შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

თბილისში, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პათოლოგანატომიური დეპარტამენტის სარდაფში გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძისა და ზაქარია ფალიაშვილის ტვინები ინახება. თუმცა, შესაძლოა, უახლოეს ხანში მათი დაკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღონ. გასულ საუკუნეში ტვინები იმიტომ შეინახეს, რომ დაედგინათ, რა განაპირობებდა ამ პიროვნებათა გენიალობას, მაგრამ არ არსებობს კვლევების დამადასტურებელი ოქმები. ქილებს, რომლებშიც საკვლევი მასალაა დაცული, ახლავს მხოლოდ მათი მფლობელების ვინაობის დამადასტურებელი ეტიკეტები. რატომ გაჩნდა ტვინების დაკრძალვის იდეა, რა დაასკვნა გალაკტიონის გენიოსობის შესახებ მედიცინამ და რა ბედი ელის ამ საცავს მომავალში? ამ საკითხებზე პათოლოგანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ გიორგი ბურკაძეს ვესაუბრეთ.

- გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში გაჩნდა მატერიალისტურად მოაზროვნეთა მიმართულება. მათ მიაჩნდათ, რომ ყოველივე დიდსა და გენიალურს მატერიალური საფუძველი აქვს და გენიოსების მატერიალური საფუძველი უნდა ყოფილიყო თავის ტვინში, გენიალური უჯრედების სახით. გერმანელი მეცნიერი ფოქტი გამალებული მუშაობდა ასეთი უჯრედის აღმოჩენაზე და ერთ დღეს მართლაც შეძლო, სამყარო დაეჯერებინა, თითქოს შედეგს მიაღწია, რაც, როგორც 20 წლის შემდეგ გაირკვა, ბლეფი აღმოჩნდა. კომუნისტებმა, როგორც მატერიალისტებმა, განსაკუთრებით აიტაცეს ფოქტის იდეა და გენიალური უჯრედების ძიების მარათონში ჩაებნენ. რუსეთში სპეციალური სამეცნიერო, ტვინის ინსტიტუტიც კი შეიქმნა. იკვლევდნენ ყველა დიდი პიროვნების, მათ შორის - ლენინისა და სტალინის ტვინებს. პარალელურად მუშაობდნენ საქართველოშიც, რის შედეგადაც დამცავ სარდაფში აღმოჩნდა რვა ტვინი - გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ფილიპე მახარაძის და კიდევ ოთხი უცნობი პიროვნების. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ქილებზე ეტიკეტები დაიკარგა, ამიტომ ვერ დგინდება, ვისია ესა თუ ის ტვინი...

- რა დადგინდა კვლევის შედეგად?

- ჩვენ არ ვიცნობთ კვლევის მასალებს. არანაირი სამედიცინო, წერილობითი მასალა ამის შესახებ არ არსებობს.

- ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? იქნებ მოსკოვში, ტვინის ინსტიტუტში წაიღეს მასალები?

- ქაღალდები წაიღეს და ტვინები აქ დატოვეს? უცნაური და წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ფილიპე მახარაძის გენიოსად მიჩნევა...

- გადმოცემით მაინც არ არის ცნობილი, რა დადგინდა ამ ტვინების კვლევისას?

- ალბათ, არაფერი... გენიალობის საფუძველი მატერიალური არ არის. ტვინი მხოლოდ ჭურჭელია გენიალური გონების. გენიალობის საფუძველი სულიერება და ინტელექტია. კარგი კალიგრაფია რომ გაქვს, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ თითი გაქვს განსხვავებული, არამედ სხვა მენტალიტეტი და განათლება გაქვს, თორემ შესაძლოა, თითი სხვაზე უარესიც გქონდეს. მოკლედ, ვფიქრობ, რომ კომუნისტი მატერიალისტები ან მიხვდნენ, ან - ვერა, რომ მათი მიდგომა იდეოლოგიურად არასწორი იყო, მაგრამ რადგან კვლევების გასაგრძელებელი უკეთესი საშუალებები არ ჰქონდათ, ტვინებს თავი დაანებეს. საქართველოში ასე მოხდა, რუსული სამეცნიერო ინსტიტუტის შესახებ კი ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან ეს ტვინები შეინახეს იმ მოტივით, რომ ოდესმე ტექნოლოგიები განვითარდებოდა და გენიალურობის მატერიალურ საფუძველს ვიღაც აღმოაჩენდა. მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მეცნიერები ახლაც მუშაობენ, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ვერაფერს მიაგნეს. ჩვენ კი მემკვიდრეობად დაგვრჩა რვა, გაურკვეველი მიზნისთვის შენახული ტვინი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს