რომელიც ამ დროს უკვე ორსულად ყოფილა). მათ სამი შვილი შეეძინათ: სუზანა და ტყუპი - ჯუდითი და ჰამნეტი.

1585 წელს შექსპირმა ოჯახი მიატოვა და ლონდონში მოხეტიალე დასს გაჰყვა. დედაქალაქში მსახიობობა დაიწყო თეატრალურ დასში. ამავე დროს წერდა პიესებს, სონეტებსა და პოემებს. ჯეიმს I-ის (1603-1625) ტახტზე ასვლის შემდეგ მის თეატრალურ ჯგუფს "სამეფო დასი" ეწოდა. უილიამ შექსპირი მისი ძირითადი დრამატურგი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი გახლდათ (მაგალითად, ჰამლეტის მამის აჩრდილის როლს თამაშობდა). შექსპირის თეატრი ხშირად მართავდა წარმოდგენებს სამეფო კარზე. შექსპირმა პოპულარობა მოიპოვა და, როგორც ჩანს, საკმაოდ მალე დასის მეწილეც გახდა, რამაც მშობლიურ ქალაქში სახლის შეძენის საშუალება მისცა. "სამეფო დასი" სხვადასხვა თეატრის შენობაში მართავდა სპექტაკლებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო "გლობუსი". სიცოცხლის ბოლო წლები შექსპირს სტრეტფორდ-ონ-ეივონში გაუტარებია. გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს (დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ამ მოვლენას ლეგენდის ელფერს სძენს).

სანამ შექსპირი ცოცხალი იყო, როგორც ჩანს, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მისი სახელით ცნობილი პიესების ავტორი თავად იგია. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა კაცი, ვინც განაცხადა, - შექსპირის სახელს სხვა იყენებდა, მისივე თანხმობითო.

შექსპირის პიესების ნამდვილი ავტორის ძიება ინტენსიურად XIX საუკუნიდან იწყება, მას მერე, რაც შექსპირის ფიგურის გაიდეალება ხდება. ამჟამად შესაძლო "კანდიდატების" რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს, მათ შორისაა ფილოსოფოსი და მეცნიერი ფრენსის ბეკონი, დრამატურგი კრისტოფერ მარლო, გრაფი რეტლენდი და მისი მეუღლე, ელიზაბეტ სიდნი და მრავალი სხვა.

ცნობილია, რომ შექსპირის კალამს ეკუთვნის 38 პიესა, 154 სონეტი და 2 პოემა (ნაწარმოებების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს