მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა

მერაბ რატიშვილმა "დათა თუთაშხიას" გაგრძელება ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა

მერაბ რატიშვილმა წერა ციხეში დაიწყო და იმავდროულად გამოიცემოდა მისი წიგნები. ალბათ ბევრს ახსოვს დარეკლამებული: "ჯუღა" და "თეთრი ლამა". ამას მოჰყვა "დაკარგული ფურცლები" და "ოდესღაც". საპატიმროს დატოვების შემდეგ ჯერ წერისთვის ვერ მოიცალა.

მერაბ რატიშვილი 1959 წლის 16 მაისს დაიბადა გორში, პედაგოგების ოჯახში. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი (ბიჭი და გოგონა) და ორი შვილიშვილი. დაამთავრა მოსკოვის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია. პროფესიით არის ეკონომისტ-ფინანსისტი, საერთაშორისო სამართლის იურისტი და პოლიტოლოგი. მუშაობდა მოსკოვის მეტრომშენში, მოსკოვის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში, მოსკოვის აღმასრულებელ კომიტეტში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მას შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებში. მუშაობდა საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატაში, დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოში, 1999 წლიდან "ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის" პრეზიდენტად. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში. დააარსა საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაცია. არის რამდენიმე ეკონომიკური პროექტის ავტორი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდამჭერი და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მეუღლის დახმარებით შექმნა პოლიტპატიმრების საიტი, რომელზეც მაშინდელი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ კრიტიკულ წერილებს და ინტერვიუებს აქვეყნებდა. მერაბ რატიშვილი საქართველოსა და საერთაშორისო ადამიანების უფლებათა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს და ამავე სტატუსით 2013 წელს გათავისუფლდა.

თავის დროზე, თუ­რმე, მერაბ რატიშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა. სპექტაკლებს მეზობლებთან ერთად დგამდა, საკუთარი მოგონილი პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში ან დირექტორი იყო, ან მეფე. თეატრით გატაცებულმა მუშაობა გორის დრამატულ თეატრში მსახიობად დაიწყო. ერთხელაც თეატრში მივიდა წერილი, მას ფილმში "დიუმა კავკასიაში" მონაწილეობის მისაღებად იწვევდნენ, თუმცა ეს ფურცელი დაუმალეს, რადგან თეატრში იმ დროს ახალ სპექტაკლზე რეპეტიციები ჰქონდა და მისი კინოში გაშვება არ სურდათ. მოკლედ, კინოში გადაღება არ მოხერხდა, მოგვიანებით თეატრსაც ჩამოშორდა და მოსკოვში სასწავლებლად გაემგზავრა. შემდეგ მისმა ცხოვრებამ სხვა მიმართულება მიიღო და ახალგაზრდული გატაცებაც წარსულს ჩაჰბარდა...

-  ბატონო მერაბ, წერა როდის დაიწყეთ?

-  მგონი, ეს ამბავი ჯერ არსად მითქვამს. წერა ყოველთვის მიტაცებდა, ჩანახატებს, პიესებს, მოთხრობებს ვწერდი. სტუდენტობის დროს მოსკოვში ქირით ვცხოვრობდი. ქირის დიდი ვალი დამიგროვდა. არ ვიცოდი რა მექნა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. იმ ბინაში ვინახავდი ჩემს ნივთებს, მათ შორის ჩანაწერებს და ერთხელაც იქ აღარ მივედი. ის ვალი, რაც მქონდა, ჩემს ტანსაცმელზე მეტი იყო და აღარ მივედი. ასე დაიკარგა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩანაწერებიც. მათზე გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ წერა ჩემი ბედი არ იყო.

-  ბინის მეპატრონე არ გეძებდათ?

-  არა, ეტყობა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ბინას მალე მიაქირავებდა სხვას (იღიმის).

-  შემდეგ წლები ისე გავიდა, არაფერი დაგიწერიათ?

-  დიახ. სწავლა, მუშაობა... მე და ჩემს მეუღლეს მიყოლებით გაგვიჩნდა შვილები და მოგეხსენებათ, ოჯახი თავისას ითხოვს. თეატრში სპექტაკლებზე სიარულსაც ვეღარ ვახერხებდი. ჩემთვის ხელოვნებასთან დისტანცირებული ცხოვრება დაიწყო, ერთი პერიოდი ამას განვიცდიდი, მაგრამ შემდეგ უკვე არა. ვერ გეტყვით, რომ ცხოვრება უინტერესო იყო, პირიქით, უბრალოდ, შორს ვიყავი ხელოვნებისგან და ამას შევეგუე კიდეც. 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი, როცა ციხეში აღმოვჩნდი. 2007 წლის 26 ოქტომბერს დამაკავეს. გამოვიარე რამდენიმე ციხე. ორთაჭალის, გლდანის და 2008 წლის 29 თებერვალს რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადამიყვანეს. მერე ჩატარდა სასამართლო, თუ ამას სასამართლო ჰქვია და სულ სიცილ-ღიმილით მომისაჯეს ცხრა წელი.

-  მახსოვს, მანამდე გოლფის კლუბის დაარსებას გეგმავდით...

-  დიახ, 2004 წელს საქართველოში ჩამოვედი, გოლფის ეროვნული ასოციაცია შევქმენი და დავიწყე გოლფის მოედნის მშენებლობის დაპროექტება. პრეზენტაციაც მქონდა, მაგრამ მცხეთაში ის ტერიტორია ჩამომართვეს, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი. ახლა ამ საკითხს ღიმილით ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ მაინც დავიბრუნებ ყველაფერს. ქართლელი კაცი ვარ, სიჯიუტე მახასიათებს. სიჯიუტე და პრინციპულობა და-ძმანი არიან. თუ პრინციპული ხარ და არ გაქვს სიჯიუტე, პრინციპულობას მალე დაგაკარგვინებენ. თუ მხოლოდ ჯიუტი ხარ, მაშინ ტეტია გამოდიხარ (იღიმის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს