Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

Forbes - XX საუკუნის ყველაზე ძვირად ღირებული წიგნები

"ფორბსმა" დაასახელა XX საუკუნის ცნობილი მწერლების პირველი გამოცემები, რომლებიც მსოფლიოს აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაიყიდა.

ჯეიმს ჯოისი, "ულისე" - 460 500 დოლარი

"ულისეს" პირველი გამოცემა ბიბლიოფილთა წრეებში ლეგენდად იქცა. ეს იმით აიხსნება, რომ პარიზის პატარა გამომცემლობა Sh­akespeare and Co­mpany-მ 1922 წე­ლს რომანი მხ­ოლოდ 150 ეგზემპლარად დაბეჭდა ძვირფას ჰოლანდიურ ქაღალდზე. ცნობილია ისიც, რომ ჯეიმს ჯოისის ხელმოწერა პირველი გამოცემის მხოლოდ ორ წიგნს ჰქონდა. 2002 წელს კრისტის აუქციონზე სწორედ ერთ-ერთი მათგანი გაიყიდა რეკორდულ ფასად.

ერნესტ ჰემინგუეი, "აღმოხდების მზე" ("ფიესტა") - 366 400 დოლარი

რომანი 1926 წელს გამომცემლობა Viking Press-მა მცირე ტირაჟით დაბეჭდა. ერთ-ერთი ეგზემპლარი ნიუ-იორკის სოთბის აუქციონზე 2004 წელს 366 400 დოლარად გაიყიდა და მაქსიმალურ ღირებულებას სამჯერ გადააჭარბა. ეს იმით აიხსნება, რომ რომანის პირველი გამოცემა იდეალურად იყო შენახული, შიდა გვერდს კი ვინმე ექიმ კარლოს გაფისადმი მიძღვნილი ავტორის 20-სტრიქონიანი წარწერა ამშვენებდა.

ჯეკ კერუაკი, "გზაში", - 185 500 დოლარი

ბოლო 30 წლის განმავლობაში აუქციო­ნებზე რომანის პირველი ტირაჟის მხოლოდ ოთხი ხელმოწერილი ეგზემპლარი გამოჩნდა. ის გამომცემლობა Viking Press-მა დაბეჭდა 1957 წელს. ნიუ-იორკის კრი­სტის აუქციონზე ერთ-ერთი ასეთი წიგნი რეკორდულ ფასად - 185 500 დოლარად გაიყიდა. ავტორის მიერ წიგნზე გაკეთებული წარწერა მის მეგობარს, ჯოის ჯონსონს ეძღვნება.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, "დიდი გეტსბი" - 84 ათასი  (167 489 დოლარი)

"დიდი გეტსბი" ჯაზის საუკუნის ლიტერატურულ ძეგლად ითვლება. Charles Scribner's Sons-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ტირაჟი მყისვე გაიყიდა. ჩვენამდე ამ გამოცემის ძალიან ცოტა ეგზემპლარმა მოაღწია, მაგრამ პერიოდულად ისინი სხვადასხვა აუქციონზე გააქვთ და რეკორდულ ფასადაც იყიდება. მაგალითად, 2007 წელს ლონდონის სოთბის აუქციონზე ერთ-ერთი მათგანი 84 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ფოლკნერი, "მარმარილოს ფავნი" - 95 ათასი დოლარი

XX საუკუნის დიდი პროზაიკოსი ცნობილ­ია ნაწარმოებებ­ით: "ხმ­აური და მძვინვარება", "სარტორი­სები", "აგვისტოს ნათელი", "აბესალომ, აბესალომ". რომანი "მარმარილოს ფავნი" ავტორის ხარჯით სულ 500 ცალად გამოსცა 1924 წელს გამომცემლობა Four Seas Company-მ. ამ გამოცემის ერთ-ერთი წიგნი ფოლკნერმა მშობლებს სამახსოვრო წარწერით უძღვნა. 2002 წელს ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე 95 ათას დოლარად სწორედ ეს წიგნი გაიყიდა.

ჯორჯ ორუელი, "1984 წელი" - 46 850 ევრო (75 428 დოლარი)

ლეგენდარული ანტიუტოპიური რომანი გამომცემლობა Harcourt, Brace and Company-მ 1949 წელს დაბეჭდა, 1950 წელს კი მისი ავტორი გარდაიცვალა, ამიტომ პირველივე ამერიკული გამოცემა საკოლექციო აღმოჩნდა, ხელმოწერილი წიგნების რაოდენობა კი ძალიან მცირე. 2012 წელს ლონდონის სოთბის აუქციონზე რომანი 46 850 ევროდ გაიყიდა. წიგნის შიდა ყდაზე ავტორის მიერ გაკეთებული წარწერა ბრიტანელ მწერალ ოსბერტ სიტველს ეძღვნება.

ჯონ სტეინბეკი, "მრისხანების მტევნები" - 41 825 დოლარი

რომანი "მრისხანების მტევნები" დიდი დეპრესიის თემაზე დაწერილ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. სწორედ ამ რომანისთვის მისცეს მის ავტორს პულიცერის პრემია, ჯონ ფორდმა კი გადაიღო ფილმი, რომელმაც 1941 წელს ორი "ოსკარი" აიღო. რომანი პირველად გამომცემლობა Viking Press-მა დაბეჭდა 1939 წელს. წიგნი მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორის ხელმოწერილი ეგზემპლარი კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერი" - 19 700 ევრო (40 326 დოლარი)

1997 წელს ლონდონის პატარა გამომცემლობა Bloomsbury-მ გარისკა და დაბეჭდა უცნობი ქალის წიგნი პატარა ჯადოქარზე. პირველი ტირაჟი სულ 500 ეგზემპლარი იყო, წიგნების უმეტესობა სკოლის ბიბლიოთეკებში წაიღეს. ცოტა ხანში კი რომანი მსოფლიო ბესტსელერად იქცა. ათი წლის შემდეგ პირველი გამოცემის ერთ-ერთი ეგზემპლარი ლონდონის სოთბის აუქციონზე 19 700 ევროდ გაიყიდა.

ჯერომ სელინჯერი, "თამაში ჭვავის ყანაში" - 32 900 დოლარი

სელინჯერს არ მოეწონა მისი რომანის პირველი გამოცემის გაფორმება და მოსთხოვა Little, Brown and Company-ს, წიგნის ბოლო გვერდიდან მისი პორტრეტი ამოეღოთ, მაგრამ გამომცემლობამ ავტორის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. პირველივე გამოცემა ბუკინისტურ იშვიათობად იქცა, ამ რომანის ყველაზე ძვირად ღირებულ ეგზემპლარად კი მიჩნეულია 2001 წელს კრისტის აუქციონზე გაყიდული წიგნი, რომლის საბოლოო ფასმა პირვანდელს ოთხჯერ გადააჭარბა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს