"თანამედროვე ლიტერატურით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ"

"თანამედროვე ლიტერატურით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ"

"ჩემს ბავშვობაში ყველა ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. დაწყებული საბავშვო წიგნებით, დამთავრებული სერიოზული ლიტერატურით. პაპაჩემიდან მოყოლებული, დღემდე, ძალიან საინტერესო გამოცემები გვაქვს და ესენია XVIII-XIX საუკუნის წიგნები. მათ შორისაა შილერისა და შექსპირის ტომეულები. ბიბლიოთეკა მდიდარია რუსული და დასავლური ლიტერატურით, აღმოსავლურით - ნაკლებად. ჩვენ რუსულ-ქართულად მკითხველები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ინგლისურად არ ვკითხულობდით, პაპას ჰქონდა ინგლისურენოვანი ლიტერატურაც. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თაობა უფრო მეტს კითხულობდა, ვიდრე დღევანდელი. ერთი წიგნი მთელ თბილისს მოივლიდა ხოლმე. არ გვქონდა ინტერნეტი და ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან წიგნების საშუალებით მყარდებოდა.

მეგობრებს გვახსოვს, რომ ყველა ოჯახში იყო კაბინეტი, რომელშიც მშობლების ბიბლიოთეკები იყო განთავსებული. ეს ტრადიცია ევრორემონტმა შთანთქა. ამ დრომ და ეპოქამ წიგნი განდევნა ადამიანის ყოველდღიურობიდან... ბევრი კომპიუტერში კითხულობს, მაგრამ მე ვერა, მიჩვეული ვარ წიგნს და მის წამოწოლილ კითხვას", - მითხრა ინტერვიუს დასაწყისში ნიკუშა შენგელაიამ, რომელმაც უპირველესად საოჯახო ბიბლიოთეკა მიმოიხილა და კითხვისადმი თავისი დამოკიდებულება აღგვიწერა...

- ბევრს ახსოვს დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი...

- მე არა, თუმცა მახსოვს პირველი მძაფრი შთაბეჭდილება, რომელიც მაინ რიდის "უთავო მხედრის" წაკითხვისას მივიღე. მანამდე ვკითხულობდი ზღაპრებს, შემდეგ ჟიულ ვერნის ნაწარმოებებს და ეს დაახლოებით III-IV კლასში ხდებოდა.

- იმავე პერიოდში ბავშვებს სურვილი უჩნდებათ, რომელიმე პერსონაჟს ჰგავდნენ...

- იცი, რამდენს მინდოდა ვმსგავსებოდი?! მაგრამ ახლა არც ერთს არ დავასახელებ. რა თქმა უნდა, "სამი მუშკეტერი" ყველა ბიჭს უყვარს, ასევე გინდა ჟიულ ვერნისა და ჯონათან სვიფტის გმირები იყო. ვგიჟდებოდი "საიდუმლო კუნძულზე", მეკობრეების ცხოვრებაზე. ძალიან მიყვარდა გეოგრაფია და როცა ლიტერატურულ ნაწარმოებში ეს თემა იდო, სიამოვნებით ვკითხულობდი. ყოველთვის მაინტერესებდა ისტორია და რეალობა, ისტორიული ეპოქები მხიბლავდა და ჰომეროსის კითხვა მიყვარდა. ზოგჯერ ვერ ხსნი, ასე რატომ ხდება, მაგრამ არის ეპოქები, რომელიც გამორჩეულად გაინტერესებს.

- წიგნი, რომელმაც ისე ჩაგითრიათ, რომ ღამე გაათენეთ...

- ასეთი ბევრი იყო. სახლში რომ დავრჩენილიყავი და წიგნი ბოლომდე წამეკითხა, თავიც მომიავადმყოფებია, ვითომ სიცხემ ამიწია. ეს ბავშვობაში, მაგრამ რაც ასაკში შევედი, ისედაც გვიან ვიძინებ და უფრო მეტად ღამით ვკითხულობ.

- რომელიმე ავტორის გავლენით, თავად თუ დაგიწერიათ ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი?

- წერა არა, მაგრამ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტას" ილუსტრაცია გამიკეთებია.

- ლექსი ღრმა ბავშვობაშიც არ დაგიწერიათ?

- არ დამიწერია. მე ლექსებს ზეპირად წარმოვთქვამ, ნამდვილი პოეტი ვარ (იღიმის). ისიც მთაში ყოფნისას, ერთ ჭიქა ჟიპიტაურს რომ დავლევ, მაშინ მოდის ლექსები (იღიმის). ამაზე გამახსენდა, არ ვიცი ეს ამბავი სინამდვილეა თუ არა, მიამბეს, რომ თურმე ერთხელ ტავერნაში ყოფნისას ბლოკს ვიღაცისთვის კალამი უთხოვია. მას კი უთქვამს, მე ნამდვილი პოეტი ვარ, კალამს არ ვატარებო.

- ანუ იმახსოვრებდა...

- ჰო, ძველ საბერძნეთშიც ასე იყო, პოეტები ლექსებს ზეპირად წარმოთქვამდნენ და სხვები იწერდნენ.

- ვინმეს თუ ჩაუწერია თქვენი ექსპრომტები?

- არა, ისეთი არაფერი იყო, ახალგაზრდული ემოციური აღტკინება და ისიც ხანდახან.

- ჩვენთად არ იშოვებოდა ცნობილ მხატვართა რეპროდუქციები ან ილუსტრირებული წიგნები და მათ უფრო მეტად საზღვარგარეთ იძენდნენ...

- დიახ, ასეთი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში იყო, მას ძირითადად ჩემი მშობლები იძენდნენ. მაშინ წიგნი ერთგვარი ესთეტიკის საგანიც გახლდათ, რომელსაც ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ. ზოგიერთი ხელითაც კეთდებოდა და ძალიან საინტერესო ილუსტრაციები ჰქონდა.

- გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ბავშვობაში გატაცებით კითხულობდით რომელიმე ავტორს და შემდეგში შეხვდით, გაიცანით...

- რთულია გამოვარჩიო, რადგან ბევრ მწერალს შევხვედრივარ და პირადად ვიცნობდი. მათ შორის ერთ-ერთი ოთარ ჭილაძე გახლდათ. ჩვენ სულ ერთად ვისვენებდით ქვიშხეთში - მწერალთა სახლში.

- უწინ ქალაქში ბევრი ბიბლიოთეკა იყო, რომელიმეში ჩაწერილი ხომ არ ყოფილხართ?

- არა, თუმცა საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი, მაგრამ არა მხატვრული ლიტერატურის საკითხავად, არამედ ისტორიული მასალების მოსაძიებლად. ბევრი ფილმის დამდგმელ მხატვრად ვმუშაობდი და როცა რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო მასალა შინ ან ნაცნობ წრეში არასაკმარისი იყო, საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. იქ მამაჩემი იყო ჩაწერილი და ყოველთვის მისი ბარათით ვსარგებლობდი (იღიმის).

- საკუთარი შემოსავლით შეძენილი პირველი წიგნები...

- ბევრი ლიტერატურა შემიძენია, მათ შორის მხატვრული და ხელოვნებათმცოდნეობის თემაზე შექმნილი წიგნები, რომლებიც ჩვენს დროს საოცარი დეფიციტი იყო. შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდა. ახლა ბაზარზე ყველაფერია, მაგრამ მყიდველია ნაკლები. პირველად საზღვარგარეთ პარიზში გავემგზავრე და იქიდან 30 კილოგრამი წიგნები და საღებავები ჩამოვიტანე. ისეთი მძიმე ჩემოდანი მქონდა, აეროპორტში გაგიჟდნენ, მებაჟემ მითხრა, რა დევს, აგურები ხომ არ გიწყვიაო (იღიმის). მაშინ ასე იყო, ხალხს საზღვარგარეთიდან ჩამოჰქონდა ყველაფერი, რადგან, სამწუხაროდ, საბჭოთა დროს ჩვენთან არაფერი იშოვებოდა.

- თანამედროვე ქართველ ავტორებზე გკითხავთ, ვის გამოარჩევთ, ვის კითხულობთ?

- არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მიჭირს გამორჩევა. უამრავი რაღაც მაქვს წაკითხული, მაგრამ ალბათ მაინც აკა მორჩილაძეს დავასახელებ.

- ყველა თაობის წარმომადგენელი ამ ავტორს მისახელებს...

- ჰო, კარგია, იმიტომ, რომ აკა სერიოზულად წერს. პოეზიაში კი დათო მაღრაძეს ვკითხულობ, ასევე გაგა ნახუცრიშვილს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ისეთ მონუმენტებზე ვარ გაზრდილი, მაინც წარსული მიზიდავს.

- კლასიკას უბრუნდებით თუ დღეს თანამედროვე ლიტერატურას უფრო კითხულობთ?

- კლასიკას ვუბრუნდები. თანამედროვე ლიტერატურით მაინცდამაინც ვერ აღვფრთოვანდი, ვერსად ვიპოვე "ის", რაც იმ ავტორებში ვიპოვეთ, რომლებმაც გენიალური ნაწარმოებები დატოვეს.

- კლასიკოსებიდან ვის კითხუ­ლობთ?

- უფ!.. ხან ვინ გამახსენდება და ხან ვინ. ძალიან მიყვარს რუსული და დასავლური ლიტერატურა. ძალიან მიყვარდა ბულგაკოვი, ახლა მას ნაკლებად ვკითხულობ. პოეზიიდან გუმილიოვი მიყვარს, ვაჟა-ფშაველაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან მუდმივად საკითხავია, ისევე, როგორც "ვეფხისტყაოსანი".

- ოჯახში უამრავი ავტორის ხელმოწერილი წიგნი გექნებათ...

- არის, კი. ხანდახან დღესაც კი ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, რომელიმე წიგნს გადმოვიღებ და ავტორისეული ხელმოწერა ახლავს. მშობლებისთვის ნაჩუქარი უფრო მეტია, ვიდრე ჩემთვის, მაგრამ ასეთები მეც მრავლად მაქვს: ნახუცრიკა, მაღრაძე, ქარუმიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ოთარ ჭილაძე...

- წიგნი მოგიპარავთო, ვერ გკითხავთ, მაგრამ თუ წამოგიღიათ და აღარ დაგიბრუნებიათ...

- ასეთი რამ არ მახსოვს, როგორც წესი, სულ ვაბრუნებ, მაგრამ, სხვათა შორის, ჩემგან ბევრი წაუღიათ და არ დაუბრუნებიათ.

- ზოგი ინიშნავს, თქვენ არა?

- მე არ ვინიშნავ, ვენდობი ადამიანებს! ნდობით ცხოვრებას ვარ მიჩვეული (იღიმის).

- წიგნი, რომლის კითხვაც არასდროს გბეზრდებათ, ნებისმიერ დროსა და ხასიათზე...

- ასე ვერ გეტყვით, რადგან სულ სხვადასხვა ავტორს ვკითხულობ. შოპენჰაუერის, სოკრატეს, კანტის, პლატონის კითხვა მიყვარს. არის წიგნები, რომლებსაც ხშირად უნდა ჩახედო. "სახარება" ძალიან საინტერესოა, ყოველ ჯერზე ახალ აღმოჩენას აკეთებ.

- თუ გახსოვთ, ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ და თქვენ რა გაჩუქეს?

- დღეს ვინღა იჩუქება წიგნებს (იღიმის)?! გამახსენდა, მე მაჩუქეს ლეონარდო და ვინჩის ახალი გამოცემა და ხელოვნების მსოფლიო ისტორია. მეც დამაქვს ხოლმე წიგნები საჩუქრად, ახლახან ჩემს მეგობარს ვაჩუქე თანამედროვე არქიტექტურის წიგნი. დღეს უფრო მეტად პროფესიული თვალსაზრისით უძღვნიან ხალხს წიგნებს.

- მხატვარი, რომლის ბიოგრაფიამ შემოქმედებამდე მიგიყვანათ ან პირიქით, შემოქმედებამ - ავტორამდე...

- ნამუშევრების ნახვის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესებულვარ ავტორის ბიოგრაფიით, ვიდრე პირიქით. ამ კუთხით კარავაჯოსა და ვაზარის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა. ბიოგრაფია ქმნის ადამიანს, სულ გაინტერესებს, მისი სახელის მიღმა რა დევს, რა წარსული ჰქონდა. ამიტომ ყოველთვის შემოქმედებით მივდივარ ავტორამდე და ვცდილობ მის სიღრმეში გავერკვე, ვინ ვინ არის და როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს