ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

ნინო ჩხეიძის მეუღლე ივანიშვილს - "გამოუშვით უსამართლოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია"

მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას სთხოვს.

"მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მოგიწოდებთ გადახვიდეთ ისევ ქველმოქმედების რეჟიმში, რითიც დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანაში ქველმოქმედის სახელს საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ნუ აყვებით ამ ვაი პოლიტიკოსების დაუცხრომელ ვნებებს – რომელიც გამოიხატება მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე (მათი სიწუწკის ამბავი ჩემზე მეტად თქვენ გეცოდინებათ), ბოღმაზე, თავისი წარუმატებლობის მთელ ქვეყანაზე გადაბრალებაზე. თქვენი მოღვაწეობის დასაწყისში დაპირდით ქვეყანას რომ გადახვიდოდით სამოქალაქო სექტორში და დაიცავდით თითოეული ადამიანის უფლებებს, გააკრიტიკებდით მთავრობას. მე მგონი უკვე დროა გადადგათ ეს ნაბიჯი და წინასაარჩევნოდ შეიყვანოთ პოლიტიკური ბრძოლა სამართლიან გარემოში ტენდენციურობის გარეშე და დარჩით თუნდაც მიუკერძოებელი მეტრი ამ სამართლიანი გარემოს შენარჩუნების.

მოგიწოდებთ გამოუშვით უპირველესი პოლიტიკური მოთამაშეები ციხიდან. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, გწამთ, რომ ეს ადამიანები მართლა ქვეყანაში სტაბილურობის, პატრიოტიზმის, მშენებლობის ფორპოსტები იყვნენ. იმასაც ხედავთ, რომ დღევანდელი სამთავრობო გუნდი, რომელსაც მიანდეთ ქვეყნის მართვა ვერ უმკლავდება ელემენტარულ პრობლემებსაც კი, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, გაიარეთ ხალხში, განახევრებულია იმ ადამიანების იმედები, რაც თქვენი მოსვლით იყო განპირობებული ქართულ პოლიტიკაში. მეორე ნახევარი კი ისევ ელოდება, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი არ უგრძვნია წინსვლის, მაგრამ მაინც გელოდებათ. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და წარუმატებელი პროექტებით, ეს ლოდინი ხანმოკლე აღმოჩნდება.

კმაყოფილი გყავთ მხოლოდ ქუჩიდან მოსული ყოველგვარი პროფესიული შერჩევის და კონკურენციის გარეშე მოსული ვაი პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან გადამეტებით იყენებენ იმ ფუფუნებას რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

ჩემდა სამწუხაროდ ყველა სისტემაში, დაწყებული სასამართლოდან დამთავრებული ძალოვანი სტრუქტურებით თქვენმა მთავრობამ დატოვა თანამდებობებზე ყველაზე მარგინალი, სისასტიკით ცნობილი ძველი მთავრობის გადმონაშთები, რომლებმაც მოახერხეს გამყიდველობის, თავიანთი არამდგრადობით აწყობილი სამსახურების დანგრევა, ეს ადამიანები ზუსტად იგივეს დამართებენ თქვენს ხელისუფლებას რაც წინას დამართეს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ დავუთმობთ ამ 25 წლიან სისხლიან, დამანგრეველ ცრემლიან ისტორიას, რომლითაც ასე თუ ისე შევინარჩუნეთ ეს ქვეყანა, სიმბოლოები სახელმწიფოსი, დამოუკიდებლობა. ხშირად ბრაზდებით როდესაც ამას აჟღერებენ, დარწმუნებული ვარ თქვენც ქართველი ხართ და გინდათ კარგი თქვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ფაქტები და რელობა სამწუხაროდ სხვა რამეზე მეტყველებს. ამუშავებულია რუსული აგენტურული ქსელები, თქვენამდე სხვა ინფორმაცია მოდის.

გამოუშვით უსამართლოდ და უსაბუთოდ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, გამოუშვით პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ომში იყვნენ, და იბრძოდნენ, ჩემი, თქვენი და ყველა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. დღეს და ღამეს ასწორებდნენ რომ შემდგარიყო ეს ქვეყანა.

მიეცით საშუალება დასხდნენ დებატებში დღევანდელ ხელისუფლებასთან და გაირკვეს მტყუან–მართალი. ბევრი უტყუარი ვიდეო–აუდიო მტკიცებულებები არსებობს, სადაც გაირკვევა სიმართლე, ნებისმიერ პროცესზე. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, უსასრულო არავინ არ ვართ ამ ქვეყანაზე. მოახდინეთ რევოლუცია თქვენს თავში და დარჩით სამართლიანი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, ნუღარ ჩაერევით თქვენი რეიტინგით რომელიც დაგროვებული გაქვთ მრავალწლიანი ქველმოქმედებით (ჩემი სუბიქტური აზრით ქველმოქმედი და სასულიერო მოღვაწე არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საერო საქმეებში, ეს იმაზე მეტი სიკეთეა, რაც კი რამე შეიძლება გააკეთოს ვინმემ) პოლიტიკურ პროცესებში, მიეცით საშუალება ყველა ძალას დააანახონ ხალხს და ერთმანეთს თავიანთი რეალური სახე და არა გაბერილი, ცრუ პიარზე აწყობილი მონსტრების იმიჯი, რასაც ამტკიცებს ყოველ დღე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი და რაც დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა. ცირკის და სანახაობის დრო დავამთავროთ და ავაშენოთ ერთად ეს ქვეყანა.

პატივისცემით გიორგი კორახაშვილი", - წერს ბიზნესმენი.