სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა

სააკაშვილის პაროდისტს ივანიშვილთან სურს შეხვედრა

27 წლის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა. იგი პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდიას აკეთებს და, როგორც ამბობენ, ეს წინამორბედებზე - მამუკა ლომაშვილსა და გიორგი აფციაურზე უკეთესადაც გამოსდის. ახალგაზრდა პაროდისტი პროფესიით იურისტია.

- პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ, ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. პრეზიდენტის პაროდიას 2005 წლიდან ვაკეთებ, "კომედი შოუს" ბიჭებსაც ვიცნობდი. შარშან, 4 ოქტომბერს, მეგობრის ქორწილში ვიყავი და პრეზიდენტ სააკაშვილის ხმით მივულოცე: ძმაკაცს - ქორწილი, ხალხს - არჩევნები, "ქართულ ოცნებას" კი - გამარჯვება. სწორედ ეს ვიდეო მოხვდა ინტერნეტში, რის შემდეგაც დამიკავშირდა ალეკო მალხაზიშვილი. მხოლოდ სააკაშვილის პაროდიის გაკეთება შემიძლია, ყოველმხრივ შესწავლილი მყავს.

- პრეზიდენტის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?

- ხატად ნამდვილად არ მყავს მიხეილ სააკაშვილი. 9-წლიანი მმართველობისას არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, თუნდაც იგივე 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს. როგორ შეიძლება ამას ტაში დაუკრას ადამიანმა? მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძლიერი პოლიტიკოსია. როგორც პიროვნება - უძლიერესია. ხალხთან ურთიერთობის მსგავსი ნიჭი სხვას არ აქვს.

- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი პირადად მოვიდა თქვენ გასაცნობად რესტორან "გაგრაში"...

- მე და სააკაშვილი შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს რესტორან "გაგრაში". ჩვენ კორპორაციული წვეულება გვქონდა, სადაც მიშა მოულოდნელად მოვიდა. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და მისი ხმით მივესალმე, მივხვდი, რომ ესიამოვნა. მითხრა, ვნახე შენი სკეტჩები, ძალიან დიდი მსგავსებაა ჩვენ შორისო და შემაქო. ძალიან მინდა ჩვენს ღონისძიებაზე მოვიდეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ან ის მოვიდეს, ან ჩვენ მივალთ. სააკაშვილის ხმით მივესალმები. ვფიქრობ, რომ ჯერ "მისალმებაა" ეს მთავრობა: ვერც იმას ვამბობ - ეს რა გააკეთეს-მეთქი და ვერც იმას - ვაიმე, ეს რა ცუდი რამე გააკეთეს-მეთქი. ახლა ქართული პოლიტიკა მძიმე როკივითაა.

- შენამდე "კომედი შოუში" გიორგი აფციაური აკეთებდა სააკაშვილის პაროდიას, დისკომფორტი ხომ არ შეუქმნია შენთვის, მის ადგილზე რომ მოხვედი?

- მე რომ მოვედი, აფციაური უკვე წასული იყო. ვიცნობ გიორგი აფციაურსაც და მამუკა ლომაშვილსაც. ორივე კარგად აკეთებს სააკაშვილის პაროდიას. მაგრამ ზოგჯერ მიფიქრია, სააკაშვილი ამას ასე არ იტყოდა-მეთქი. პროფესიაც საერთო გვაქვს მე და სააკაშვილს, თან ორივეს მეგრელი დედა გვყავს (იცინის).

- შენც ისევე გიყვარს გოგონები, როგორც პრეზიდენტს?

- (სააკაშვილის ხმით მპასუხობს) აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს: უბედურია ის მამაკაცი, ვისაც გოგონები არ უყვარს. შეყვარებული მყავდა... ზოგი დიდხანს განიცდის სიყვარულის დაკარგვას, ზოგიერთი კი - დღე-ნახევარი. მე რომ მეგლოვა, სექტემბერში დასრულდებოდა ჩემი გლოვა, ფუნდამენტურად განვსხვავდებოდით (იცინის), იყო ნიუანსები, რომელშიც ვერ ვუგებდით ერთმანეთს და დავშორდით... ქალებს თმის ფერის მიხედვით არ ვარჩევ. თავმდაბალი ადამიანი უნდა იყოს, თან მაგრად უნდა იფასებდეს თავს, მაგრამ თხაც არ უნდა იყოს.

- რეიტინგულობის მიუხედავად, "კომედი შოუს" ხშირად უწუნებენ იუმორს, სამართლიანია ეს კრიტიკა?

- ასი კაციდან ასივეს თუ მოსწონხარ, ყველაზე უბედური მაშინ ხარ, ჯობია, სამოცდაათს მოსწონდე. კრიტიკა სადღაც საფუძვლიანიც არის, მაგრამ დიდ სტიმულსაც იძლევა. "ღამის შოუს" სტუდიის გადაცემებიც მომწონს, მაგრამ "ვანოს შოუ" ყველაზე მაგარია. "ოთარ ტატიშვილის შოუშიც" რომ ვმუშაობდე, მაინც ამას გავიმეორებ.

- ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს თქვენი ახალი საქმიანობა?

- ჩემი მშობლები რუსეთში ცხოვრობენ, არც მიშა აინტერესებთ, არც ბიძინა და სულ ერთია, "ვანოს შოუში" მივიღებ მონაწილეობას თუ "ღამის შოუში". მათ გალკინისა და "სემ დნეის" ამბები უფრო აინტერესებთ. ჯონდი ბაღათურიას პაროდიაც რომ გამეკეთებინა, იგივე რეაქცია ექნებოდათ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები