მსახიობ ეკა ჩხეიძის ოჯახში წიგნებს ძირითადად ის და მისი უფროსი შვილი ინანო იძენენ. "ძირითადად თეატრთან დაკავშირებულ წიგნებს ვყიდულობ. ამას წინათ შექსპირის ტომეული შევიძინე. უძველესი გამოცემაა, ტყავში ჩასმული, გაყვითლებული ფურცლებით. XIX საუკუნის დასაწყისის გამოცემებია. მათ მოხუცი ქალი ყიდდა. ფული სჭირდებოდა და ძალიან გაუხარდა, როცა მის ძველსა და ნახევრად დახეულ წიგნებს მყიდველი გამოუჩნდა. დღესდღეობით, როცა წიგნს ვიძენ, ვფიქრობ ჩემს შვილზე, 10 წლის დათაზე, რომელსაც მინდა ნელ-ნელა კითხვა შევასწავლო. მას ახლახან დავაწყებინე ეგზიუპერის "პატარა უფლისწულის" კითხვა რუსულ ენაზე. საერთოდ, მინდა დათამ რუსულ ენაზე კითხვა ისწავლოს. "პატარა უფლისწული" მოსწონს და ეს ძალიან მიხარია", - აღნიშნა ეკამ საუბრის დასაწყისში.
- დღეს ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ჩემს ოჯახში ტელევიზორს არავინ უყურებს. ინფორმაცია მაინტერესებს თუ რაიმე ფილმის ყურება მინდა, კომპიუტერში ვიძიებ. სწრაფი და მარტივი ხერხია ამა თუ იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩემს შვილს საშინაო დავალებას რომ აძლევენ, მის მოძიებას ინტერნეტში სთხოვენ. სიტყვას მიუთითებ, შესაბამის ტექსტს ამოაგდებს და იქ ყველაფერი კომპაქტურად წერია. მარტივია და ახალ თაობას ბიბლიოთეკაში ჯდომას, გასაგები მიზეზების გამო, ასე ურჩევნია.
- თქვენ თუ გიწევდათ ბიბლიოთეკაში სიარული?
- არა, თუ რამე მჭირდებოდა, სახლში ყოველთვის გვქონდა. სტუდენტობის დროს თეატრალურ ინსტიტუტში რაც გვჭირდებოდა, იქვე ბიბლიოთეკას მივმართავდით. ჩემს ოჯახში ყოველთვის კარგი წიგნები და საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. ეს იყო მამაჩემის ბაბუის, გიორგი ქუჩიშვილის დროინდელი ბიბლიოთეკა. მამას მამიდა, ციალა ჩხეიძე, "ლიტერატურულ საქართველოში" მუშაობდა და მასაც უამრავი წიგნი ჰქონდა.
- ბავშვს "პატარა უფლისწულს" აკითხებთ. თქვენ ვინ გირჩევდათ ლიტერატურას?
- დედაჩემი. ალბათ უმრავლესობა ოჯახში ასეა, დედები აქცევენ ყურადღებას, რომელ ასაკში რა უნდა წაიკითხოს ბავშვმა. ბავშვობაში კითხვა უნდა დააძალო, რადგან ბავშვს ერთი სული აქვს გაკვეთილები მოამზადოს და ეზოში სათამაშოდ გავარდეს. გარკვეულ ასაკში თავად გიჩნდება წაკითხვის სურვილი. შეიძლება, რომელიმე ნაწარმოებს მოგვიანებით მიუბრუნდე. ბევრია ისეთი წიგნი, რომელიც არ მახსოვს, წაკითხული მაქვს თუ არა. ალბათ იმიტომ, რომ "უნდა" გვეკითხა. ეს ძირითადად სკოლის ასაკში წაკითხულ წიგნებს ეხება. ზაფხულობით, არდადეგებზე ინტენსიურად ვკითხულობდით. ხანდახან კითხვის პროცესში მახსენდება, რომ ის წიგნი ადრე წაკითხული მაქვს. სიმართლე გითხრათ, მეხსიერება არ მივარგა, ფილმებზეც ასე ვარ, ზოგიერთი ნანახი მაქვს და ვერ ვიხსენებ, მეხსიერებაში "ვჭედავ".
- თუმცა მეხსიერება მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტექსტის ათვისების თვალსაზრისით...
- სანამ ტექსტს დაისწავლი, ბევრჯერ კითხულობ, რეპეტიციებს გადიხარ. ცუდი მეხსიერება მხოლოდ წიგნისა და ფილმის სიუჟეტთან დაკავშირებით ვიგულისხმე.
- ბავშვობაში ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება თქვენზე რომელმა წიგნმა მოახდინა?
- ეს იყო ჰემინგუეის "მშვიდობით იარაღო", შტეფან ცვაიგის "ამოკი". ბალზაკის "მამა გორიო"...
- წიგნის კითხვისას გიტირიათ?
- არ მახსოვს, ალბათ. ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი მსახიობობაზე, ნაწარმოების კითხვის დროს მისი ერთ-ერთი პერსონაჟი აუცილებლად მე "ვიყავი". შეიძლება ყველა ასეა, არ ვიცი. წარმოსახვა იღვიძებს და ფილმივით უყურებ წაკითხულს.
- რომელი პერსონაჟი მოგწონდათ ისე, რომ გსურდათ მისი თვისებები გქონოდათ?
- ასე ვერ გეტყვით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა რაღაც პიესას კითხულობ და რომელიმე პერსონაჟის თამაში გინდება. ძალიან მინდოდა გერტრუდას როლი და ახლა ეს ნატვრა ამიხდა. მომწონდა ლედი მაკბეტიც. საერთოდ, მომწონს ძლიერი, ძალაუფლების მოყვარული ქალები, რაც ალბათ ცხოვრებაში არ მქონდა და არ ვარ ასეთი ტიპი. არასოდეს გამჩენია სურვილი, ანა კარენინა ვყოფილიყავი, არც მომწონს ეს პერსონაჟი.
- რატომ, თუ შეიძლება განვავრცოთ...
- კაცის გამო შვილს არ უნდა უღალატო, არ არის გამართლებული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს კაცსა და ქალს, ცოლსა და ქმარს შორის, მაგრამ ამას შვილი თუ ეწირება, საკუთარი განცდები უნდა დათმო. მორალივით გამოდის, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე შვილი დგას.
- პროფესიიდან გამომდინარე, თანამედროვე ქართველი ავტორების, დრამატურგების კითხვა გიწევთ. ვის გამოარჩევთ?
- აკა მორჩილაძეს. ლაშა ბუღაძეს მე რომ ვკითხულობ, არ მომწონს, თავად რომ კითხულობს, კი (იღიმის). ლაშამ კარგად იცის, რა დაწერა. მისი პიესები არასოდეს ჰგავს იმას, რასაც დგამენ. ლაშას წაკითხული უკეთესი მგონია, სხვა დამოკიდებულება და იუმორი აქვს, ლაღია.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია