კათოლიკოს-პატრიარქი და დავით უსუფაშვილი წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე საუბრობენ

კათოლიკოს-პატრიარქი და დავით უსუფაშვილი წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე საუბრობენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას შემოქმედება განიხილეს. ღონისძიება ახალგაზრუდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბ "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით მოეწყო. წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შაბათი დღე კითხვის დღედ გამოცხადდა.

დღევანდელი ღონისძიების დაწყების წინ ახალგაზრდებმა ბიბლიიდან ერთი თავი წაიკითხეს. ამის შემდეგ განიხილეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს ვაჟა-ფშაველას წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი".

სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ლექსებიც წაიკითხეს. შეკრებილ საზოგადოებას ვაჟა-ფშაველას პოეზია პოეტმა დავით მაღრაძემ გააცნო. მისი შეფასებით, ყველაზე მარტივი წამალი სიბნელის გასაფანტად წიგნიერებაა.

დავით მაღრაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთარი ლექსების კრებული უსახსოვრა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას ინიციატივისთვის, რომლის თანახმადაც, შაბათის დღე წიგნის კითხვის დღედ გამოცხადდა.

უსუფაშვილის განცხადებით, პატარა, დიდი, მგოსანი, მწერალი და მკითხველი ყველა ერთად შეკრა უწმინდესის ამ ინიციატივამ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უნდა ვიკითხოთ მეტი და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ წიგნთან.

მისივე თქმით, კარგია კომპიუტერი, მაგრამ წიგნს ვერასოდეს, ვერაფერი შეცვლის და ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.

"მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უფიქრია და რა დაუწერია სხვას. მისი უწმინდესობა ხშირად გვარიგებს, რომ ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, წიგნის კითხვა ეს არის სწორედ მოსმენა, როცა დავრჩებით მარტო წიგნის ავტორთან, რომელიც ჩვენ გვესაუბრება, სწორედ აქ იქმნება და ვითარდება მოსმენის კულტურაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სასთუმალთან უკვე ორი კვირაა, რაც ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები უდევს. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა, რომ მოხერხდეს და ყოველ შაბათ დღეს ორი-სამი პარლამენტარი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმროს და ერთად მოხდეს წიგნების კითხვა.

ამასთან, როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ქართველებს მუდამ გვახასიათებდა მწიგნობრობა. მისივე თქმით, ქართველ მეფეებს ომში წიგნები მიჰქონდათ.

"მე ვფიქრობ, უნდა შეიქმნას განწყობა, უნდა იყოს გამოყენებული უზნაძის განწყობის თეორია, რომ ჩვენ შევიყვაროთ წიგნები. მე წამოვაყენე იდეა, რომ "განწყობის თეორიას" დავუდგათ ძეგლი. შეიძლება დადგეს დრო, რომ უცხოეთის რომელიმე ქვეყანამ მიითვისოს განწყობის თეორია", - განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ყოველი ადამიანი გენიალურია, მაგარამ ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი.

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს