გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"

გია ხუბუა - "როდესაც შაშკინს ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო"

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებზე განხორციელებული რეპრესიებისა და ფინანსური გადაცდომების შემოქმედი - ასე დაამახსოვრდა ამავე სასწავლებლის რექტორი გია ხუბუა ქართველ საზოგადოებას. სხვადასხვა მიზეზების გამო, 2010 წელს მან საქართველო დატოვა. ამჟამად ბამბერგის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციებს. ჩვენ მას ინტერნეტით დავუკავშირდით და ქვეყნიდან წასვლის მიზეზებსა და წინა ხელისუფლებასთან არსებულ დაპირისპირების აქამდე უცნობ დეტალებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გაქვთ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და მისი მოწვევით თსუ-ში რექტორად დაბრუნებას გთავაზობდნენ...

- ეს ხმები მეც გავიგე, მაგრამ ასეთი რამ არ იგეგმება. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ და არც რაიმე თანამდებობრივი ინტერესი მაქვს. ნოდარ ხადურთან ადამიანური, კოლეგიალური ურთიერთობა მაკავშირებს. მას პატივს ვცემ, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. ხადურმა უნივერსიტეტში, როგორც თავის საქმის კვალიფიციურმა მცოდნემ, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი ურიერთობებით შემოიფარგლებოდა. არც მინდა თანამდებობაზე ყოფნა, თუმცა, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, სიამოვნებით წავიკითხავ ლექციებს.

- ალბათ, ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რაც თქვენს პერსონას უკავშირდება, იყო სკანდალი ბიბლიოთეკიდან რარიტეტული წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით, სადაც ასევე თქვენი ფიგურირებდა...

- 2010 წელს სახელისუფლებო ტელეარხების მთავარი ბრალდება ჩემს წინააღმდეგ სწორედ ეს გახდა. არადა, უნივერსიტეტის ბიბლითეკიდან წიგნები 2006 წელს დაიკარგა და მე პირველი ვიყავი, ვინც ამ ფაქტის გამოძიებით შსს და პროკურატურას მივმართე.

- საიდან გაიგეთ, რომ წიგნები დაკარგული იყო, ინვენტარიზაცია ხომ 2006 წლის შემდეგ მოხდა?

- ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის დირექტორმა და დაცვამ მომაწოდა. როდესაც ეს სკანდალი აგორდა, პრესკონფერენცია გავმართე და დოკუმენტაციაც წარვადგინე, თუ როგორ ვითხოვდი საგამოძიებო ორგანოებისგან საქმის შესწავლას ჯერ კიდევ 2006 წელს... ამის შემდეგ კოკა სეფერთელაძემ, რომელიც მაშინ განათლების მინისტრის მოადგილე იყო, მითხრა, რექტორის თანამდებობა უნდა დატოვოო. ამას მოჰყვა დიმიტრი შაშკინის სატელეფონო ზარი, რასაც კოკა გეუბნებათ, ეს ჩვენი საერთო პოზიციაო. კოკას არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტიდან. იმ პერიოდში შაშკინი საზღვარგარეთ იყო სამკურნალოდ წასული და ამის გამო სპეციალურად ჩამოვიდა, თუმცა წიგნების შესახებ სიტყვაც არ დასცდენია. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა, ბევრი მოითხოვს შენს თავსო... არ გავჯიუტებულვარ, მხოლოდ ის ვთხოვე, ჯერ ის ფაქტი უარყავით, რაც დამაბრალეთ, თითქოს წიგნებს ვიპარავ და კი ბატონო-მეთქი... ჩემთან საუბრისას მას სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა ვიღაცასთან... შემდეგ მითხრა, თუ 40 წუთში, კამერების წინ არ გააკეთებ განცხადებას გადადგომის შესახებ, ჯოჯოხეთი გელოდებაო.

მივხვდი, რომ იმ წუთშივე არ მივიღებდი გადადგომის გადაწყვეტილებას, მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა სატელევიზიო სიუჟეტები... საუბრის დასრულებამდე მან მითხრა, ამიერიდან სახელმწიფოს მტერი ხარო, რაც კულტურული შოკი იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ბრალეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ შელახული ღირსების აღდგენას ვითხოვდი. მაშინ მზად ვიყავი ამისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო, მაგრამ შემდეგ "მიმახვედრეს", რომ მარტო არ ვიყავი, ტოტალური შემოტევა და მუქარა დაიწყო ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. ზოგი დაიჭირეს და პოლიციაში სცემეს, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, თითქოს მე რაღაც ტენდერებში ვიყავი გარეული... ქალბატონმა თამარ ნემსიწვერიძემ ახლახან აღიარა, რომ მაშინ გენერალური პროკურორი მას აიძულებდა ეთქვა, რომ მას წიგნები გამოქონდა ბიბლიოთეკიდან და მე მაძლევდა, რათა შემდეგ გამეყიდა... თუმცა, მან ასეთი ჩვენება მაინც არ მისცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"