ცნობილი მწერლების ჩვევები და თავისებურებები

ცნობილი მწერლების ჩვევები და თავისებურებები

ნებისმიერ ავტორს ახასიათებს წერის თავისებურება, დროთა განმავლობაში რომ გამოუმუშავდა და მის შემოქმედებასაც გვარიანად დაეტყო. ამჯერად რამდენიმე მწერლის ჩვევებზე მოგახსენებთ:

ამერიკელი მწერალი და სცენარისტი სტივენ კინგი ყოველდღიურად 10 გვერდს წერს, თანაც შეუსვენებლად - მისთვის არც სადილი არსებობს და არც დღესასწაული. ამ თვისებამ სარგებელიც მოუტანა მწერალს - სწორედ მისი წყალობით მიიღო "საშინელებათა ჟანრის უბადლო მეფის" წოდება და ყველაზე პროდუქტიულ მწერლად იქცა.

ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერნესტ ჰემინგუეი დღეში 500 სიტყვას წერდა. ჰემინგუეი წერას უთენია იწყებდა, თაკარა სიცხისთვის რომ მოესწრო და წყნარად და მშვიდად ემუშავა. მართალია, მწერალი ალკოჰოლიანი სასმელების მოყვარული გახლდათ, მაგრამ წიგნს მთვრალი არასდროს დაწერდა - დილიდანვე ფხიზელი შეუდგებოდა ხოლმე მუშაობას.

რუსი-ამერიკელი მწერალი, "ლოლიტას" ავტორი ვლადიმერ ნაბოკოვი ფეხზე მდგომი მუშაობდა - აზრებს ბარათებზე იწერდა, სიუჟეტურ თანმიმდევრობას არასდროს იცავდა და მხოლოდ შემდეგ, განწყობის მიხედვით აწყობდა ეპიზოდებს. მაგალითად, რომანისთვის "ჯოჯოხეთი" მას 2 ათასი ბარათი დასჭირვებია.

ინგლისელი მწერალი, ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორი ჯოან როულინგი ნაწარმოებებს ყოველთვის კაფეში, თანაც იმ პერიოდში წერდა, ვიდრე მის პატარა ქალიშვილს, ჯესიკას შინ ეძინა. ერთხელ როულინგს უთქვამს: "თავადაც ის ხარ, რასაც წერ, ამიტომ უნდა დარწმუნდე, რომ შენი ნაწერი მოგწონს. წიგნები ჰარი პოტერზე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა სრული 17 წლის განმავლობაში და მათთან გამომშვიდობება ძალიან მემძიმა­..."

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს