ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია

ვისთან იკერავს კაბებს გიული ალასანია

მაკა ნაცვლიშვილი მრავალი წელია, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს. ოცდაათწლიანი საქმიანობა საშუალებას აძლევს, ამ თემაზე თამამად ისაუბროს. ჯერ კიდევ მაშინ, თბილისის ქუჩებში არეულობა რომ იყო და იარაღს ისროდნენ, მაკა ჩვენებებს მართავდა და იქ, იმ გარემოში, თითქოს სხვა სამყაროში ხვდებოდი. შემდეგ მხატვრობაში გადაეშვა, ორი წლის წინ პოპარტით დაინტერესდა. ორჯერ გამოფენაც ჰქონდა. ბოლო დროს ძირითადად ბანკეტის კაბების კერვითაა დაკავებული, თუმცა ერთგული კლიენტები მაინც შემორჩნენ.

მაკასთან იკერავენ ლიკა ქავჟარაძე, ექიმი ციცინო შურღაია, პრეზიდენტის დედა - გიული ალასანია. მის მიერ შექმნილი სამოსი ქვეყნის პირველი ლედის გარდერობშიც ინახება.

- 1983 წლიდან ვმუშაობ ამ სფეროში და თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება მაქვს. თავიდან კერძო პრაქტიკას გავდიოდი. შემდეგ იყო მოდის სახლი "ირიდა". მოგვიანებით საკუთარი სტუდია "ნოემა" დავაარსე. პირველი სატელევიზიო შოუები, ჩვენებები ჩემს სახელს უკავშირდება. 2007 წელს პანამის მერის მიწვევით მოდის ფესტივალზე სტუმრის სტატუსით ვიყავი, სადაც ჩემს კოლექციას ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. მთელი ცხოვრება ძირითადად დიზაინერად ვმუშაობ, მაგრამ აკადემია მაქვს დამთავრებული და ვხატავ. ბოლო ორი წელი ჩემს შემოქმედებას პოპარტი დავამატე და ორჯერ გამოფენაშიც ვმონაწილეობდი.

- დღეს როგორ შეაფასებდით მოდის სფეროს საქართველოში?

- ბევრი ეტაპი გაიარა, მაგალითად, "ირიდას" პერიოდში საქონელიც არ იშოვებოდა და თუ რამე სიახლე გქონდა, ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იღებდი. მაშინ ძალიან კარგი მოდელების ჯგუფი შეიკრიბა, ქეთი ქობულია, ლიკა ქავჟარაძე, მაია კანკავა. ფრანგულ "ვოგში" გაჟღერდა ჩვენ შესახებ, სლავა ზაიცევი ჩამოვიდა, რომ ჩვენი წამოწყება ენახა. შოურუმს რომ ვაწყობდით, საღამოს უკვე კოლექცია აღარ იყო, ყველაფერი იყიდებოდა. 90-იან წლებში, როდესაც საკუთარი სტუდია ჩამოვაყალიბე, ქალაქში არაფერი ხდებოდა, ისროდნენ. ხომ იცით, როცა ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან და ამ დროს თბილისის ბომონდი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენებებს ესწრებოდნენ. მძიმე პერიოდი იდგა, ქვეყანაში ომი იყო და ჩვენ ერთ სივრცეში ვიყავით შეყუჟულები, სადაც ძალიან კარგი გარემო იყო. შემდეგ კომერციულ ხაზს ავცდი და შემოქმედებაში გადავიჭერი.

- რამდენად ჯანსაღია კონკურენცია მოდის სფეროში დღეს? ძალიან ბევრი ახალი დიზაინერია საქართველოში.

- მხოლოდ სამხატვრო აკადემია ყოველ წელს ორმოცამდე დიზაინერს უშვებს და როგორ შეიძლება, სამმილიონიან ქვეყანას ყოველ წელიწადს ორმოცი ახალი დიზაინერი სჭირდებოდეს. კოლეგიალობას ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ჩემი ხედვა და გემოვნება მაქვს. ამ თაობიდან ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვა, სალომე ტყაბლაძე და კიდევ რამდენიმე. ჩვენი პროფესიისთვის აუცილებელია ხარისხი.

- ქართველ დიზაინერებზე ხშირად ამბობენ, რომ ლილოში ნაყიდი ქსოვილებით კერავენ.

- ლილოს ვერც ერთი დიზაინერი ვერ აუქცევს გვერდს, მაგრამ ერთადერთ წყაროდ არ უნდა იქცეს. იქაც არის სხვადასხვა ფასის ქსოვილები, შენ უნდა იცოდე, რას ყიდულობ. საერთოდ, დიდი უბედურება არ არის, რომ დიზაინერი ლილოში წავიდეს ქსოვილის შესაძენად, მაგრამ ისეთი ხარისხის უნდა იყიდოს, რომ თავმოყვარეობას არ გადააბიჯოს.

- საქართველოში ჩატარებულ მოდის კვირეულებს როგორ შეაფასებდით?

- მოდის ორი კვირეული აბსოლუტურად ზედმეტი იყო, რადგან საქართველოს არ გააჩნია მოდელებისა და დიზაინერების ამხელა რესურსი. მართალია, ახლა ერთი გაუქმდა, მაგრამ იმდენი წელი იბუქსავეს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქართულ მოდას სახელი გაუფუჭეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია