თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"

თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეჟურნალისტი, თინა კანდელაკი გამოცემა РБК-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ბევრი ახლობელი ჰყავს და ეჭვიც არ ეპარება, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვს.

"პატარა სახელმწიფოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც საზღვარგარეთ წარმატებას მიაღწიეს, ახალი პროექტების რეალიზაციაში ქვეყნისთვის დამატებით რესურსს წარმოადგენენ. თუ საქართველოში ჩასვლას გადავწყვეტ, უსაქმოდ ნამდვილად არ დავრჩები. ისიც გასაგებია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ახალი ხელისუფლებისთვის ვიმუშავებ და დიდი წარმატებასაც მივაღწევ. მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება", - აცხადებს კანდელაკი თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ მიდის, რადაგან კომპანია "აპოსტოლის" მართვით არის დაკავებული და ამ ეტაპზე ქართველებისთვის მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლია.

"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც რჩევებს ხშირად მეკითხებიან. მეც ვუზიარებ მათ ჩემს შეხედულებებს. არამგონია, გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემი რჩევებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ როგორც თვალსაზრისს, ითვალისწინებენ", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

კანდელაკი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.

"რუსეთის საქციელი ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილი სპილოს ქმედებას ჰგავს, საერთოდ არ მესმის, რა უნდა. რუსეთისთვის ეს ტერიტორიები დამატებითი ტვირთია, საქართველოსთვის კი პრინციპული საკითხი. პატარა ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვას ვერ შეეგუება, მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიებისთვის ქართული სისხლი დაიღვარა, მაგრამ თუ რომელიმე ქართველი გეტყვით, რომ ეს პრობლემა მოუგვარებელია, ის ქართველი არ ყოფილა. ყველა ქართველს აქვს ამის იმედი და მეც მათ შორის. პრობლემის მოგვარება მაშინ დაიწყება, როცა ივანიშვილი რუსეთში ჩამოვა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება. მხოლოდ მაშინ დაიძვრება ყინული", - აცხადებს კანდელაკი.

მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები