ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...

ნათია აბრამია - C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ...

ქართველი ჟურნალისტები ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებენ ბლოგს C ჰეპატიტის დიაგნოზით ცხოვრებაზე - c-hepatiti.blogspot.co.uk - ბლოგის სახელწოდებაა "C ჰეპატიტამდე და შემდეგ". ამჟამად ორივე ცხოვრობს ინგლისში და მუშაობს "ბი-ბი-სი"-ზე. ისინი ბლოგში აღწერენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.

ირაკლი იმნაიშვილს C ჰეპატიტის დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს. მას შემდეგ ნათია და ირაკლი ამ პრობლემით დაინტერესდნენ და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ინფორმაცია მიაწოდონ ყველას, ვისაც შეეხო ჰეპატიტის პრობლემა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 6.7% (დაახლოებით 200 ათასი ადამიანია) ინფიცირებული. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მათ ბლოგპოსტს.

ნათია აბრამიას ბლოგი: მკურალობის მესამე კვირა

რამდენი რამ მინდა:

მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის თავზე ექიმმა ირაკლის უთხრას, რომ განკურნების რეალური შანსი აქვს და რომ მხოლოდ მოკლე კურსის ჩატარება მოუწევს (ახლა არ ვიცით 24 კვირა უნდა იკეთოს ნემსი, თუ 48)

ანამარიამ ჩააბაროს თეატრალურ სკოლაში, მოახერხოს თავისი ნიჭის და სურვილების იქ რეალიზება და აღარ იწუწუნოს იმაზე, რომ კასტინგებზე არ დამყავს... ყოველდღე არ მითხრას სხვა ბავშვებს, ვისაც მსახიობობა უნდათ, დედები ეხმარებიანო;

დროულად გამოჯანმრთელდნენ ჩემი ოჯახის წევრები თბილისში და ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, როგორ გრძნობენ თავს. ასევე დროულად დავიწყო დეიდაჩემის 80 წლის იუბილეს ორგანიზება, რომ ყველაფრის კარგად მომზადება მოვასწრო;

სამხრეთიდან საცხოვრებლად გადავიდე ჩრდილოეთ ლონდონში, სადაც ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და საღამოს სტუმრები გაუფრთხილებლად მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან სახლში;

ცოტა გამოიდაროს ამ კუნძულზე, გავიხსენო როგორია მზე.

მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც სიჩუმე და გამოძინება მინდა!

მკურნალობის დაწყების შემდეგ ირაკლი მთელი ღამე შფოთავს!

ხან ცივა, ხან ცხელა!

ფაჯრის გაღებას ითხოვს - მეტი ჰაერი უნდა; მერე დახურვას მთხოვს - გაიყინა ოთახი!!!

კვირაში სამჯერ დილით ხუთ საათზე ჩემი მაღვიძარა რეკავს, მერე ტაქსი მაკითხავს და "ბიბისის" უზარმაზარ ნიუსრუმში მივყავარ. იქ რამდენიმე ჭიქა ყავას ვსვამ, რომ გამოვფხიზლდე და დილის გამოშვების დაგეგმვა მოვასწრო. თორმეტსაათიანი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სახლში ვბრუნდები...ჩემს ყურადღებას ხან ანამარია ითხოვს, ხან - ირაკლი, ხან - ორივე ერთად.

ირაკლის საღამოობით ხანდახან კარგი ხასიათის შეტევები აქვს: მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ცდილობს, ხმამაღლა ლაპარაკობს, ანამარიას აცინებს, ეთამაშება, ისეთ ხმაზე ხარხარებენ, მეშინია მეზობლებმა არ გვიჩივლონ.

მერე უცებ უხასიათობა შემოუტევს, პატარა დეტალზე ღიზიანდება, ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს! (ახლა კი ნამდვილად დარეკავენ პოლიციაში, ყოველ ჯერზე ამას ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით გვიტანენ.)

მოკლედ მკურნალობა დაიწყო და ყველაფერი ყირაზე დადგა.

ირაკლი დილის ექვს საათზე თვითონ იმზადებს საუზმეს. მე ამ დროს ან სახლში არ ვარ, ან ლოგინიდან თავს ვერ ვწევ. თუმცა დღის განმავლობაში მისი "კვების მენეჯერი" მე ვარ. ვამზადებ საჭმელებს, ვითვლი ცხიმის შემცველობას.

ლანჩი ორ საათზე უწევს!

სადილი - ათზე!

დროის გადაცილება არ შეიძლება!

მადა არ აქვს, მაგრამ დღეში სამჯერ, ტელაპრევირთან ერთად, მინიმუმ 20 გრამი ცხიმი უნდა მიიღოს. ვცდილობ ისეთი კერძები შევთავაზო, რომ ჭამა და წამლის მიღება დამთრგუნველი არ გახდეს. რომ ლუკმის გადაყლაპვა კი არ დააძალოს საკუთარ თავს, უბრალოდ საჭმელს რომ დაინახავს, გასინჯვა მოუნდეს.

უკვე რამდენი წელია ვცდილობთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და უცხიმო დიეტა დავნერგოთ ოჯახში. რეცეპტების წიგნში ცხიმიანი კერძები არ მაქვს. ახლა უცებ ცოტა ძნელია მუდმივად იმაზე ფიქრი როგორ მოვამზადო მაქსიმალურად მსუყე საჭმელი. დღისით კალორიულ რეცეპტებს ვეძებ ინტერნეტში. გვიან საღამოს ირაკლისთან ერთად ვჭამ. გავსუქდი!!! და ზედმეტი წონა ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს:(

თვითონ ირაკლის მზარეულობის სურვილი აღარ აქვს, არადა მანამდე კვირაში ორჯერ მაინც გვიმზადებდა გემრიელ ვახშამს. არ მომწონს, რომ სამზარეულოში მარტო დავრჩი, თუმცა იმედი მაქვს რომ ეს დროებითია. საჭმლის მზადების პროცესში ვცდილობ კერძის სუნი არ დადგეს, რომ გულის რევის შეგრძნება არ გაუძლიერდეს. ასევე ვცდილობ არ განვმეორდე, რომ კერძები არ მობეზრდეს. საჭმელი, რომელიც ერთ დღეს მოსწონს, მეორე დღეს საშინლად ეზიზღება. უკვე ვეღარ ვიყენებ ერბოს, მაიონეზს... არ ვიცი ხვალ რას შეიძულებს.

ამის მიუხედავად კვებაზე ნაკლებად ვდარდობ, ვიცი, რომ მოვახერხებთ რამეს,

მე უფრო მისი ხასიათი/უხასიათობა მადარდებს. ამ მხრივ უბრალოდ არ ცდილობს რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოს. ძალიან მღლის მისი მოჭარბებული მხიარულება, მერე გადამეტებული უხასიათობა, აგრესია და ღამის შფოთი.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ დავეხმარო, არ შემიძლია თვალი დავხუჭო ხოლმე მის არაადეკვატურ ქმედებაზე.

ამიტომ როცა უსამართლოდ ჩხუბობს არ ვიპარები ოთახიდან და არ ვემუდარები დამშვიდდეს. უბრალოდ ვეუბნები, რომ არასწორად იქცევა და თავი უნდა მოთოკოს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანს თუკი გიჟივით ექცევი, უფრო უმწვავდება იმის შეგრძნება რომ ავად არის. თუ გაღიზიანებულია, მაინც იპოვის ჩხუბის მიზეზს!

ამიტომ მგონია, რომ უნდა გაუფრთხილდე, უნდა შეეცადო არ გააბრაზო, მაგრამ ზომიერება არ უნდა დაკარგო. აზრი არ აქვს ფეხის წვერებზე სიარულს და ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებას. მან თვითონ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება ყვირილი დაიწყოს იმის გამო, რომ რაღაც ითხოვა ხუთი წამის დაგვიანებით მიაწოდეს.

მოკლედ, ყოველ მორიგ წამოყვირებაზე ვრეაგირებ ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში გავაკეთებდი. თუმცა მეორე დილით ჩემს თავს ვეუბნები რომ გუშინ ირაკლი კი არ ყვიროდა, მისი დიაგნოზი ავლენდა აგრესიას. ამიტომ დილაობით, როგორც კი დავინახავ, სასწრაფოდ რაიმე თბილ და მოსიყვარულეს ვეუბნები. ძალაუნებურად იმავე ტონში მპასუხობს... მერე აღარ ვარჩევთ ვინ იყო გუშინ მართალი და რამდენიმე საათით სიმშვიდე მყარდება.

მაგრამ მერე ისევ სრულიად მოულოდნელად პოულობს გაბრაზების მიზეზს, ისევ ბოლო ხმაზე ყვირის პატარა გაუგებრობის გამო.

ეს ყველაფერი ანტიდეპრესანტების ფონზე ხდება.

იხილეთ ბმული: http://c-hepatiti.blogspot.co.uk/

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები