მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"

მსახიობი პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის ამპლუაში და სცენის კორიფეებისგან ნასწავლი "დედამთილის ხელობა"

ინდური მუსიკის ჰანგზე მოცეკვავე, გათხოვების მოსურნე კახელი ქალი (ფილმი "გარიგება") და მკაცრი დედამთილი (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") რთულია, ერთმანეთს დაუკავშირო. ცხადია, ეს მსახიობის ოსტატობასა და სიძლიერეზე მიუთითებს. ნიჭიერ ქალბატონს - ასმათ ტყაბლაძეს ბევრი სახასიათო როლი შეუსრულებია. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებლისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელია... მაგრამ ქალბატონ ასმათს სამსახიობო კარიერაში დიდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა...

ამჟამად კი, ბევრი დედამთილის გასახარად, სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" კატოს მკაცრი დედამთილის როლს დამაჯერებლად ასრულებს და რძლებზე განაწყენებული ქალბატონებისგან (არა მხოლოდ მათგან) ქათინაურებსაც იღებს...

- არაჩვეულებრივი, უპატიოსნესი ოჯახი მყავდა! ახლახან, ჩემი ძალიან კარგი დედიკო 100 წლის გახდა. მისი იუბილე აღვნიშნეთ. დედაჩემს ყოველთვის იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და მგონი, ამდენ ხანს ამან აცოცხლა. ვფიქრობ, იუმორთან დაკავშირებით, მეც არა მიშავს (იღიმის). იუმორით გადავიტანე ყველაფერი, რაც თავს გადამხდა: ცოტა - საწყენი, ცოტა - სასიხარულო... ადამიანის ცხოვრება მძიმეა, როცა იუმორის გრძნობა არც თავად აქვს, არც სხვისი ესმის და მთლიანად დრამაშია ჩართული... თეატრში სულ სახასიათო როლებს ვთამაშობდი. კოტე მახარაძემ გრიგოლ რობაქიძის პიესის მიხედვით სპექტაკლი - "სამშობლო" დადგა, რომელშიც ხევსური ქალის ტრაგიკულ როლს ვთამაშობდი: ჩემს გმირს თათრებმა 10 შვილი მოუკლეს. მერე ქალმა შვილის მკვლელები ამოხოცა. მაშინ ყველამ მითხრა: თურმე ტრაგედიის თამაშიც შეგძლებიაო. ძალიან მოეწონათ. სპექტაკლი მაყურებლის დიდი ტაშით დასრულდა. ოფელია და დეზდემონა არ შემისრულებია - რომანტიკული, ლირიკული ქალბატონების როლები "ჩემი" არ იყო. სცენიდან ტაშის გარეშე არ გავსულვარ. რომელიმე ეპიზოდში რომ ვითამაშებდი, იმ როლს ყველა იმახსოვრებდა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მეცნიერზე შეყვარებული ვაჭრის როლი ვითამაშე. ჩემი გმირი საბრალო და სასაცილო ქალბატონი გახლდათ. მეცნიერს სიყვარულს თავად უხსნიდა. ამ სცენის ნახვისას, მთელი დარბაზი სიცილით იხოცებოდა.

- რეალურ ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობის ინიციატორი თუ ყოფილხართ?

- არა. სხვათა შორის, ამაყი ქალბატონი გახლდით. მგონი, ჩემი სიამაყის გამო პირად ცხოვრებაში რაღაცები არასწორად წარვმართე, მაგრამ ბედს მაინც არ ვემდური: საჭირო არ არის, ცხოვრება ისე დალაგებულად აგეწყოს, როგორც "წესია": ქმარი, შვილები, დედამთილი... სულიერად ძლიერი ქალბატონი გახლავართ. რისი გაკეთების სურვილიც მაქვს, ჩემ მიერ დაუძლეველი არაფერია. მეუღლე გვერდით არ მყავს. მგონი, არც იყო საჭირო, რომ ყოფილიყო. ყველაფერი შევძელი, რაც მჭირდებოდა. ზოგ ქალბატონს სურს, როგორმე გათხოვდეს - მისთვის ეს აუცილებელია. პირადად მე, ასე არასოდეს მიფიქრია... ვინც მიყვარდა, ჩემი ცოლად შერთვა არ შეეძლო, პირველი შეყვარებული დამეღუპა... მერე ვიღაცას მოვწონდი, ვიღაცას ვუყვარდი... საერთოდ, ასეთი ბედი მქონდა: სულ ცოლშვილიან კაცებს მოვწონდი. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ რთულად დასაშვები იყო, რომ ცოლშვილიან კაცთან ურთიერთობა გამება. ჩემ გარშემო ბევრმა ქალმა მამაკაცებს ოჯახი დაატოვებინა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია! მსგავსი რამ ვერ დავუშვი, ვერ "ვიყოჩაღე". არ მინდოდა, ვინმეს დასაწყევლი ვყოფილიყავი და ჩემ შესახებ ეთქვათ: ამ ქალმა ქმარი ან მამა წაგვართვაო... კარგი შვილი, შვილიშვილი და სანათესავო მყავს. 5 დედმამიშვილი ვართ, მათგან 3 - მამაჩემს სხვა მეუღლისგან ჰყავს, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ, არაჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს. ბებიაჩემმა ჩემს ძმას უთხრა: 11 და-ძმა ვიყავით, მათგან 2, მამას პირველი ცოლისგან ჰყავდა, დანარჩენი - მეორესთან. ყველანი მიყვარდა. ერთმანეთი თქვენც ასე უნდა გიყვარდეთო! - დაგვლოცა...

- ქალბატონო ასმათ, ბავშვობა სად გაატარეთ?

- სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი დუშეთში დავამთავრე. დუშეთი პატარა, ტრადიციული, კარგი ქალაქი იყო. იქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა. ჩემს ბავშვობაში კეთილმოწყობილი სააბაზანოები არ გვქონდა, სამაგიეროდ, დუშეთში დიდი აბანო იყო და ხალხი დასაბანად იქ დადიოდა. დიდი რიგი იყო ხოლმე. მახსოვს, დედაჩემს მეზობლები ეკითხებოდნენ, - აბანოში კიდევ როდის წამოხვალთ, ასმათს როდის წამოიყვანთო? "კონცერტებს" ვმართავდი: მეზობლების შესახებ ვყვებოდი, იმიტაციებს ვაკეთებდი... ჩემი სამსახიობო კარიერა ასე იწყებოდა (იღიმის). სკოლაში ლექსებს ვკითხულობდი. მხატვრულ კითხვაში ოლიმპიადა ტარდებოდა. თბილისიდან ჩამოსულმა რეჟისორმა ბავშვებს შორის შემარჩია. მაშინაც დაბალი, გულიდან ამოსული ხმა მქონდა. სხვათა შორის, ეს ხმა აკაკი ხორავამ (ინსტიტუტში მან მიმიღო) მომიწონა: მითხრა, - თეატრალური ხმა გაქვსო. მხატვრულ კითხვაში ოლიმპიადა ჯერ დუშეთში ჩატარდა, შემდეგ - გორში, მერე - მარჯანიშვილის თეატრში, ბოლოს კი - ოპერის თეატრში. ყველგან პირველი ადგილი დავიკავე. ხევსურული ტანსაცმლით გავდიოდი და "კრწანისის ყაყაჩოებს" ვკითხულობდი. ამ ლექსით მოწაფეებს შორის, "მხატვრული კითხვის ოსტატი" გავხდი. სიგელი და ჯილდო - მაჯის ოქროს საათი გადმომცეს. ის საათი ახლა ჩემს შვილს უკეთია. ქართულ ცეკვებსაც ვასრულებდი. სკოლაშიც წარჩინებულად ვსწავლობდი. მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანოს განხრით) დედის სურვილით დავამთავრე. მუსიკა გემოვნებას ლამაზად ავითარებს, ყველაფერი საუკეთესო მისგან "მოდის"... თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება რომ დავაპირე, ამის შესახებ დედას ვუთხარი, მან კი გამაფრთხილა: შენი გადაწყვეტილების შესახებ არავის უთხრაო. მიზეზით რომ დავინტერესდი, მიპასუხა: რომ დაგიწუნონ და არ მიგიღონ, სირცხვილია, ეგ იმას ნიშნავს, რომ არც ხმა გივარგა, არც მეტყველება და არც - გარეგნობაო (იცინის). ინსტიტუტში ჩავაბარე - უმაღლესი ქულები მივიღე, სიაში პირველი ვიყავი.

ძალიან კარგი პედაგოგი - ალექსანდრე მიქელაძე შემხვდა. მანამდე ის პოლიტიკური პატიმარი გახლდათ. დუშეთის სახალხო თეატრში პედაგოგად და რეჟისორადაც მუშაობდა... თურმე ერთხელ ხორცს ყიდულობდა. ხორცი რაღაც ქაღალდში გაუხვიეს. შინ მოსულმა ქაღალდებს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ის ფურცლები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სასამართლოს ოქმები იყო! მეხორცესთან წავიდა, დარჩენილი ქაღალდები გამოართვა. ვინც ხორცი იყიდა, მათაც დაუკავშირდა... ასე რომ, ილია ჭავჭავაძის ნამდვილი მკვლელების ვინაობა ბატონი საშას გამომჟღავნებულია. სწორედ ეს უბრწყინვალესი პიროვნება გახლდათ ჩემი პედაგოგი. ინსტიტუტში ძალიან კარგი ჯგუფი გვქონდა: ნანული სარაჯიშვილი, ელისო გუდიაშვილი, თემურ ხორაშვილი, ავთანდილ მიქაძე, ამირან ბუაძე... თბილისი ჩემთვის უცხო ქალაქი არ იყო. აქ ჩემი და რუსულ სკოლაში სწავლობდა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას თბილისში ვიყავი. თეატრზე ვგიჟდებოდი! დედას სპექტაკლებზე დასასწრებად დავყავდი. მოსწავლეობის პერიოდში თითქმის ყველა ცნობილი მსახიობი ნანახი მყავდა. მსახიობები დუშეთშიც ჩამოდიოდნენ. მახსოვს, დუშეთში სტადიონზე აკაკი ხორავამ "ოიდიპოს მეფეში" ითამაშა... თეატრი დედამ შემაყვარა. პედაგოგია, მაგრამ საბუღალტრო კურსებიც ჰქონდა გავლილი და საბავშვო ბაღში მთავარ კონტროლიორად მუშაობდა. ცნობილი და პატივსაცემი ქალბატონი გახლდათ. დედას უნდოდა, რომ მე და ჩემს დას მუსიკალურ სასწავლებელში გვესწავლა. ამიტომ მთავრობაში მივიდა და დუშეთში მუსიკალური სასწავლებელი გაახსნევინა.

- მამის შესახებ რას გვეტყვით?

- დედ-მამა დაშორებულები იყვნენ. მამა ქუთაისში ცხოვრობდა. დედმამიშვილებს ბავშვობაში ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მერე კი დავმეგობრდით. ავადმყოფობის გამო, მამა ადრე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, კარგი ქეიფი ჰყვარებია, კარგად სიმღერა და რაც მთავარია, მეგობრების სიყვარული სცოდნია! ცუდი არავისთვის გაუკეთებია... მაშინ პოლიტიკური ამბებიც არეული იყო. პაპაჩემი - დედის მამა პოლიტპატიმარი გახლდათ. ჩემი მშობლების ურთიერთობაზე ამ ფაქტმაც იმოქმედა...

- სტუდენტური ცხოვრების შესახებ გვიამბეთ...

- მარტო ის რად ღირდა, რომ გია ფერაძე ჩემს ჯგუფში იყო?! ფული არ გვქონდა. მე ბინაც არ მქონდა: ხან ერთ დეიდასთან ვცხოვრობდი, ხან - მეორესთან, ხან - ქირით... ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვართ. არ გვითქვამს და არ გვიფიქრია, - ვაიმე, როგორ გვიჭირს ან რაღაც გვაკლია-თქო... იმ პერიოდში ქსოვა და კერვა დავიწყე. მინდოდა, ლამაზად მცმოდა. სამოსს თავად ვიკერავდი და ვიქსოვდი. მოწაფეებს მუსიკაში ვამეცადინებდი. ხან ჩემს შეკერილს და მოქსოვილს ვყიდდი, ვაბარებდი... ცხოვრება არასდროს გამჭირვებია. ახლა მაგალითად, ბარი მაქვს გახსნილი...

- როგორც ვიცი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილის მეზობლად ცხოვრობდით...

- დიახ, მისი კარგი მეგობარი გახლდით. სესილია თავად გამომეცნაურა - რა კარგი გოგო ხარ, აბა, რა ხდება თეატრშიო? როგორც შვილი, ისე მიმიღო. ძალიან მპატრონობდა. ყველაფერს განიცდიდა და მეკითხებოდა: აბა, რა ქენი, რა მოქსოვე? გოგო, გაგეყიდა, ჩააბარეო? საოცარი ქალბატონი იყო! თეატრში რაც ხდებოდა, ყველაფერს ვუყვებოდი, მერე კი პრემიერაზე ერთად მივდიოდით. ერთმანეთისთვის ისეთი ახლობლები გავხდით, რომ დასასვენებლად მის ოჯახთან ერთად მგზავნიდნენ, თავად ჩემთან, დუშეთში ჩამოდიოდა და ისვენებდა ხოლმე. მისგან დიდი სიყვარული და სითბო მივიღე. ვინმეს თუ ორდენები და მედლები აქვს, მე "ორდენად" ის მეყოფა, რომ სესილია, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი ჩემი მეგობრები იყვნენ!..

- თეატრში როგორ მოხვდით?

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რექტორატმა მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან რეკომენდაცია გამიწია. იმდენ სპექტაკლში ვთამაშობდი, რომ უფრო მეტ ხელფასს ვიღებდი, ვიდრე შტატში მყოფი თანამშრომლები. დირექტორი ამბობდა, - ეს გოგო შტატში მიიღეთ, თორემ ორმაგი ხელფასი მიაქვსო (იცინის). შტატში ჩამრიცხეს. სოფიკო ჭიაურელი რუსთაველის თეატრიდან გადმოვიდა და "ურიელ აკოსტას" დადგმა დაიწყო. ამ სპექტაკლში ცეკვა მოგიხდებაო, - მითხრა. მას მერე დავმეგობრდით და ბოლო დღემდე ვმეგობრობდით. სოფიკოს მეგობართან ხელგაშლილი ურთიერთობა შეეძლო... თეატრში 1970-დან 1996 წლამდე ვიყავი. არასოდეს უთქვამთ, რომ რამე გამეფუჭებინოს, პირიქით... შემდეგ, თავისი ჭკუით, კარგი, სინამდვილეში კი ცუდი საქციელი ჩაიდინეს: 35 მსახიობი თეატრიდან გაუშვეს. ბოლომდე ვიბრძოლე და სასამართლოს მეშვეობით დავამატკიცე, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ თეატრში აღარ დავბრუნდი... როგორც მსახიობი, 14 წელი არაფერს ვაკეთებდი. სამაგიეროდ, სხვა მხრივ არ გავჩერებულვარ: ხან პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩავები, ხან - საზოგადოებრივ საქმიანობაში...

- პოლიტიკაში როდის ჩაებით?

- 2001 წელს, ვაკეში დეპუტატობაზე კენჭს ვიყრიდი. სხვათა შორის, მე და მიხეილ სააკაშვილი კონკურენტები გახლდით.

- თქვენ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყავით?

- არც ერთის. დამოუკიდებელი მაჟორიტარი გახლდით. მაშინ მთავრობას ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებინებდი: გაზისა და დენის ტარიფებს არ ვაძვირებინებდი, უშუქობის დროს ქუჩებს "ვკეტავდი", ასფალტს დავაგებინებდი ხოლმე, არჩევნებამდე, გაჭირვებულების დასახმარებლად, მთავრობაში მივდიოდი... არ ვიცი, თბილისს რა ეშველება: ახალი სახლები საშინლადაა აშენებული. მაღალი შენობა ქალაქის ცენტრში არაფრით შეიძლება იდგეს - ქალაქს ამახინჯებს! სახლები უკვე ტროტუარებზეა აშენებული... ცოტა ხნით უფლებამოსილი რომ ვიყო, ქუჩაზე აშენებულ ბევრ სახლს დავანგრევდი. ყველამ მაპატიოს. ცხადია, ხალხს კომპენსაციას მივცემდი...

- არასამთავრობო ორგანიზაციაც გქონდათ, არა?

- კი. ის ახლაც ფუნქციონირებს. ყოველთვის იმას ვამბობ და ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. თუკი ვინმეს ჩემი საქციელი სწორად არ მიაჩნია, შეუძლია მითხრას, მაგრამ გრანტის მიღების მიზნით ვინმეს დავალებას არასოდეს შევასრულებ. როგორც შემიძლია, ყველას ვეხმარები.

- თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა რაზეა ორიენტირებული?

- ადამიანის უფლებების დაცვაზე. თეატრში ჩემი და ჩემი კოლეგების უფლებები დაირღვა. ადამიანების საქციელს ღმერთი განსჯის. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ხომ გითხარით, ყოველთვის იუმორი მშველოდა. ულამაზო და უინტერესო ცხოვრება არ გამივლია. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო და კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებ... შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, "გარიგებაში" პატარა როლი ვითამაშე, ასევე - ფილმებში: "დარჩი ჩემთან", "განთიადი". "ცხელ ძაღლშიც" ვმონაწილეობდი. სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ბეჭდების გადამყიდველს ვთამაშობდი. ამ როლის შესრულებიდან 4-5 თვის შემდეგ, ქუჩაში ვიღაც სიმპათიურმა კაცმა გამაჩერა და მითხრა: - ქალბატონო ასმათ, დიდი ბოდიში, რაღაც მინდა, გკითხოთ... ბეჭდები დავკარგე და ხომ ვერ მაპოვნინებთო? თავდაპირველად, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა - სერიალში ჩემი პერსონაჟი სულ დამავიწყდა (იცინის). ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" დედამთილის როლს ვასრულებ. მაქებენ. ხომ არ ვიკეკლუცებ და ვიტყვი, - არ მიხარია, რომ მაქებენ-მეთქი (იღიმის). ამას წინათ, ქუჩაში ქალმა გამაჩერა და მითხრა: ყოჩაღ! რძალს არაფერი დაუთმოო! როგორც ჩანს, რძალთან უთანხმოება ჰქონდა და მოეწონა, რომ სერიალში ასეთი მაგარი დედამთილი ვარ (იცინის)!.. გიორგი ფარაჯანოვის ფილმში მკითხავი ქალი განვასახიერე. ბოლოს, მიხაილ შუფუტინსკის კლიპში - "დედა" გადამიღეს. შუფუტინსკი თავისი შემოქმედებითი ჯგუფით საქართველოში გახლდათ ჩამოსული. ერთ-ერთ მსახიობ ქალს ტრავმა მიუღია. ქართული კომპანიიდან დამიკავშირდნენ - თქვენი ფოტოები და ვიდეოჩანაწერის ნაწყვეტი მოეწონათო. ასე მოვხვდი კლიპში. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აეწყო. ღმერთს ვეხვეწები, არ მიმატოვოს და კიდევ მომცეს საშუალება, დაგროვილი ენერგია გამოვამჟღავნო, მაყურებელს ჩემი ნიჭი კიდევ ვაჩვენო...

- თქვენი გოგონა რას საქმიანობს?

- ისიც ხელოვანი გახლავთ: არქიტექტორ-დიზაინერია. არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს. 4 უცხო ენა საფუძვლიანად იცის. მეტყველებაც კარგი აქვს და გარეგნობაც. შვილი 40 წლისას შემეძინა. მანამდე გასტროლებსა და როლებზე ვფიქრობდი. ამასობაში, დრო გავიდა. დღევანდელი გადასახედიდანაც ვიტყვი: კაცის სიყვარულს შვილის სიყვარულზე წინ არ დავაყენებდი.

- სისუსტეები ძლიერ ქალებსაც აქვთ...

- დიახ, სიყვარულში სუსტი და დამთმობი ვარ. არავისთვის არაფერი დამიძალებია. შეიძლება, ეს ჩემი ძლიერი ხასიათის ბრალიც არის...

- ერთადერთი შვილის გათხოვებას როგორ შეეგუეთ?

- ძალიან გამიხარდა, რადგან მინდოდა, შვილიშვილი მყოლოდა (იცინის)! სერიალშიც ასეა: ჩემს გმირს შვილიშვილის დაბადება ეჩქარება.

- როგორი ბებია ხართ?

- ისეთი საყვარელი შვილიშვილი მყავს, რომ შეიძლება, ჭკუიდან გადავიდე! ყოველდღე ვფიქრობ, რით ვასიამოვნო, როგორ გავახარო? ჩვენი პატარა ბარბარე 10 თვის ხდება.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს პერსონაჟს კიდევ რამით ჰგავხართ?

- არა! ძალიან კარგი სიდედრი ვარ. სიძეს კი არ ვადანაშაულებ ხოლმე, შვილს ვეუბნები, - შენ უნდა დათმო-მეთქი. სესილია თაყაიშვილის, სოფიკო ჭიაურელის და ვერიკო ანჯაფარიძის სახით, ისეთი კარგი დედამთილების მაგალითები მყავდა, რომ ვიცი, შვილსა და მის მეუღლეს როგორ მოვექცე, მაგრამ სამართლიანობა ყოველთვის საჭიროა. არა მგონია, ჩემი გმირი ცუდი ქალი იყოს. ბოლოს ალბათ რძალს "დაუტკბება"...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"