"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

"კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

გაზეთი "კვირის პალიტრა" დღეს 18 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "მედია პალიტრამ" რამდენიმე ღონისძიება გამართა.

მედიასახლმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჩუქრად 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი გადასცა, რომელიც ყველა საპატიმროს ბიბლიოთეკებს გადაუნაწილდება.

"კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა, გიორგი თევდორაშვილმა და "მედია პალიტრის" კრეატიულმა დირექტორმა, მარიკა დარჩიამ სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 ქალთა საპატიმროს მათთვის განკუთვნილი ბიბლია და მხატვრული ლიტერატურა ჩაუტანეს.

საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა, სადაც გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გაზეთ "კვირის პალიტრის" სრული არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა. ელექტრონულ ბაზაში შესულია 18 წლის განმავლობაში გამოცემული ყველა ნომერი, რომლის ნებისმიერი სტატიის მოძიება შესაძლებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და google-ს საძიებო სისტემის მეშვეობით.

გარდა ელექტრონული ბაზის პრეზენტაციისა, დღესვე კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის შეჯამება მოხდა. ეს არის პროექტი "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებში უკვე 20 ათასამდე წიგნის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც მაკულატურიდან ამოარჩიეს, აქედან 2000 უნიკალური წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს გადაეცა.

"კვირის პალიტრის" საიუბილეო ღონისძიებები კი, დილით, დიღმის ტყე-პარკში ნერგების დარგვით დაიწყო. დღეს 300 ნერგი დაირგო.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები