რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განქორწინებას საკუთარ ბლოგზე გამოეხმაურა.
"პოლიტიკოსის ოჯახი (მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფო მოღვაწეა თუ ოპოზიციონერი) - ეს არის ინფორმაციის საწყობი მის შესახებ. ყველა ქვეყანაში პირველი პირები - მოდის პირველი კანონმდებლები არიან. ასე რომ, ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მან არა მხოლოდ თავისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებები გაგვანდო, არამედ პირველად ისაუბრა საკუთარი შვილების შესახებ, იმაზე, რომ ორივე მათგანი რუსეთში სწავლობდა. შესაძლოა, მალე, ბოლოს და ბოლოს, მათი სახეებიც ვიხილოთ და მათ ცხოვრებაზე რამე გავიგოთ. ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება, მაგალითად, კონკრეტულად რომელ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ ისინი. დავნიძლავდეთ, იქ კონკურსი მაშინვე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა თქვა, ქვეყანაზე ვარ დაქორწინებულიო, ქვეყანა ყოველთვის იოცნებებს პირველ ლედიზე, რომელიც ძალიან გვაკლია - საჯარო, ღია და უშუალო, რომელიც აღგაფრთოვანებს, როგორც მაგალითად, კარლა ბრუნი და მიშელ ობამა”, - წერს კანდელაკი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი მეუღლეს, ლუდმილა პუტინას დაშორდა.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.