ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი

ნიკა გრიგოლიას უჩვეულო იმიჯი

იუმორისტ ნიკა გრიგოლიას გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა არავის მოუხდენია. ერთ დროს სტაფილოსფერი თმა ჰქონდა და ქუჩაში "აგრესორებს" "სკეიტბორდით" უმკლავდებოდა. მართალია, ამჟამად თმას აღარ იღებავს, თუმცა, ორიგინალური იმიჯით კი მაინც გამოირჩევა...

- გემოვნება ბუნებრივად ჩამომიყალიბდა. ყოველთვის იმას ვარჩევდი, რაც თავად მომწონდა, რისკენაც გული მიმიწევდა...

- ტელეეკრანზე გამოჩენამდეც ორიგინალური ვარცხნილობა გქონდა?

- კი. ჩემი ვარცხნილობის გამო, პრობლემებიც გამჩენია. ადრე "კავეენში" ვთამაშობდი და რუსეთში ჩემპიონატებზე დავდიოდით. მაშინ პირობა წამომიყენეს, - თმას თუ არ შეიჭრი, ჩემპიონატზე არ წაგიყვანთო. მერე ჩემს იმიჯს ყველა შეეგუა. მეგობრები მეხუმრებოდნენ, - დევიდ ბოუის ვარცხნილობა გაქვსო.

- მახსოვს, თმას სტაფილოსფრად იღებავდი...

- მანამდე მწვანედაც მქონდა შეღებილი. ამაზე გამორჩეული რეაქცია ჩემს მეგობრებს - ვანო ჯავახიშვილსა და მიშა ანდღულაძეს ჰქონდათ. მაშინ "მზიურში" მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა. მეგობრები იქ წავედით. დავინახე, მიშა და ვანო ნაყინს ყიდულობდნენ. მათთან მივედი და ვუთხარი: ვა, უკვე მოხვედით-მეთქი? შემოტრიალდნენ და... ჩვენთან არ მოხვიდეო! - ყვიროდნენ (იცინის).

- შენი თმის ფერთან შესაგუებლად ბევრი დრო დასჭირდათ?

- ზოგს - არა, მაგრამ ბევრი ალბათ ვერასოდეს შეეგუება ჩემს იმიჯს. თუკი ჩემი საქციელი - თმის შეღებვა იქნება ეს თუ ყურის გახვრეტა, ადამიანებისთვის რაიმე უარყოფითის მომტანი არ არის, სხვის აზრს ნაკლებად ვითვალისწინებ, პირიქით - ვცდილობ, სხვებს ავუხსნა, რომ ამაში ცუდი არაფერია... თავად სხვის გარეგნობაზე ფიქრში ბევრ დროს არ ვხარჯავ. მეგობრებმა ჩემი ხასიათი და გემოვნებაც იციან. ჰოდა, ისინი თუ ვერ მიგებენ, იმ ადამიანს რა უნდა მოვთხოვო, რომელმაც მაგალითად, ქუჩის მეორე მხრიდან, წვერშეღებილი დამინახა და ჩემ მიმართ აგრესია გაუჩნდა? როცა შეღებილი თმა მქონდა და მეგობრები "სკეიტბორდით" ვსეირნობდით, ვიღაცები მოსულან და უთქვამთ, - რას ჰგავხართო? საქმე ჩხუბამდეც მისულა. ზოგჯერ "სკეიტბორდები" იარაღადაც გამოგვიყენებია, ოღონდ - თავდასხმისთვის კი არა, მოსაგერიებლად: "სკეიტი" თავდამსხმელისთვის თავში ჩაგვირტყამს და "კატაობა" გაგვიგრძელებია.

- იმიჯის გამო, შენთან ურთიერთობაზე უარი თუ უთქვამთ?

- შეიძლება ვიღაცამ დამინახოს, გაუკვირდეს, გაეცინოს და მითხრას: რა არის, ყური გაიხვრიტეო? როცა ადამიანი მიხვდება, რომ ყურის გახვრეტა "ისეთს" არაფერს ნიშნავს, არ გამრიყავს. მაგალითად, თავდაპირველად ოჯახის წევრებს ჩემს ვარცხნილობასთან შეგუება უჭირდათ, შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. თუკი ადამიანს ჩემთან ურთიერთობა არ სურს, როგორც უნდა, ისე მოიქცეს - ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.

- ნიკა, თმის შეღებვა რატომ გადაწყვიტე?

- ამას განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს. უბრალოდ, სტაფილოსფერი ჩემი საყვარელი ფერია... მერე სალონში სიარული და შეღებვის პროცესი მომბეზრდა და თავი დავანებე.

- რადიოში მუშაობის პერიოდში გარკვეული ჟანრის სიმღერების ეთერში გაშვებას თავს არიდებდი და ცდილობდი, მსმენელებისთვის პანკ-როკის სტილის მუსიკა შეგეთავაზებინა...

- "105"-ში თავისუფალი ეთერი მქონდა. ამა თუ იმ ჟანრის სიმღერების ეთერში გაშვებას თავს იმიტომ ვარიდებდი, რომ მათი მოსმენა ხალხს სხვა რადიოებში შეეძლო, ჩემ მიერ შეთავაზებულს კი იშვიათად მოისმენდნენ. მაგალითად, ემინემის მოსმენა ყველგან შეგიძლიათ, ჯგუფის "ქლეჩი" კი იშვიათად. მინდოდა, რადიოში საეთერო დრო ჩემთვისაც სასიამოვნო მუსიკისთვის დამეთმო.

- შენი მუსიკალური გემოვნება როგორ ყალიბდებოდა? ამჟამად რას უსმენ?

- თავდაპირველად, ადამიანი ყველანაირ მუსიკას უსმენს. როცა გემოვნების ჩამოყალიბება დამეწყო, ჯგუფ "ქუინის" მოსმენის სურვილი გამიჩნდა, რომლის წევრებსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. შემდეგ კალიფორნიულ პანკს, ალტერნატიულ როკს ვუსმენდი. "ფროდიჯი" მომწონდა... ახლა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ. არ მქონია შემთხვევა, რომ შემსრულებელზე, რომელიც წლების წინ მომწონდა, გული ამცრუებოდა. მოკლედ, მუსიკის, ნივთების, ტანსაცმლის ერთგული ვარ...

- სამოსს სად იძენ ხოლმე?

- სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, გარდერობი არ გამიახლებია. ადრე, წლის განმავლობაში საზღვარგარეთ 3-4-ჯერ მიწევდა გამგზავრება და სამოსის შეძენა იქ უფრო იაფად შემეძლო, თან - არჩევანიც უფრო მეტი იყო. ახლა თბილისშიც გამოჩნდა ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც ადრე საზღვარგარეთ ვყიდულობდი.

- ბინაც ორიგინალური გაქვს?

- ყოველ შემთხვევაში, სტანდარტული არ არის. მაგალითად, ფარდების ნაცვლად, შინ ფანჯრებზე სხვადასხვა ქვეყნის დროშა მაქვს ჩამოფარებული. მე და ჩემს მარიამს - ჩემს "წრუწუნას" ეს მოგვწონს.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავ?

- ჩემს ბიჭუნას ჩემი "წრუწუნას" ნაჩუქარი მაისური აცვია. მარიამმა ის ევროტურში ყოფნისას უყიდა. ჩემს შვილს მოსწონს მაისურები საყვარელი მულტფილმის გმირების გამოსახულებით. 4 წლის ბავშვის კვალობაზე, კარგი გემოვნება აქვს. ამას წინათ, ფეხსაცმლის საყიდლად წავიყვანე. ისეთი რაღაცები მოეწონა, რაც ჩემს გემოვნებასაც შეესაბამებოდა (იცინის). არაფერს ვაძალებ. შეიძლება, უბრალოდ ვურჩიო.

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- დიდი ხანია, წიგნი არ წამიკითხავს. ახლა ჩემი დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი საშუალებას არ მაძლევს, დავჯდე და რაიმე წავიკითხო. ისე, სათავგადასავლო ლიტერატურა მომწონს. რომანების კითხვა არასოდეს მყვარებია, დეტექტივებიც ნაკლებად მიზიდავს. მიმაჩნია, რომ ჟიულ ვერნის ნაწარმოების წაკითხვისას დღესაც ისეთივე სიამოვნებას მივიღებ, როგორიც 14-15 წლისამ მივიღე.

- არც სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები მოგწონს?

- არა, არ მომწონს! მგონია, რომ მათი ყურებისას დროს ტყუილად ვკარგავ. კომედიური ან ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ნახვა მირჩევნია.

- ქართულ ტელეარხებზე არსებულ იუმორისტულ გადაცემებზე რას ფიქრობ?

- ქართველი მაყურებლისთვის ბევრი კარგი გადაცემაა: "ვანოს შოუ", "კომედი შოუ"... ასევე, "იმედზე" "კაცების შოუს" ყურებისას ბევრს ვიცინი. სერიალებს ნაკლებად ვუყურებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ "შუა ქალაქში" ძალიან გემოვნებიანად კეთდება. მოკლედ, მაყურებლებს არჩევანის საშუალება აქვთ, მაგრამ ვინც ამბიციურია და ქართული ტელეპროდუქტი არ აკმაყოფილებს, უკვე უცხოური არხების ნახვის საშუალებაც აქვს...

- ტელევიზიის გარდა, საკუთარი თავი რომელ სფეროში წარმოგიდგენია?

- ძალიან ბევრგან წარმომიდგენია: მაგალითად, პროფესიით ასტრონომი ვარ და "ნასაში" სიამოვნებით ვიმუშავებდი ან სულაც, მოტოსპორტსმენი ვიქნებოდი...

- შენს ცხოვრებაში მოტოციკლი როდის გაჩნდა?

- მას შემდეგ, რაც აზროვნება დავიწყე, ყოველთვის მოტოზე ვფიქრობდი (იცინის)...

- ნიკა, ბაჩო ახალაიასთან შენი მეგობრობის ამბავს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მეგობართან ურთიერთობისას, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

- უპირველეს ყოვლისა, ერთგულება და გულწრფელობა. მეგობრობისთვის ვადა და "პონტი" არ უნდა არსებობდეს. გვერდით მყავს ისეთი ადამიანები, რომლებშიც უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე - საკუთარ თავში. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, ისინი მხარში მედგნენ... რაც შეეხება ბაჩო ახალაიას: მასთან დიდი ხნის მეგობრობა არ მაკავშირებს. ბაჩოს თავდაცვის სამინისტროს "ივენთებზე" შევხვდი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- მეგობართან ურთიერთობისას იმედი გაგცრუებია?

- მეგობრის ღალატი ცხოვრებაში არ გამომიცდია და ღმერთმა არც გამომაცდევინოს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, ადამიანისგან ისეთი საქციელი ვერ მიიღო, როგორსაც ელი. ამის გამო არ უნდა გაბრაზდე და გამწარდე. ბოლო დროს, მეგობრების მიმართ მოთხოვნები ცოტა გავამკაცრე. ჩემი აზრით, მეგობრობას, სიყვარულს ვადა არ უნდა გასდიოდეს. თუ ადამიანი შენი მეგობარია, მისმა პრობლემებმა არ უნდა დაგღალოს, ჭირსა და ლხინშიც ერთად უნდა იყოთ.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- მას შემდეგ, რაც "კომედი შოუდან" გამომიშვეს, ახალ იუმორისტულ პროექტზე დავიწყე მუშაობა. სურვილი გვაქვს, გადაცემა "რუსთავი 2"-ზე გავიდეს. თუ კარგი პროექტი გამოგვივა, აუცილებლად გავა.

- პროექტზე ვისთან ერთად მუშაობ?

- მე, დრუპი, სანდრო გაბისონია და გაგა გობრონიძე ვმუშაობთ.

- წარმატებას გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები