"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"

"ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან"

ქართველი მოდელის თიკა სიხარულიძის კარიერა სოფო ჭყონიას სააგენტო "ამსაში" დაიწყო, შემდეგ კი ფრანგულმა "ფორდ მოდელსმა" მიიწვია სამუშაოდ, მაგრამ გულმა მაინც სამშობლოში გამოუწია. დღეს კი თიკა, რომელიც ორი შვილის დედაა, ჩვენებებზე სპეციალური მიწვევით გამოდის:

- ყოველდღიურად უფრო თავისუფალი სტილის სამოსი, ძირითადად, ჯინსი მაცვია. თუ წვეულებაზე მივდივარ, შესაბამისად ვიმოსები. ყოველთვის ვადევნებ თვალყურს მოდის სიახლეებს, მაგრამ თუ სამოსი არ მომწონს ან არ მიხდება, მოდურობის გამო არ ჩავიცვამ. ერთი რომელიმე ბრენდი არ მაქვს ამოჩემებული. ადრე არ მომწონდა "ქლოეს" სამოსი, მაგრამ ბოლო ხანს მივხვდი, რომ ძალიან კარგია. ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ ლაკო ბუკიას, მომწონს მისი კოლექცია, ინდივიდუალური ხედვა აქვს.

- სად იძენთ სამოსს?

- სამოსს ყოველთვის საზღვარგარეთ ვიძენ. შოპინგისთვის ყველაზე კარგი ქალაქებია მილანი და პარიზი. საფრანგეთში 3 თვეს ვცხოვრობდი და ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს მისი ქალაქებით, ღირსშესანიშნაობებით, ხალხითა და კულტურით. სამოსის არჩევისას მეუღლის აზრს ვითვალისწინებ, საყიდლებზე მეგობართან ერთად წასვლას მირჩევნია მეუღლესთან ერთად წავიდე. რა თქმა უნდა, მისთვის იოლი არ არის მთელი დღე მაღაზიებში სიარული და ტანსაცმლის რჩევა, მაგრამ ამაზე უარს არასდროს მეუბნება.

- ათი წლის წინ საფრანგეთში, "ფორდ მოდელსში" მიგიწვიეს სამუშაოდ. როგორ შეაფასებ ევროპულ და ქართულ სამოდელო ბაზარს?

- "ფორდ მოდელსში" სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი გვქონდა... სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მხრივ საქართველო პარიზს ვერ შეედრება. ამბობენ, ქართული მოდა წინ წავიდაო, მაგრამ ბევრი ნიუანსია, რომელიც ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას. სამოდელო ბიზნესში, ფაქტობრივად, არაფერი ხდება. სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსს" (ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი) კონტაქტები აქვს უცხოურ სააგენტოებთან და მის მოდელებს მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები იწვევენ სამუშაოდ, მაგრამ ქართველი მოდელები დიდხანს ვერ რჩებიან ევროპაში, ჩამოდიან თბილისში და თხოვდებიან. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, სინგაპურში ვიყავი მიწვეული, მაგრამ ჩამოვედი და გავთხოვდი.

- გარეგნობაში კორექტივების შეტანის სურვილი არასდროს გქონია?

- ჯერჯერობით არა, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანმა ცხვირის ოპერაცია არ უნდა გაიკეთოს, რადგან ის ზუსტად გამოხატავს მის ხასიათს.

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ არ მივირთმევ ცომეულს, თუმცა მიყვარს ტკბილეული. თავს ყველა ქალმა უნდა მოუაროს და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მოდელი იყოს. ბებია მეუბნებოდა ბავშვობაში: დილით რომ გაიღვიძებ, ჯერ თავი უნდა მოიწესრიგო და მერე გაასწორო საწოლიო (იცინის). ასევე, აუცილებელია ვარჯიში, ეს ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას და ნერვული სისტემის მოწესრიგებას. დღის განმავლობაში 2 ლიტრ წყალს ვსვამ, ეს კარგია სახის კანისთვის, კბილებისა და თმისთვის. არ ვეწევი და არ ვსვამ ყავას.

- აქსესუარები გიყვართ?

- თუ ზღვაზე არ ვარ დასასვენებლად, ვატარებ საყურეს. უსაათოდ კი დისკომფორტს განვიცდი. წელს მოდურია "რეიბანები", ძალიან მომწონს ასეთი სათვალე, შევიძინე, მაგრამ თბილისში ლამის ყველა ასეთ სათვალეს ატარებს და უკვე გული ამიცრუვდა.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, ნებისმიერ პირობებში შეიძლება თავს მო­უარო და კარგად გამოიყურებოდე.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)