მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"

მარიამ გაფრინდაშვილი - "ზუსტად ვიცი, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიაში ვმუშაობ"

''რუსთავი 2'' -ში 2009 წლიდან მუშაობს, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ''კურიერის'' საეთერო ჩართვებში ჩანს. მისი კარიერული გზა საკმაოდ მოკლეა და სწორედ ამიტომ იკავებდა თავს ინტერვიუსგან მარიამ გაფრინდაშვილი, თუმცა მისი დათანხმება მაინც მოვახერხეთ. უცნაურია, მაგრამ სერიოზული გამოცდილება მიტინგების დროს მიიღო, რაც, წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, არ დაგვკლებია, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაფერი წინ აქვს.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ტელე-რადიოჟურნალისტიკა. შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, დოკუმენტური კინოს რეჟისორიც ვარ. სულ ვამბობ, რომ ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი, ხშირად ვაცდენდი. ჩემი ლექტორი იყო ნინო შუბლაძე. 2008 წელს გამოცდები ახლოვდებოდა და ლექციაზე რომ მივედი, სწორედ იმ დღეს თქვა ნინომ, რომ ტელევიზიაში პრაქტიკა უნდა გაგვევლო. როდესაც ამის სურვილი გამოვთქვი, ნინომ მითხრა, შენ არ იმსახურებო. კიდევ ვიმეორებ, ცუდი სტუდენტი ვიყავი (იღიმება).

- როგორ გახსენდება პირველი გადაღება?

- პირველი სიუჟეტი ალბათ ნებისმიერ ჟურნალისტს ახსოვს. ჩემი პირველი სიუჟეტი ეტიუდების ფესტივალზე იყო და ძალიან ბედნიერი წავედი გადაღებაზე, რადგან როცა ''კურიერში'' სიუჟეტი გაქვს, უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. მოვიტანე მასალა, დავწერე ტექსტი და სიუჟეტი ექვსსაათიანი საინფორმაციოსთვის უკვე მზად იყო. ავედი ნიუსრუმში და ველოდებოდი მის ეთერში გასვლას, მაგრამ არ გავიდა. მერე გაირკვა, რომ სერვერს შეექმნა პრობლემა და ბოლო წუთს გახდა ცნობილი. პირველ სიუჟეტზე ძალიან ვინერვიულე და არ გამიმართლა. შემდეგ გადაღებაზე ''რუსთავი 2'' -ის ნიუსრუმში ვიჯექი, როდესაც იკითხეს, იმ დღეს გადაღებაზე ვინ წავიდოდა. სურვილი გამოვთქვი, მაგრამ მანამდე მიკროფონიც არ მჭეროდა ხელში. დღესაც მახსოვს, რომ წიგნის პრეზენტაციაზე მივდიოდი. არანაირი გამოცდილება არ მქონია. დედას დავურეკე, რომელსაც ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ აქვს და ვკითხე, რა უნდა მეკითხა რესპონდენტისთვის. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი. ''კურიერის'' ოპერატორები არიან ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან არარეალურად მეჩვენებოდა მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ტელეეკრანიდან ვიცნობდი (იღიმება). ასე მოვხვდი ტელეჟურნალისტიკაში და მალე მივხვდი, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყოფნა მომწონდა. დღეს ''კურიერი'' ჩემი სახლია, სადაც ვცხოვრობ.

ღატინგ

- შემდეგ როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?

- ამას მოჰყვა 2009 წელს ცნობილი კარვების აქცია რუსთაველზე. სამი თვის განმავლობაში ყოველდღე იქ ვიყავი. ღამეებს ვათენებდი. აგრესიული აქციონერებიც იყვნენ, მაგრამ იმდენად ხშირად ვიყავი, რომ ბოლოს ბევრ მათგანთან ვმეგობრობდი, აღარ მეჩხუბებოდნენ.

- პირველად ჩართვაზე როდის დადექი?

- 2011 წელს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს რიყიდან მქონდა ჩართვა. წინა დღეს პროდიუსერმა გამაფრთხილა, რომ მეორე დღეს ჩართვა მექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, მთელი ღამე არ მეძინა. ჩართვაზე საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. მინდოდა, იმ დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვერც ეს მოვახერხე. მაშინ ძალიან დამეხმარა ოპერატორი ნიკა ლეჟავა და როდესაც მოვრჩი ჩართვას, იმდენად ვნერვიულობდი, რიყეზე გზაზე დავჯექი და ერთი საათი ვერ ვდგებოდი. ერთადერთი, დღეს რატომაც ვარ ჟურნალისტიკაში, ''კურიერის'' გუნდის დამსახურებაა. მიზანდასახული ვარ, მაგრამ თუ გარემო არ მომწონს, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

- ბოლო დროს ძალიან ხშირად ჩანხარ ეთერში.

- შემთხვევით ხდება ასე, შეიძლება, რაღაც ამბის გასაშუქებლად წავიდე, რაც იმ წუთას მნიშვნელოვანი არ არის და საღამომდე პირველი ჩართვის ამბად იქცეს. ორ კვირას მომიწია ქუთაისის პარლამენტში მუშაობამ და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მანამდე ამ კუთხით გამოცდილება არ მქონია.

- სახელებისა და გვარების დამახსოვრების პრობლემა არ გქონია?

- ახლა აღარ, თუმცა იყო პერიოდი, რომ მიჭირდა. ერთი ძალიან ცნობილი ამბავია, ეს ვიდეო საახალწლო კურიოზებშიც გავიდა. 2009 წლის აპრილის აქციებზე გია ბურჯანაძეს ვწერდი, რომელიც ძალიან მეჩხუბა და ცოტა ვიკამათეთ. უცებ მივმართე, ქალბატონო გია-მეთქი. მაშინ ძალიან გაბრაზდა და მეჩხუბა. ერთხელ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესთან ერთად ვერთვებოდი, წარდგენისას სახელი დამავიწყდა და რამდენჯერმე ვახსენე, მინისტრის მოადგილე-მეთქი, თუმცა გვარი მახსოვდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები