ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს

ირინა სარიშვილს ლექსები და პოემები არ უყვარს

პროფესიიდან გამომდინარე, არაერთი მოსაზრება მომისმენია, მათ შორის წიგნებთან და ზოგადად ლიტერატუსათან დაკავშირებით, მაგრამ მათ შორის ირინა სარიშვილის აზრი მაინც გამორჩეულად მეჩვენა. ჩვენი სასაუბრო თემა პირველი წიგნები, ლიტერატურისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ზოგადად, ამა თუ იმ ნაწარმოების შეფასება იყო...

-  ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. ყველა ქვეყნის ზღაპარი ცალ-ცალკე წიგნად იბეჭდებოდა და სავარაუდოდ, ჩემი პირველი წიგნიც მათგან ერთ-ერთი იქნებოდა. ზღაპრებს კარგა ხანი ვკითხულობდი, მგონი, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინაც კი. კარგ ზღაპარს დღესაც სიამოვნებით წავიკითხავ. რაც შეეხება სერიოზულ ნაწარმოებს, ეს იყო "ჯეინ ეარი". თუ წიგნი მომეწონა, დღემდე ბევრჯერ მიყვარს იმ ერთი და იმავე ნაწარმოების კითხვა. ბევრი წიგნი სამჯერ-ოთხჯერ მაქვს წაკითხული, დაახლოებით ერთი თვის ინტერვალით. თუ წიგნი მომეწონა, კარგა ხანს არაფერს ვკითხულობ, მინდა მცირე ხნით მაინც შევინახო მიღებული შთაბეჭდილება.

-  ამგვარი დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დღემდე რომ მოგყვებათ, რომელია?

-  არ მიყვარს რომანები. კი, ვკითხულობ, მაგრამ გაცილებით მიყვარს მცირე ზომის ნაწარმოებები, მაგალითად ნოველები, მოთხრობები. მარკესის "პოლკოვნიკს არავინ სწერს" დღემდე ჩემი საყვარელი მოთხრობაა. და რადგან დღემდე ასეა, ალბათ მუდმივად ასე დარჩება.

-  ნოველებითა და მოთხრობებით ქართველი ავტორებიც გვანებივრებენ...

-  ამ შემთხვევაში, ტრადიციულად, გურამ დოჩანაშვილს დავასახელებ, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე თამაზ ჭილაძეს. ბოლოს წავიკითხე ლევან ორახელშვილის "მისტერ მემედ ეფენდის მისტერიები", რომელშიც მცირე რომანი და რამდენიმე მოთხრობაა შესული.

-  ბავშვობაში, როცა რომელიმე ნაწარმოების შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, გვინდა მის რომელიმე პერსონაჟს ვგავდეთ, ან თავს ვამსგავსებთ...

-  თავი არავისთვის მიმიმსგავსებია. გასაგებია, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამგვარი რამ ჩემგან წარმოუდგენელია, რადგან ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, ჩემთვის ცალკე არსებობს და არანაირად არ ვაკავშირებ ცხოვრებასთან. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ანალოგიებს აკეთებენ და ამა თუ იმ ნაწარმოებს, თუ წიგნიდან ეპიზოდს ცხოვრებას ადარებენ. ჩემთვის ხელოვნება ხელოვნებისთვისაა.

-  ანუ არ მიგაჩნიათ, რომ ხელოვნება სინამდვილის ასახვაა მხატვრული სახეებით?

-  არა, ეს არის სხვა სინამდვილე, რამდენადაც ის არ ასახავს ყოფით რეალობას. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არსებულის ფურცელზე სიტყვებით გადატანა არასოდეს იქნება გამართული და მხოლოდ სიყალბე დარჩება. გაგახსენებთ ერთ ეპიზოდს "დორიან გრეის პორტრეტიდან". მსახიობი ქალი არაჩვეულებრივად თამაშობს შეყვარებულის როლს, მაგრამ როცა მას ნამდვილად შეუყვარდება, ის იმ როლს ვეღარ ითამაშებს - გააფუჭებს. საერთოდ, ლიტერატურა და მუსიკა ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა. პირველი შენს პიროვნებას, შენს ცხოვრებას შეეხება და გადაგიყვანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, გაგახსენებს რაღაც წუთებს, და არსებობს მეორე, რომელსაც არსად გადაჰყავხარ და თავად ქმნის რაღაც ახალს შენში. ჩემი აზრით, ეს მეორე უფრო მაღალი ხარისხისაა და ეხება როგორც ლიტერატურას, ასევე მუსიკას.

-  ბევრი გვეუბნება, რომ დღეს კლასიკას უბრუნდება, რადგან თანამედროვე ავტორებთან ის სიმაღლეები ვერ იპოვა, რაც თავის დროზე კლასიკოსებში აღმოაჩინა...

-  ეს საკამათო თემაა, მე არ ვიცი, რას დებენ ცნებაში "კლასიკა". წლების შემდეგ შეიძლება კლასიკად ნებისმიერი თანამედროვე ნაწარმოები გადაიქცეს. თუ ისინი სტილს გულისხმობენ, ის კლასიკაშიც სხვადასხვაა. მაღალი ხარისხის ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგი, თუნდაც შენთვის აბსოლუტურად მიუღებელი მიმდინარეობისაც კი, ზოგჯერ მოგწონს. მაგალითად, მე საშინლად არ მიყვარს რეგეის მიმდინარეობა მუსიკაში, მაგრამ ბობ მარლეის დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ის იმდენად გენიალური შემსრულებელია, რომ ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ მიმდინარეობას ვუსმენ და ვერ ვიტყვი, რომ ის არ მიყვარს. ასეა თანამედროვე ლიტერატურის შემთხვევაში და მასზე ხელაღებით საუბარი ძნელია. ბევრად მეტია ხელოვნურობა, ტვინის დამხლართველი, არაბუნებრივი და ფიქრით ნაწამები ნაწარმოებები, მაგრამ ალბათ ასეთები გასულ საუკუნეებშიც იყო, უბრალოდ, რაც კარგია, ის შემოგვრჩა და რაც არა, იმან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასე მოხდება მომავალშიც, თანამედროვე ლიტერატურიდანაც მომავალში ის დარჩება, რაც კარგი და ბუნებრივია. უვარგისი ლიტერატურა მომავალ თაობებს აღარ ემახსოვრება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს