რა ხდება იუმორისტების "სამზარეულოში" ანუ ვინ, სად და რატომ წავიდა?

რა ხდება იუმორისტების "სამზარეულოში" ანუ ვინ, სად და რატომ წავიდა?

გასულ კვირას, გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ვანო ჯავახიშვილს ტელევიზიაში აქვს სექტა, რომელიც თავისი იუმორით მაყურებელს აჰიპნოზებს და ტვინებს უნაგვიანებს. მისი თქმით, ჯავახიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მიერ განსახიერებულ პრეზიდენტის პაროდიას ვეტო დაადო და ის სამსახურიდან გამოუშვეს.

შევეცადე, არსებულ კითხვებზე პასუხი ვანო ჯავახიშვილისგან მიმეღო. მას ინტერვიუსთვის ტელევიზიაში ვეწვიე. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა, სადაც რამდენიმე ბიჭი ერთად მუშაობდა და გამაცნო: - ესენი ყველანი ჩვენი სექტის წევრები არიან. შენ ხომ გგონია, რომ ინტერვიუზე შენი სურვილით მოხვედი?.. სინამდვილეში მე დაგაჰიპნოზეო...

- ახლა კი ხუმრობის გარეშე ვისაუბროთ: სინამდვილეში რა მოხდა თქვენს გუნდში?

- ის, რაც გიორგი აფციაურმა ჩემზე და ჩვენს გუნდზე ილაპარაკა, წინასწარ იყო დაგეგმილი. გულწრფელად გეუბნები, 2011 წლის დეკემბრის შემდეგ მასთან არანაირი შეხება არ მქონია. მობილურშიც კი არ მიწერია მისი ნომერი. ის გუნდიდან სწორედ 2011 წელს წავიდა, ჩვენი შექმნილი პროექტი - "თქვენი შოუ" წაგვართვა და წაიღო. ეს მისი მხრიდან არავაჟკაცური საქციელი იყო.

- "პროექტი წაგვართვა" რას ნიშნავს? ასე ადვილია პროექტის წართმევა?

- მან ჩათვალა - რადგან ის "კავეენის" გუნდი, რომელიც "თქვენს შოუში" მონაწილეობდა, მის მიერ იყო მოყვანილი, ამიტომ გადაცემაც მისი უნდა ყოფილიყო. ვერ გათვალა, რომ მარტო გუნდი არ ქმნის პროექტს. პროექტს კარგი შეფუთვა და ფორმატი სჭირდება. მას ჩვენი წამყვანები მივეცით, რომ გადაცემა უფრო პოპულარული და რეიტინგული ყოფილიყო. გარდა ამისა, რადგან გიორგი "ჯიპაში" მენეჯმენტის კურსებს ეუფლებოდა, გადაცემის ავტორად მოვიხსენიეთ და გარკვეული პრივილეგიები მივანიჭეთ, იმიტომ, რომ ყველანი ერთი გუნდის წევრები და მეგობრები ვართ. ასე ვფიქრობდით გიორგიზეც, მაგრამ მან ისეთი ინტრიგა ჩააგდო, რომ არ გვინდოდა ზედმეტი კონფლიქტი, თან, ამადაც არ გვიღირდა "თქვენი შოუ", ამიტომ ის გუნდიდან წავიდა. როგორც ჩანს, ფული უნდოდა, რადგან "თქვენი შოუ" თავის ბიუჯეტიანად წაიღო, რომელიც ისეთი დიდი არ იყო, როგორიც თვითონ წარმოედგინა. ამ გადაცემას ის ჩვენგან დამოუკიდებლად 2012 წლის იანვრიდან ზაფხულამდე აკეთებდა. რადგან ჩვენი სცენარისტები იმ გადაცემაზე აღარ მუშაობდნენ, მისმა რეიტინგმა ძალიან დაიკლო, ბოლოს 6-7% იყო. არხის ხელმძღვანელობამ მისი დახურვა გადაწყვიტა. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ სხვისი პროექტი დავხუროთ.

- ანუ თქვენ გიორგის ტაბუ კი არ დაადეთ, მხოლოდ იმიტომ გაუშვით გუნდიდან, რომ თქვენი გადაცემა მიითვისა?

- ეს კონფლიქტი არ იყო, არც კი შევლაპარაკებივართ ერთმანეთს. უბრალოდ - წავიდა. ძალიან არავაჟკაცურად მოიქცა, როცა გამოვიდა და ტყუილები ილაპარაკა ჩვენზე.

- სწორედ ასეთივე არავაჟკაცურ საქციელში გდებთ ბრალს: მისი თქმით, დათო გოგიჩაიშვილს თქვენც წაართვით გადაცემები...

- გოგიჩაიშვილი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ...

- რეალურ მიზეზებზე გახსნილად არასოდეს გისაუბრიათ...

- პირდაპირ გეტყვით: დათოსთან მთელ გუნდს გვქონდა პრობლემა...

- ვინც "რუსთავი 2"-ზე დარჩით, ალბათ იმათ გულისხმობ, თორემ გუნდის სხვა წევრები ხომ გაჰყვნენ მას?

- ვინ გაჰყვა? სულ 5 კაცი. დანარჩენები აქ დავრჩით. მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული პირობები იყო. იმ დროს ტელევიზიის დირექტორი კობა დავარაშვილი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ დათო აქედან წავიდოდა, მაგრამ პროექტები არხზე დარჩებოდა. გოგიჩაიშვილის მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ ამ პროექტებისთვის სახელები შეგვეცვალა, რადგან მისი მოფიქრებული იყო. ასეც მოვიქეცით. გადაცემებში მხოლოდ მცირე ფორმატული ცვლილებები შევიტანეთ. არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. ეს პირადად დირექტორის დავალება იყო და ჩვენ მის დავალებას დავემორჩილეთ.

- 2011 წლის შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა. ახლა გაახსენდა გიორგის, რომ მის მიერ განსახიერებულ სააკაშვილს ტაბუ დაადეთ? როგორ ფიქრობ - რეალურად, რა უნდა გიორგი აფციაურს?

- ტაბუს დადება და ვინმეს დაბლოკვა სისულელეა, რადგან ჩვენს სამსახურში არავის არავინ დაუბლოკავს. ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ქართლოს ნატროშვილის სახით გაცილებით კარგი პაროდისტი გვყავს, რაც გიორგიმ ვერ აიტანა. ახალ პაროდისტს გიორგი აფციაურის წასვლის დღიდან ვეძებდით და ბოლოს ქართლოსი ვიპოვეთ. თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის პაროდიის დაბლოკვა გვინდოდა, მაშინ რატომ გამოვაჩინეთ ეთერში ქართლოსი?!. გიორგი ცოტა ინტრიგანი აღმოჩნდა. ახლაც ჩემს ხარჯზე იკეთებს კარგ პიარს. უკვე ორჯერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზაცია ჩემს ხარჯზე: ერთხელ, როცა მე და ალეკომ მივიღეთ სამსახურში და მეორედ - ახლა. ბოლო პერიოდში უკანა პლანზე იყო გადასული, მოიგონა ჭორები, მოირგო წამებულის მანტია და მშვენივრადაც გამოუვიდა. რომელიმე სხვა ტელევიზიაში თუ უნდოდა მუშაობა, ამას ამ სისულელეების გარეშეც მოახერხებდა...

- გიორგი ფაქოს და ამიკოს გაგდებასაც გაბრალებთ...

- გიორგი რომ აქედან წავიდა, ფაქო და ამიკო ისევ ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. მათ ბერას სტუდიამ თანამშრომლობა და გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზა. ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არიან და აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თემო მჟავიაც იმავე პრინციპით წავიდა აქედან.

- მართლა 10 ათასი ლარი გაქვს ხელფასი?

- 10 ათასი ლარი მართლა არ მქონია. ნეტავ მქონდეს ამდენი ხელფასი და თუ არ დაგიდასტუროთ, დედას გეფიცები. ახლა საშუალო დონის ხელფასი მაქვს და ნორმალურად ვცხოვრობ. ალეკო მალხაზიშვილი ყველა ჩვენი პროექტის დირექტორია, მე - "ვანოს შოუს" დირექტორი. ჩვენი შექმნილია ეს სამსახური. თერთმეტმა კაცმა დავაარსეთ ეს სტუდია. შესაბამისად, ეს ჩვენი ბიზნესია და სრული უფლება გვაქვს, რომ თანამშრომლებზე მაღალი ხელფასი გვქონდეს. არჩევნების შემდეგ, როცა არხზე პატარა ფინანსური კრიზისი იყო, ბიუჯეტი 40%-ით შეგვიმცირეს. ძალიან უმნიშვნელო პროცენტი დავაკელი რიგით თანამშრომლებს და მე 40%-ით დავიკელი ხელფასი. რაც შეეხება თემო მჟავიას, მასთან სულ სხვა პრობლემა გვქონდა. მისი ხელფასი იყო 1.400 ლარი. ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, სტამბოლში წასულიყო. გადაღებაზე რომ არ მოდიხარ, არც არავის აფრთხილებ და სადაც მოგესურვება, იქ წახვალ, ეს უდისციპლინობაა. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ხელფასი გავუნახევრეთ... არ რცხვენია აფციაურს, რომ ასეთ წვრილმანებზე საუბრობს? ის პირადად მე და ალეკო მალხაზიშვილმა მივიღეთ სამსახურში, პოპულარული გავხადეთ და ახლა ასეთ რაღაცას აკეთებს. ამიკო, ფაქო და მჟავიაც წავიდნენ აქედან და ასეთ გველურ თემებზე არ უსაუბრიათ. არც არანაირი ტყუილი მოუგონიათ.

- ნიკა გრიგოლიას ვინ სცემა?

- აფციაური არც ამ თემაზე უნდა საუბრობდეს. თბილისში ნიკას პირველი მეგობარი ვიყავი და ახლაც ასეა. გრიგოლიას საკუთარ თავთან ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, რაზეც საუბარი არ მინდა. ამის გამო დაუპირისპირდა საკუთარი ოჯახის წევრს, მიშა ანდღულაძეს და ეს დაპირისპირება სამსახურს არანაირად არ ეხებოდა.

- მიშამ სცემა ნიკას?

- არ უცემია, მხოლოდ იკამათეს. რა მოხდა, ეს ჩვეულებრივი "ქვისლური" დაპირისპირება იყო. უბრალოდ დაემთხვა, რომ შეკამათება სამსახურში მოუხდათ.

- ამ "ქვისლური" დაპირისპირების გამო გაუშვით სამსახურიდან?

- რა თქმა უნდა, არა. ამ კამათის შემდეგ ის ჩვენთან ისევ მუშაობდა...

- როგორც მახსოვს, გრიგოლია სამსახურიდან შარშანაც გაათავისუფლეთ...

- არ გაგვითავისუფლებია. ერთი თვე მივეცით დრო, რომ თავისი პრობლემები მოეგვარებინა. თითქოს მოაგვარა კიდეც და სამსახურშიც დაბრუნდა, მაგრამ მერე ისევ იჩინა თავი პატარა პრობლემებმა, რაც მის უდისციპლინობას იწვევდა. მისი საქციელი გადამდები იყო მთელი გუნდისთვის და ამიტომ ასეთი ცუდი გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა.

- რა პრობლემას გულისხმობ? როგორც ვიცი, ნიკა აზარტულ თამაშებშია ჩაბმული, რის შედეგადაც მან ბინაც დაკარგა და პირველ მეუღლესაც დაშორდა.

- ამ საკითხზე არ ვსაუბრობ. ეს ჩემი განსახილველი არ არის.

- ნიკამ დაადასტურა, რომ შელაპარაკების ნიადაგზე სცემეს.

- მას ალბათ ხელს აძლევს, რომ ჩირქი მოსცხოს ჩვენს გუნდს, რაც ძალიან ძნელია, რადგან საკმაოდ რეიტინგულ პროექტებს ვაკეთებთ და როგორც ჩანს, ბევრს არ სიამოვნებს, რომ ამდენი წელია, არაფერი დაგვმუქრებია. ალბათ კიდევ ბევრი გამოვა და რაღაც სისულელეებს იტყვის. ჩვენი საქმე მხოლოდ ის არის, რომ ვიმუშაოთ და ვიყოთ პროდუქტიულები. ის, რომ ვიღაცას ვბლოკავთ და აქ რაღაც სექტა გვაქვს, სრული სისულელეა. რა სექტა, ხალხო! ჩვეულებრივი, მართლმადიდებელი ადამიანები ვართ, ღმერთის გვწამს, ეკლესიაში დავდივართ... ძალიან კარგი მეგობრები ვართ და თითქმის ყველა, მირონით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, რა სექტაზეა საუბარი?

- როგორც ჩანს, გიორგის ამ განცხადებამ ძალიან გაგაღიზიანა...

- უბრალოდ, მეწყინა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ გიორგი ასეთი ბოროტი ადამიანი იქნებოდა. სულელურ მდგომარეობაში ვარ, როცა არაფრის გამო თავს ვიმართლებ.

- ახლა ისიც გვითხარი - გია ხუხაშვილს რატომ გადაეკიდე?..

- როცა ქვეყანაში ვიღაცაზე ჭორები გროვდება, ვალდებული ვართ, რომ იმაზე ვიხუმროთ. ბოლო დროს ხუხაშვილზე ბევრი დაიწერა. ყველგან ის ჩანდა და სულ მის შეხედულებებს ვისმენდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ კაცზე გვეხუმრა. მერე რა? ნოდარ ხადურზეც ხომ ვხუმრობდით, "ასლარიარდერ" ბაჩუკი ქარდავაზეც ბევრს ვლაპარაკობდით, შალვა ნათელაშვილზეც და ა.შ. ახლა პერიოდი აქვს ასეთი ხუხაშვილს და ცოტა ხანს გაგვიძლოს, არა უშავს. ალბათ მალე შევეშვებით...

- ისე, ბოლო პერიოდში სულ ახალ ხელისუფლებაზე ხუმრობ...

- ასე ბევრი, "ოცნების" მომხრე ადამიანი ფიქრობს. მოდი, "ვანოს შოუს" ისტორიას გადავავლოთ თვალი: არსებობს 2011-12 წლის კადრები, სადაც ბევრი ხუმრობა მქონდა პრეზიდენტზე. "ბანერზე გახსნილი ქარხნები" ჩემი აგორებულია, პრეზიდენტის მხარდამჭერ ხალხს რომ აქეთ-იქით დაატარებდნენ, მაგაზეც ვხუმრობდი. მოკლედ, მიშაზე იმდენს ვხუმრობდი, რომ შესაძლოა, ეს თვითონაც არ მოსწონდა. როცა ხელისუფლება შეიცვალა, "ნაციონალებზე" სახუმარო თემები ამოიწურა. ყველა ამბობს, თითქოს ვიღაცის დაკვეთას ვასრულებ. გეფიცებით, არასოდეს არავის დაკვეთა არ შემისრულებია.

- ყოველ შემთხვევაში, დაუკვეთავად "ოცნებაზე" ხუმრობა პრეზიდენტს ისე მოსწონს, რომ კორპორაციულ საღამოზეც კი გესტუმრათ...

- პარასკევ დღეს ჩვენი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პაროდისტები პირველად გამოვაჩინეთ ეთერში. ეს იყო მათი მუსიკალური შეჯიბრება, რამაც საზოგადოებაში ისეთი ხმაური გამოიწვია, რომ ალბათ ეს გადაცემა პრეზიდენტმაც ნახა. მეორე დღეს გვქონდა "კომედი არხის" კორპორაციული ქეიფი. წინა დღის გადაცემის ნახვის შემდეგ, პრეზიდენტმა ამ ორი პაროდისტის გაცნობა გადაწყვიტა. დაემთხვა, რომ მეორე დღეს კორპორაციული საღამო გვქონდა და იქ მოვიდა.

- დაუპატიჟებლად მოვიდა?

- კი, მაგრამ მერე რა, სტუმარი ხომ ღვთისაა! იქ მხოლოდ ნახევარ საათს გაჩერდა. მე მისულიც არ ვიყავი, პრეზიდენტი რომ მივიდა. მეგობრებმა დამირეკეს და ეს ამბავი მაცნობეს. ის პაროდისტებს გაესაუბრა და ცოტა ხანში წავიდა კიდეც. რა არის ამაში საგანგაშო?

- ისევ პრეზიდენტის ჯამბაზი ხარ?

- არასოდეს არავისი ჯამბაზი არ ვყოფილვარ.

- საკუთარ თავზე ასე თვითონვე ამბობდი.

- მართალი ხარ, ეგ ხუმრობაც ჩემი აგორებულია. ბევრი ადამიანი მეძახდა ასე და ვიფიქრე, რაღა სხვამ მეძახოს, თვითონ დავუძახებ ჩემს თავს-მეთქი. ეს ჩვეულებრივი თვითკრიტიკა იყო. გადაცემისთვის ყველაზე მომგებიანი სწორედ თვითკრიტიკაა.

- ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზეც საპატიო სტუმარი იყავი...

- მერე რა? ის ხომ პოლიტიკური ფიგურა აღარ არის? შესაბამისად, მაქვს უფლება, რომ დამპატიჟოს სადმე და წავიდე. ნოდარ ხადურმაც დამპატიჟა რესტორანში და წავედი, სადაც "ოცნების" წარმომადგენელი ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი იყო, მერე რა? ვანოზეც ჩვეულებრივად ვაგრძელებ ხუმრობას და - ხადურზეც.

- ვანო ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინაც გეპატიჟებოდა დაბადების დღეებზე?

- არა. ახლა უბრალოდ დაემთხვა ჩემს გადაცემაში მისი სტუმრობა და დაბადების დღეზე დამპატიჟა.

- ძალზე ხშირად, თქვენი და მოწინააღმდეგე გუნდის ხუმრობები და სტუმრებიც ერთმანეთს ემთხვევა...

- ჩვენს ერთადერთ კონკურენტად, რომელთანაც ყოველთვის შემოქმედებითი პაექრობა გვაქვს, "ღამის შოუს" სტუდიას აღვიქვამთ, რადგან მსგავსი ტიპის პროექტები გვაქვს. საქართველოში ყველაზე პოპულარული ადამიანი პოლიტიკოსია და არა - მომღერალი ან მსახიობი. სხვა ქვეყნებში მსგავსი ტიპის გადაცემებში პოლიტიკას საერთოდ არც ახსენებენ - სულ სხვა სფეროებზე ხუმრობენ, ჩვენთან კი პოლიტიკაა აქტუალური. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენი და მოწინააღმდეგე გუნდის ხუმრობები და სტუმრები ერთმანეთს ემთხვევა.

- თქვენი გადაცემის რეიტინგებიც თანაბარია?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეიტინგებით ყოველთვის ვჯობნით. ისინი 9 საათზე იწყებენ გადაცემას, ჩვენ - 12-ის 20 წუთზე. შეცდომაა, რომ მსგავსი ფორმატის გადაცემა საღამოს 9 საათზე და თანაც, არასამუშაო დღეს გადის ეთერში. პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი ფორმატის გადაცემები ამერიკასა და რუსეთშიც სამუშაო დღეს გადის ეთერში.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები