ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"

ლევან ვეფხვაძე: "ივანიშვილი "დროების" სიუჟეტების გამო დაგვიპირისპირდა"

ოთხწლიანი საპარლამენტო მუშაობისა და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა, რას აპირებს ახლა და მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ნომერ მეორე, ოპოზიციაში კი ნომერ პირველ პოლიტიკურ ძალად სახელდებოდა? - გვესაუბრება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე:

- რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტის ფუნქციები შემცირებული იქნება, მას მაინც რჩება უმნიშვნელოვანესი მოვალეობები: კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება, საგარეო პოლიტიკის წარმოება, საკადრო გადაწყვეტილებების მიღება - მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ადამიანები მისი თანხმობის გარეშე ვერ დაინიშნებიან და ა.შ. მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საქმიანობა უნდა წარმართოს შედარებით მიუკერძოებელმა ადამიანმა. მე ვამბობდი და ვთავაზობდი პოლიტიკურ სპექტრს, არ დაგვეყენებინა პარტიული კანდიდატები, თუმცა ივანიშვილმა წარმოადგინა გიორგი მარგველაშვილი, რო­მელიც, ალბათ, პლატონის "სახელმწიფოს" მიხდევით შეარჩია: მოგეხსენებათ, ფილოსოფოსია და როგორც ჩანს, ფილოსოფიური მიდგომა ექნება ქვეყნის მართვისადმი. ფაქტი ერთია, ნაძალადევის არჩევნებმა დაგვანახვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს გაუჭირდა იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ", უფრო სწორად კი, ბიძინა ივანიშვილმა. ეს განაპირობა, ძირითადად, ამ კანდიდატის ღირებულებითმა სისტემამ, მარგველაშვილიც სწორედ ამ ლიბერალური ღირებულებების ერთგული და მასზე დამოკიდებული იქნება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ნაძალადევის ვარიანტი გამეორდეს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს. თუ ივანიშვილს ამგვარი გათვლა ჰქონდა, ისეთი კანდიდატი შეერჩია, რომ მეორე ტური გარდაუვალი ყოფილიყო, როგორც დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპი. მაშინ მოსაწონია მისი გადაწყვეტილება - მარგველაშვილი ნამდვილად ისეთი კანდიდატია, რომ შეიძლება მეორე ტური გახდეს საჭირო.

- მარტო მიიღებთ მონაწილეობას თუ ალიანსის შექმნას გეგმავთ და ვინ იქნება თქვენი კანდიდატი?

- ვცდილობთ, გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებით შევ­ქმნათ ფართო კოალიცია, რომელსაც საერთო კანდიდატი ეყოლება, თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ ჩვენი პარტიული კანდიდატი გვეყოლება. თუმცა ჯერ დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- რამდენიმე დღის წინ დააკავეს შს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც ბრალად სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება წაუყენეს.

- ეს მართლაც უპრეცედენტო ფაქტია. არ მახსოვს, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აქამდე დაეკავებინათ, რაც ნამდვილად მოსაწონია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავს წმენდას ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც გააგრძელებს. ის მცირე შანსსაც კი გამოიყენებს იმისთვის, რომ ის კადრები მოიშოროს, რომლებიც თავის დროზე თავს მოახვიეს. ხომ ვიცით, რომ გელა ხვედელიძე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი არასდროს ყოფილა. ისე კი ცხადზე ცხადია, რომ კოალიციის შიგნით მაინცდამაინც სიმშვიდე არ აქვთ. ღარიბაშვილმა კი ამ ნაბიჯით თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა.

- რაზე მიანიშნებთ?

- მეტი რა მინიშნება გინდათ? ივანიშვილმა ახლახან პრესკონფერენციაზე პირდაპ­ირ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თუ არ იქნება, ჩვენ შიგნით "გავიშლებითო". აი, ასეთი ტერმინი იხმარა მან, ანუ ოპოზიციაც ჩვენ ვიქნებით და ხელისუფლებაცო. როგორც ჩანს, შიგნით მართლაც არის დაძაბულობა, თუმცა ეს დაპირისპირება და კამათი ზედაპირზე რომ არ ამოდის, იმის დამსახურება ყოფილა, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ რომ ინარჩუნებს გარკვეულ პოზიციებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, მიმაჩნია, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს, რადგან მათ რაც აერთიანებთ, პრეზიდენტის პოსტია, რომლის დაკარგვის შემდეგ ნაცმოძრაობაც აორთქლდება. ვფიქრობ, ამის შემდეგ საინტერესო პროცესები დაიწყება "ქართულ ოცნებაშიც". ალბათ ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში სრულიად სხვა პოლიტიკური ვითარება იქნება.

- ბატონო ლევან, რომ არა თავის დროზე ივანიშვილის მძაფრი დაპირისპირება თქვენთან, როგორ ფიქრობთ, ასე დაეცემოდა თქვენი რეიტინგი?

- არჩევნებამდე ჩვენი რეიტინგი ივანიშვილის კვლევებშიც კი 6%-მდე იყო. მაგრამ არჩევნებამდე ორი კვირით ად­რე, იმ ცნობილი ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ყველაფერი აირია. მართლაც მოხდა ისე, რომ "შუა გაიკრიფა" და ჩვენი ელექტორატიც "ქართული ოცნებისკენ" წავიდა. რაც შეეხება ივანიშვილის ჩვენთან დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ ამას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. როგორც ჩანს, ჩვენ მიმართ წყენა გაცილებით ადრე გაუჩნდა, ვიდრე საერთოდ გადაწყვეტდა პოლიტიკაში მოსვლას. კერძოდ, ამის მიზეზი "დროებაში" მის შესახებ მომზადებული სიუჟეტებია, საქმე ეხებოდა ე.წ. ამერიკულ სოფელს: ჩვენ მიერ მომზადებული მასალების შემდეგ ის იძულებული გახდა, დიდი კომპენსაციები გადაეხადა დაზარალებულებისთვის, რასაც არ აპირებდა. მაშინ მას აქტიურად უპირისპირდე­ბოდა ერთ-ერთი გამოცემა, სავარაუდოდ, ეგონა, რომ ჩვენ ერთი თამაშის მონაწილეები ვიყავით. მინდა დავარწმუნო, რომ ეს სიუჟეტები გავაკეთეთ ისევე, როგორც გადაცემები გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვათა შესახებ, ანუ ჩვენ ვცდ­ილობდით წარმოგვეჩინა იმ ად­ამიანების ინტერესები, რომ­ე­ლთაც უსამართლოდ მოექცნენ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები